სიახლეები

კობა დავითაშვილის და ჯონდი ბაღათურიას პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს გამოეთიშენ

03.09.2012 • 1415
კობა დავითაშვილის და ჯონდი ბაღათურიას პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს გამოეთიშენ

 ნათია ზოიძე

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია  სამ პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს. ესენია  ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, კობა დავითაშვილის   „ხალხის პარტია“  და  მამუკა  ხიმშიაშვილის  ახლად დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტი  „სახალხო მოძრაობა.“ 

რეგისტრაციას გაუქმების მიზეზი კი ის არის, რომ ამ პარტიებმა 1 სექტემბრის    დღის 18 საათისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას არ წარუდგინეს პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები. 

კობა დავითაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებდით „ქართულ ოცნებასთან“  კონკურენციას  და სიტყვა შევასრულეთ“. 

„ბათუმელების“ კითხვაზე –  მაშინ რატომ   გაიარა  რეგისტრაცია  პარტიამ უსკოში,  დავითაშვილი ასე პასუხობს:  „იყო საფრთხე, ქართული ოცნება არ გაეტარებინათ  რეგისტრაციაში და მაშინ ჩვენი მეშვეობით მოხდებოდა არჩევნებში მონაწილეობა“. დავითაშვილი  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პიროვნულად შეუერთდა, ის ბლოკის საპარლამენტო სიაშია. 

ჯონდი ბაღათურია კი მიზეზად რესურსის  საპარლამენტო არჩევნებისთვის  კონცენტრაციას ასახელებს და ასევე  ამბობს, რომ უმაღლესი საბჭო მაინც  უფუნქციოა. „ქართული დასის“ ლიდერი ასევე განმარტავს, რომ  პარტია არ წარადგენს  საპარლამენტო არჩევნებისთვის ბათუმის  ოლქში და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მურმან დუმბაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.  ის აცხადებს,  რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო  და „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები  არ განახლებულა. 

რატომ გამოეთიშა „სახალხო მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „ბათუმელებისთვის“ მიზეზი  უცნობი დარჩა. მოძრაობის დამფუძნებელი, მამუკა ხიმშიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

უსკოს ბოლო მონაცემებით  აჭარის უმაღლეს საბჭოს მანდატებისთვის 8 პოლიტიკური სუბიექტი აგრძელებს  ბრძოლას: დემოკრატიული სიმართლის პარტია; შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტური პარტია; ახალი მემარჯვენეები; საარჩევნო ბლოკი  ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება;  სამართლიანი საქართველოსთვის; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -მეტი სარგებელი ხალხს; საარჩევნო ბლოკი გიორგი თარგამაძე-ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო. 

უმაღლესი საარჩევნო კომისიას  პარტიული სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გატარებისთვის დრო 6 სექტემბრამდე აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: