კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

29.11.2016 • 12996
რას ითხოვს მოსახლეობა პეტიციით

აჭარის მთაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას პეტიციით ითხოვს. მოქალაქეებმა პეტიციები დაწერეს სამივე მუნიციპალიტეტში, მათი მოთხოვნები თითქმის იდენტურია: მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო გზების მოწესრიგებას, დაბებსა და სოფლებში აბრებისა და ნიშნულების  განთავსებას, საბავშვო ბაღების ეზოებისა და სოფლის ხიდების მოწყობას ითხოვს.

პეტიცია, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის 1% აწერს ხელს, საინიციატივო ჯგუფის სამმა წარმომადგენელმა – ჰამლეტ გობაძემ, თეონა კოჩალიძემ და ზაურ მგელაძემ ხულოს საკრებულოში 12 აგვისტოს შეიტანა. შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასთან ერთად ხულოს მოსახლეობა ითხოვს სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების დაყენებას, გოდერძის უღელტეხილზე, მწვანე ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, პეტიციით ასევე ითხოვენ სახალხო დღესასწაულის [„ხულოელობა“] დაწესებას და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედებას.

„პროგრამები, რასაც ნაწილობრივ სახელმწიფო ან დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, მუნიციპალური პროგრამით შეივსოს“, – წერია ხულოს საკრებულოში წარდგენილ პეტიციაში.

პეტიციის წარმდგენი და ხელმომწერი, სოფელ გელაძეების მკვიდრი ზაურ გელაძე ამბობს, რომ თვითმმართველობა მოსახლეობას მოთხოვნის შესრულებას სამომავლოდ ჰპირდება. ის დასძენს, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობა მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, პეტიციას ისევ შეიტანენ.

„ჩვენი, მოსახლეობის პირველი მოთხოვნა შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაა, ხულოს ყველა სოფელში მსუბუქ ავტომობილს გადაადგილება უჭირს. გადაადგილება განსაკუთრებით რთულია ზამთარში, როდესაც სასოფლო გზა ტალახდება“, – ამბობს ზაური.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძე ამბობს, რომ პეტიციით მოთხოვნილი საკითხები 2017 წელს ვერ განხორციელდება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი – გეგმა-პროექტი უკვე დამუშავებულია.

„მწვანე ტბასთან მისასვლელი გზა რომ მოასფალტდეს, მინიმუმ 7 მილიონი ლარი დასჭირდება, მაშინ როცა ხულოს მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. ვერც დასაქმების მიზნობრივი პროგრამა დაფინანსდება, რადგან მსგავს პროგრამებს სახელმწიფო „დანერგე მომავლისა“ და „აწარმოე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პეტიციების შესახებ 24 ნოემბერს სხდომაზე ვიმსჯელებთ და საბოლოოდ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ოთარ ცეცხლაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად პრობლემების პეტიციის გზით მოგვარებას ითხოვენ ქედაშიც. პრობლემების ჩამონათვალი აჭარის მთის ამ მუნიციპალიტეტშიც თითქმის ხულოს იდენტურია. ქედის საკრებულოში სულ ოთხი პეტიციაა შესული, აქაც დაბებში, სოფლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეები აბრებისა და ნიშნულების მოწყობას ითხოვენ, ასევე საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობასა და შესაბამის ინფრასტრუქტურას.

„ბავშვების უსაფრთხოების მიზნით მიწის საფარზე არ არის განთავსებული კაუჩუკის ფილები და არ არის საბავშვო გასართობი კონსტრუქციები“, – წერია ქედის საკრებულოში წარდგენილ პეტიციაში. ოთხი პეტიცია, რომელსაც 300-მდე მოქალაქე აწერს ხელს, ქედის საკრებულოში ვლადიმერ თებიძემ, დავით ფალავანდიშვილმა და რაულ ცინცაძემ 26 აგვისტოს შეიტანეს.

აბრებისა და საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობასთან ერთად მოსახლეობა დაბა ქედაში ავტომობილების პარკირებისთვის ადგილის გამოყოფასა და საავტომობილო გზების რთულ მონაკვეთებში სიჩქარის შემზღუდავ ხელოვნური ბარიერების, საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების სარკეების დაყენებას ითხოვს.

ქედის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი და ხელმომწერი ვლადიმერ თებიძე ამბობს, რომ გამგეობა მათი მოთხოვნების შესრულებას 2017 წლისთვის აპირებს.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის თქმით, ქედის საკრებულომ პეტიციები განიხილა, რეაგირებისთვის გამგეობას გადაუგზავნა და ახლა პასუხს ელოდებიან.

„გამგეობას ორი თვის ვადა მივეცით, მალე გავიგებთ რა მოხდა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია, არჩევნები იყო და მაგისთვის ვინმეს არ ეცალა“, – ამბობს ამირან ცინცაძე.

არის თუ არა შესაძლებელი 2017 წელს პეტიციის მოთხოვნების გათვალისწინება და მასში დასმული პრობლემების მოგვარება? – ამ კითხვას ქედაში საკრებულოს თავმჯდომარემ ასე უპასუხა: „მაქ მოუგვარებელი არაფერია,  თვითმმართველობა ხალხისთვისაა და გაითვალისწინებს აბა, რას იზამს“.

ამირან ცინცაძის თქმით, პეტიციებში დასახელებული პრობლემების მოგვარებას ქედაში დაახლოებით 500 000 ლარი დასჭირდება.

ქედის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფო ხაბაზი კი ამბობს, რომ გამგეობამ პეტიციები შესაბამის სამსახურებთან ერთად უკვე განიხილა:

„ჩვენ 4 ოქტომბერს ვაცნობეთ საკრებულოს, რომ პეტიციები განხილულია და საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის საკითხი უნდა განიხილოს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების დროს, ხარჯების გამოყოფისთვის. პეტიციის წარმდგენ მოქალაქეებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაზე მოვიწვევთ, რათა საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში“.

შუახევის საკრებულოში პეტიციები ოფიციალურად ჯერ არ შესულა, თუმცა საქმისწარმოება ამ საკითხზე დაწყებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის განყოფილების უფროსი, ზაურ მოსიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფმა პეტიციის შეტანის თაობაზე განცხადებით საკრებულოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„ხელმოწერები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ, თუმცა, პეტიციებთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაწყებულია“, – ამბობს ზაურ მოსიძე.

მოქალაქეები შუახევის თვითმმართველობაში ოთხი პეტიციის წარდგენას გეგმავენ. მოსახლეობას აქაც იგივე პრობლემები აქვს: სოფლებსა და დაბებში აბრებისა და ნიშნულების არარსებობა, საავტომობილო გზების ცუდი მდგომარეობა, სოფელ წაბლანაში წისქვილის ხიდის რეაბილიტაცია, წაბლანიდან ღომას მთამდე მონაკვეთისთვის საავტომობილო გზის სტატუსის მინიჭება, სანიაღვრე არხების მოწყობა სოფლებში.

ზაურ მოსიძის თქმით, პეტიციაში შეტანილი საკითხები საკრებულოს კომპეტენციას სცილდება და უფრო გამგეობის პრეროგატივაა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე  სოფლებში აბრების განთავსების მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია.

პეტიციები მუნიციპალიტეტებში ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მომზადდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: