სიახლე

გარდაცვლილის გადასვენების ხარჯები ბიუჯეტში?

„სასურველია მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაცვლილი პირის ოჯახში გადასვენების დაფინანსების თაობაზე”, – ამ წინადადებით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია აჭარის მთავრობას მიმართავს. კომისიის შემადგენლობა დღეიდან შეიცვლება, თუმცა, ძირითადად, უცვლელი რჩება მთავრობის შემადგენლობა და პრობლემები იმ ოჯახების, რომელთა დახმარებაზეც კომისიამ მიუთითა.  

„ერთ-ერთ საავადმყოფოსთან შევესწარი ფაქტს, როცა მიცვალებულს რის ვაი-ვაგლახით ახლობლის მსუბუქ ავტომანქანაში ათავსებდნენ იმის გამო, რომ გადასვენებისთვის საჭირო ფული არ ჰქონდათ…”, – უთხრა „ბათუმელებს” ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„საავადმყოფოში გარდაცვლილის გადასვენების დაფინანსების საკითხი – ეს იყო შემოსული წინადადება და როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვალდებული ვიყავი ის გადამეტანა შენიშვნების მთავარ დოკუმენტში – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ კომისიის დასკვნაში. კონკრეტულად არ მახსოვს ვისი ინიციატივა იყო. თუმცა, საუბარია მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე”, – აღნიშნა „ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ანზორ თხილაიშვილმა.

უმაღლესი საბჭოს კომისიის დასკვნაში არაფერია ნათქვამი, თუ რის საფუძველზე გაჩნდა ეს წინადადება, ან რა ფორმით ფიქრობს კომისია ამ ინიციატივის განხორციელებას.

საავადმყოფოში გარდაცვლილის ოჯახში გადასვენების სერვისი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აქვს – მომსახურება ფასიანია.

„სპეციალურად ამ სერვისისთვის ცალკე ერთი ავტომანქანაა გამოყოფილი. საკმაო მომართვიანობაც არის. რაც შეეხება ფასებს, შიდა რეგულაციებით არის დადგენილი და ქალაქ ბათუმის მასშტაბით, 5 კმ-ის რადიუსში 30 ლარია; 10-კმ-ის შემთხვევაში – 50, ხოლო 15 კმ-ის შემთხვევაში – 60 ლარი. რაც შეეხება 15 კილომეტრზე ზემოთ, ყოველ 1 კილომეტრზე ემატება 2 ლარი”, – გვითხრეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრში.

ცენტრის მიერ დადგენილი ფასებით, მიცვალებულის ბათუმიდან ხელვაჩაურის ცენტრის ტერიტორიაზე გადასვენება 55 ლარი ღირს; ქობულეთის ცენტრამდე – 80, ქედაში – 120, შუახევის, ურეკის, ოზურგეთის ცენტრში – 160, ხულოში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში – 180, ქუთაისში – 290, გორში – 460, თბილისში – 570 ლარი.

ბათუმში არსებული კერძო კატაფალკების მძღოლები, რომლებიც, ძირითადად მიცვალებულთა გადასვენების სერვისზე არიან ორიენტირებული, ამბობენ, რომ ფასები მათთან ინდივიდუალურია, თუმცა, საშუალოდ, ქალაქის ფარგლებში 60-70 ლარია, ხულომდე – 200, ხოლო თბილისამდე 600-700 ლარი.

თუ მუნიციპალიტეტები ამ ინიციატივას განიხილავენ, ისინი თავიანთი მწირი შემოსავლების გამო დაფინანსებას, სავარაუდოდ, ისევ აჭარის ბიუჯეტიდან მოითხოვენ; არის მეორე ვარიანტი – აჭარის ბიუჯეტიდან შეიძლება სპეციალური პროგრამა დააფინანსონ.

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და პროგრამები უკვე შემუშავებულია; შენიშვნებისა და წინადადებების მთავრობისთვის წარდგენა კი ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. კომისიის ეს წინადადება შესაძლოა უმაღლესი საბჭოს ბიუროს ახალმა შემადგენლობამ არც კი გადაუგზავნოს აჭარის მთავრობას.

ავტორი: თედო ჯორბენაძე