სიახლეები

თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

08.08.2012 • 5033
თურქული ”იშ ბანკი” ბათუმში ფილიალს ხსნის

საქართველოში თურქული „იშ ბენკი“ ფილიალს ხსნის. ბანკის პირველი ფილიალი ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნება.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „იშ ბანკმა“ ლიცენზია ბათუმში ბანკის ფილიალის გახსნის თაობაზე 2012 წლის 13 ივლისს მიიღო. ეროვნულ ბანკში ასევე განმარტავენ, რომ თურქულ უნივერსალურ ბანკს საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი 2010 წლიდან ჰქონდა და მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკი 1924 წელს დაარსდა. ბანკი აქტიურად საქმიანობს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე. საფინანსო ინსტიტუტი კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს ვაჭრობისა და სამშენებლო სექტორში.

 

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას ინფორმაციით, „იშ ბანკი” საქართველოს ბაზარზე საკმაოდ აქტიური იქნება: „პირადად შევხვდი „იშ ბანკის“ წარმომადგენლებს და გავეცანი იმ სტრატეგიას, რომლის განვითარებასაც ბანკი საქართველოს ბაზარზე აპირებს. ამ საკითხზე ბანკის წარმომადგენლები უფრო დეტალურად პრეზენტაციაზე ისაუბრებენ“.

 

ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი ფილიალს თბილისის ნაცვლად რეგიონში ხსნის. გვასალიას განმარტებით, „იშბანკმა“ აჭარა საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე შეარჩია: „ბანკის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია აჭარა. რეგიონში საინვესტიციო გარემო არის მომგებიანი. თვალში საცემია ტურისტული ზონა. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში ფილიალს დედაქალაქშიც გახსნიან. „იშ ბანკს“ 18 ქვეყანაში აქვს ფილიალები და მათი რაოდენობა 1200-ზე მეტია“.

 

„იშ ბანკის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბანკში 24 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. მისი აქტივები შეადგენს 89 მილიონ დოლარს, რაც თურქეთის ბაზრის 13,9 პროცენტია.

 

ბანკი დსთ–ს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაშია წარმოდგენილი. „იშბენკმა“ ამ ქვეყნებში მსხვილი ბანკების აქტივები შეიძინა. როგორი იქნება „იშბენკის“ სტრატეგია საქართველოში, ამ დრომდე კონფიდენციალური რჩება. საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბანკის ადმინისტრაცია სტრატეგიის შესახებ თავად ისაუბრებს.

 

თურქული „იშბენკის“ შემოსვლამდე, საქართველოს ბაზარზე, 2012 წლის მაისში გერმანული „კომერცბანკი“ შემოვიდა. ბანკმა ჯერჯერობით, მხოლოდ წარმომადგენლობა გახსნა და ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. გერმანულ `კომერცბანკს~ წარმომადგენლობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში აქვს და 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. რაც შეეხება კორპორატიულ კლიენტებს, გერმანიაში მათი რიცხვი უკვე მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის „კომერცბანკი“ 1200-ზე მეტი ფილიალის მფლობელია. გერმანული ბანკი ადგილობრივ ბაზარზე „ბაზის ბანკთან“ თანამშრომლობს. 2011 წელს „კომერცბანკმა“ „ბაზის ბანკს“ სავაჭრო ოპერაციებისთვის 500 000 ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო.
ახლახან საქართველოს ბაზარი დატოვა ბრიტანულმა ბანკმა HSBC -იმ. ბანკის თბილისის ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი 2012 წლის 18 ივლისს დასრულდა. ბანკი მხოლოდ კორპორაციულ ბაზარზე საქმიანობდა, რაც მისმა ადმინისტრაციამ მომგებიანად არ ჩათვალა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2012 წლის ივლისის სტატისტიკით ბაზარზე 19 ბანკი ოპერირებს. აქედან საკუთარი ფილიალი საქართველოში თურქულ (HALYK BANK,Ziraat Bank), აზერბაიჯანულ (The International Bank of Azerbaijan) და გერმანულ (Procredit Bank) ბანკებს აქვთ.

 

ნინო ნატროშვილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: