კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ვისია ბათუმის ბულვარი

03.12.2016 • 3185
ვისია ბათუმის ბულვარი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი მეპატრონის ხელში და არც ის, მართლა ეყოლება თუ არა მას ახალი პატრონი. ასევე უცნობია, რას უნდა ელოდეს გასაუქმებლად გამზადებული ორგანიზაციის 94 თანამშრომელი.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელიც ამ დრომდე ბულვარის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამინისტრომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ბულვარის დასაფინანსებლად ერთი თეთრიც არ გაითვალისწინა, მერიამ კი ბულვარის სამართავად თავისი ააიპ-ი შექმნა. დირექტორის დანიშვნისა და თანამშრომლების შერჩევის პრეროგატივაც ახალ დაწესებულებაში მერიას ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ფინანსთა სამინისტრომ თავის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარის სამართავად თანხა აღარ გაითვალისწინა,

სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ცისკარ გოგიტიძისთვის უცნობია, ვის დაქვემდებარებაში იმუშავებს მომავალი წლის იანვრიდან. „ეს საკითხი ჯერ გადასაწყვეტია“, – ამბობს ის. შესაბამისად, ბულვარის დირექტორმა არ იცის, ვისთან ერთად უნდა შეადგინოს ბულვარის მართვა-განვითარების მომავალი წლის გეგმა და არც ის – იქნება თუ არა მომავალში ეს ყველაფერი მისი  ვალდებულება.

შეთანხმების შემდეგ, რომ 2017 წელს ბულვარი ბათუმის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდებოდა, მერიამ ბულვარის სამართავად ახალი აიპი – „ბათუმის ბულვარი“ შექმნა. 2017 წლის ბიუჯეტში ამ დაწესებულებისთვის მერიას 3 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

სსიპ „ბათუმის ბულვარში“ დირექტორის ჩათვლით 94 პირია დასაქმებული, მათგან უმეტესობა სამსახურში კონკურსის გავლით დაინიშნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ბულვარის მართვაში გადაცემის შემდეგ  სამინისტროს სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აღარ დასჭირდება და, სავარაუდოდ, ორგანიზაციის ლიკვიდაცია განხორციელდება.

„ლიკვიდაციის შემდეგ თანამშრომლები ავტომატურად გათავისუფლდებიან. არ ვიცი როგორ გადაწყვეტს მერია, გადაიყვანს ამ ადამიანებს თავის ორგანიზაციაში, თუ ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს და ისინი მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა ყველა ის სამსახური, რაც ახლა აქვს სამინისტროს სიპს, ალბათ მერიის აიპსაც დასჭირდება“, – განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის მართვაში ბულვარის გადასვლაზე მზაობა ორმა უწყებამ მთავარ საფინანსო დოკუმენტების პროექტებში ასახა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, გასულ პარასკევს, ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე ისევ იმსჯელეს. საკრებულოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ ბულვარის დაბრუნების საკითხი ეჭვქვეშ ორი მიზეზის გამო დააყენეს. საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენად საკმარისია სამი მილიონი ლარი ბულვარის სამართავად, როცა გასულ წელს ბულვარის დაფინანსება  11 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს ბულვარის  სასამართლო დავებზე მიაწოდა ინფორმაცია. ირაკლი მიქელაძის თქმით, აჭარის ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ კომპანიებს შეუსრულებელ ვალდებულებებსა და 160 ათას ლარს ედავება. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ მერიამ ბულვარი მანამდე არ უნდა დაიბრუნოს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება.

უმრავლესობის არგუმენტებს არ ეთანხმება საკრებულოს ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბულვართან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საკრებულომ უნდა მიიღოს და არა ფინანსთა სამინისტრომ ან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება დაფინანსებას, ბულვარის მართვისა და მოვლა-პატრონობისთვის 11 მილიონი ლარი მხოლოდ 2016 წელს იყო გათვალისწინებული; ამ თანხიდან 10 მილიონი ლარი ბულვარის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ჰქონდათ გაწერილი. სწორედ დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია ბულვარის დამცველების პროტესტი გასულ წელს. ამას შემდეგ ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხის გააქტიურება მოჰყვა. 2015 წელს ბულვარის ბიუჯეტი ჯამში 6 მილიონი ლარი, 2015 წელს კი 4 მილიონი ლარი იყო.

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხს ბათუმის საკრებულომ მხარი 2014 წლის აპრილში დაუჭირა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. მაშინ დავით ბალაძე აცხადებდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში ის ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო ბულვარის ადმინისტრაციაც.

შენიშვნა: სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა 28 ნოემბერს. 2 დეკემბერს კი ბათუმის საკრებულომ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ზღვისპირა პარკი ისევ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარის დაფინანსების საკითხიც უნდა აისახოს.

ამავე თემაზე:

ბულვარის ბედი კვლავ გადაუწყვეტელია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: