კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

06.12.2016 • 4690
როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.

ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა  2015 წელს დაიწყო. ამავე  წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 ლარზე გაფორმდა და სამუშაოები 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

მერიის ა[ა]იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის ავთანდილ ბურკაძის განცხადებით, ხელშეკრულებაში, სავარაუდოდ, შევა ცვლილება და სამუშაოების დასრულების ვადა დაახლოებით მომავალი წლის ზაფხულამდე გადაიწევს: „ეს ცვლილება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ალბათ  არ შეეხება. დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს ახლა“.

სამუშაოების ვადის გადაწევა დირექტორის თქმით, პროექტში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია: „მომავალი წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპანია გაჩერებული იყო გარკვეული პერიოდი ობიექტური მიზეზების გამო. არასწორად იყო პროექტი გაკეთებული და თავიდან გადაზომვები გაკეთდა, სხვა სამუშაოებიც დაემატა“.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მშენებელი კომპანია „მამისონზე“ უკვე ქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხულია 1,3 მილიონზე მეტი ლარი, აქედან 400 ათასი ლარი ავანსად.

ბათუმის ახალი სასაფლაო / მშენებარე ადმინისტრაციული შენობა

ბათუმის ახალი სასაფლაო / მშენებარე ადმინისტრაციული შენობა

„ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურის შექმნა – სამუშაოების დასრულებისთვის“ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 443 ათას 52 ლარია გათვალისწინებული. ახალ სასაფლაოზე მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია „სასაფლაოებს“ არ აქვს. სამსახურში ამბობენ, რომ ტარიფებთან დაკავშირებით  შესაძლო ცვლილების საკითხი ბათუმის საკრებულომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

ბათუმში საფლავისთვის ტერიტორიის გამოყოფა და დასაფლავებაც ფასიანია. არსებული ტარიფებით ქალაქში [ფერიაში] ადგილის გამოყოფა 150 ლარი, დასაფლავება კი 100 ლარი ღირს. თუ ჭირისუფალს გააჩნია ადგილი, ის მხოლოდ დასაფლავების 100 ლარს იხდის. ამასთან, დასაფლავება აუცილებლად „ბათუმის სასაფლაოების“ მუშა-მესაფლავეების მიერ უნდა მოხდეს. „ფაქტობრივად ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე ადგილები არც არის. სასაფლაო დახურულია. ერთი ესაა, ხე თუ მოიჭრება ან მაგიდას აიღებს ვინმე და ასე გამოინახება ადგილი“.

ახალი სასაფლაოს მშენებლობის გარდა ქალაქის ბიუჯეტიდან „სასაფლაოების მოვლა-პატრონობის“ პროგრამაც ფინანსდება. პროგრამა ითვალისწინებს საფლავებზე მისასვლელი ბილიკების დაგვა-დასუფთავებას; გამწვანებას; ამორტიზებული ხეების მოჭრას; საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით უზრუნველყოფას; ბალახის, ბუჩქებისა და ხეების მოვლას; სასაფლაოს მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენას და სხვ.

ამავე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვა, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ურეხის სასაფლაოზე. პროგრამის ფარგლებში ხდება  მათი რეგისტრაცია და ნომრის მინიჭება. მომავალი წლისთვის გეგმით გათვალისწინებულია 20 უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ერთი მიცვალებულის დაკრძალვისთვის მერია 300 ლარს, ანუ სულ 6 ათას ლარს გამოყოფს.

მოხდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. „ბათუმის სასაფლაოები“ მომავალ წელს 4 ელექტრომობილსა და 3 ჯიპიარესის აპარატსაც შეიძენს.

ბათუმის სასაფლაოებში 66 შტატით და 5 შტატგარეშე თანამშრომელია. მათი შრომის ანაზღაურება 2017 წელს 460 ათას 400 ლარითაა განსაზღვრული.

პროგრამა 529 ათას 100 ლარით უშუალოდ ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

შემოერთებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის [შემოღობვა და სხვ.] სამუშაოებს ამ ეტაპზე შპს „მშენებელი“ ახორციელებს. მასთან „ბათუმის სასაფლაოებს“ ხელშეკრულება 255 ათას 860 ლარზე აქვს გაფორმებული. კომპანია სამუშაოებს მიმდინარე თვეში დაასრულებს.

ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში

ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: