სიახლეები

ნერვების ომი მედიაში

05.09.2012 • 1421
ნერვების ომი მედიაში


 

 თამარ, უშიშროების საბჭოს მდივანმა AP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ, კონკურენტი რეპორტიორები არიან და მათ მიბაძეს ოპოზიციური მედიასაშუალების აგრესიულ მეთოდს. ეს ახალი ტაქტიკა თავად „ინფო 9“-მ დანერგა და მერე ამაზე ასე ირეაგირეს,  გადაიღეს მათი ქცევა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან“. გიგა ბოკერიასაქვს თუ არა ამ განცხადების გაკეთების უფლება? 

 

 

როდესაც ბოკერია ამბობს, რომ ის ვერ ხედავს დანაშაულს „ინფო 9“-ს ჟურნალისტის,ეკატერინე დუგლაძესთან დაკავშირებით, ეს არის მწვანე შუქი იმისათვის, რომ საქმე არ გამოიძიონ.

 

 
ის არ არის უფლებამოსილი პირი,ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. როდესაც ის სუბიექტურ შეფასებას აკეთებს, არღვევს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, რადგან სახელმწიფო უშიშროება ეს არის სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება. ის არ არის პარლამენტის წევრი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს მსგავსი აზრი. მაგალითად, გოკა გაბაშვილი, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრს, მასთან დაკავშირებით ასეთ შეფასებას არ ვაკეთებთ, რადგან ის არის პოლიტიკოსი და მას სიტყვის თავისუფლება მაღალ რანგში აქვს დაცული. უშიშროების საბჭოს მდივანს კი მსგავსი ტიპის გამოხატვის უფლება არ აქვს – მისი ყოველი ასეთი გამოხატვა შეიძლება ჩაითვალოს მედიაზე ზეწოლად. 

არის თუ არა ბოკერიას ეს განცხადება იმის დასტური, რომ მედიაჯგუფი ხელისუფლებამ შექმნა?  

 

საზოგადოებამ ზუსტად იცის, ვინ აფინანსებს „ინფო 9“-ს – დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდო ამ საქმეში, ლამის ყველა სოფელში თითო წარმომადგენელი ჰყავთ. „ინფო 9“ არ მალავს, საიდან აქვს ფინანსური წყარო, რაც ყველასთვის ნათელია, მაგრამ გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ამდენი კარგად აღჭურვილი მედიაჯგუფი, რომელიც „ინფო 9“-ის ყველა ჟურნალისტს თან დაჰყვება. მათ არ აფინანსებს არც ივანიშვილი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, მაშინ საიდან ამდენი კამერა- მიკროფონი, ტრანსპორტი, საწვავი, ხელფასი. ეს ყველაფერი ხომ საიდანღაც მოვიდა. და ვინ იღებს ამით სარგებელს? აი, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები არიან. 

 

 ეკატერინე დუგლაძეს მედიაჯგუფის წევრები ეჭრებიან პირად ცხოვრებაში პატარა შვილთან ერთად სეირნობის დროსაც კი, შეურაცხყოფენ სიტყვებით,  – „ფუ, რას გავხარ, შენ ვინ წაგიყვანს ცოლად“. არის თუ არა ეს რაიმე სახის სამართლებრივი დარღვევა და რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, ამისგან თავი რომ დაიცვას?

 

 უშიშროების საბჭოს მდივნის ინტერვიუში კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება თითქოს არ ერევა არაფერში და გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია. თუმცა აქ არც ისე მარტივად არის საქმე – გამოხატვის თავისუფლების დაცვა გულისხმობს იმას, რომ სადაც საჭიროა ხელისუფლება უნდა ჩაერიოს. ჟურნალისტებს 24 საათის განმავლობაში დასდევენ, უვარდებიან სახლში, მათი პირადი ცხოვრება ხელყოფილია, არ აძლევენ მუშაობის, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ამას ემატება მათი არაეთიკური ამორალური რეპლიკები. ამ ფონზე ვერც ერთი ადამიანი თავის სამსახურებრივ მოვალეობას სრულყოფილად ვერ შეასრულებს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ზეწოლა არ არის მარტო ფიზიკური. როცა ჟურნალისტს ურტყამენ, მარტივია თქმა – არ უნდა დაარტყა. მაგრამ როცა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, ეს უფრო ღრმა პრობლემაა.

 

შეიძლება ამას ვუწოდოთ მედიაში ნერვების ომი. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ „მაესტროსა“ თუ „ინფო 9“-ის ჟურნალისტები ამას ვეღარ უძლებენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ „მაესტროს“ ჟურნალისტის ნანა ფაჟავას ფაქტი, როდესაც მას უმტყუნა ნერვებმა, გადალახა ზღვარი და მიკროფონი მოიქნია. ის დაუყოვნებლივ დაიბარეს დაკითხვაზე, სამაგიეროდ, როდესაც „ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პოლიციას, მათ არავინ ეკითხება, რა ტიპის ზეწოლას განიცდიან. ფაჟავას სიუჟეტის ყურებისას მე გამიჩნდა შეგრძნება, რომ მას უნდა მოეთმინა, მაგრამ რატომ უნდა ითმინოს ყოველთვის „ინფო 9“-მ და „მაესტრომ“?!

„ინფო 9“-ის ჟურნალისტები მიმართავენ პროკურატურას, საკანონმდებლო ორგანოს… ყოველი კონკრეტული საკითხი უნდა შეისწავლონ და უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამას აკეთებს. ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს გონივრულობა და დაკითხოს ეს ხალხი – ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაუნდა დააყენოს. 

 

 როცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე?

 

გიგა ბოკერია ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ „ინფო 9“- ს ჟურნალისტები ცუდად იქცევიან. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავმიჯნოთ: „ინფო 9“-ს რესპონდენტი არის ხელისუფლება, საჯარო მოხელე, მედიაჯგუფი კი დასდევსჟურნალისტებს. ნებისმიერი მედიის როლი არის ხელისუფლების კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვა. შესაბამისად, „ინფო 9“-ს შეუძლია ასეთი მეთოდები გამოიყენოს, მით უფრო, რომ ეს ჟურნალისტები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგალითად, გამგეობის თანამშრომელზე. მედიაჯგუფების ინტერესის საგანი კი არ არის ხელისუფლება, არც ადამიანი, ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, მათი ნერვების მოშლით არიან დაკავებულები. 
ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტების პირველი ფუნქცია არის იმის კონტროლი, თუ როგორ იცავს ხელისუფლება ადამიანის უფლებებს, სხვა ყველაფერი მეორადია. შესაბამისად, მთავარი წყალგამყოფი ამ ორი ჯგუფის საქმიანობაში არის ის, რომ „ინფო 9“ მიკერძოებულად თუ მიუკერძოებლად ასრულებს მედიის ფუნქციას – ცდილობს აკონტროლოს ხელისუფლება და ადამიანის უფლებები, რომლის დაცვაც ხელისუფლების მოვალეობაა. მედიაჯგუფი ამას არ აკეთებს.

 

ხელისუფლება არ ამბობს, რატომ არ არის ეკატერინე დუგლაძის შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. თუ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არც ერთ არგუმენტს არ წარმოადგენს, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს თავის მოვალეობას. ამ ფონზე შეუძლებელია ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ ის ხელს უწყობს მედიაგარემოს გაჯანსაღებას.

 

 

რა შეცვალა „ინფო 9“-ისა და მედიაჯგუფის გამოჩენამ ქართულ ჟურნალისტიკაში? 

 

ვიღაცის აზრით, „ინფო 9“ არის მართული მედია, რადგან დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია შევაფასოთ ძირითადი წამყვანი არხები – „რუსთავი 2“ და „იმედიც“ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“  ინტერესების გამტარებლები არიან…

 

ინფო 9“-ს გამოჩენა ვიღაცისთვის შეფერხებაა საკუთარ საქმიანობაში, შესაბამისად, შეიქმნა დაბრკოლებები მის გასანეიტრალებლად გაურკვეველი წარმომავლობის მედიაჯგუფების სახით. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ამ მედიაჯგუფების შექმნას ჰქონდეს, არის ის, რომ საზოგადოება დაიბნეს და ვერ გაარკვიოს, რომელი მედია არის მართალი და რომელი – არა.  

 

ძალიან რთულია თქვა, რა არის გამოსავალი, მაგრამ ერთი უდავოა – ამ სიტუაციაში საზოგადოება დაკარგავს ნდობას მედიის მიმართ და ეგ იქნება დამანგრეველი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის: თუ საზოგადოება უკვე აღარ ენდობა მედიას, რომელიც სასიცოცხლო როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, იქ რთული იქნება დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

 

 

 ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდება საზოგადოებაში?

 

ყველაზე მეტად საზოგადოება, რომელიც ვერ ენდობა ვერავის. საზოგადოებას უჩნდება განცდა, რომ მას არავინ ემსახურება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ადგენს. კონსტიტუცია ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 
დაზარალდება მედიაც – თუ მას საზოგადოება არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ეყოლება მაყურებელი. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ მედიამ საკუთარი რეპუტაცია დაიბრუნოს.  

 

ამ ვითარებით მეტნაკლებად ხელისუფლება სარგებლობს.

ინტერვიუ გაზეთ „ბათუმელების” არქივიდან.  

გადაბეჭდვის წესი