მთავარი,სიახლეები

ბავშვები უფროსების დრამაში

25.11.2016 • 2393
ბავშვები უფროსების დრამაში

„აქტივობები ბაღში უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარად, არამედ ბავშვისთვის“.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბავშვზე ორიენტირებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ბაღებში ბავშვებს იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. ეს შეფასება ეკუთვნის როგორც სახალხო დამცველს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდს. ახალი დებულების თანახმად, რომელიც მთავრობამ 2017 წლის აპრილამდე უნდა დაამტკიცოს, სასწავლო პროცესი ბაღებში უფრო მეტად გახდება ბავშვზე ორიენტირებული.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები  ქორწილის სცენას თამაშობდნენ, მსჯელობისა და კრიტიკის საგანი გახდა. ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ  „აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მის ცნობიერების ფორმირებაზე“.

პედაგოგები, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში დღეს მოქმედი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამები განათლების სამინისტროს აქვს შემუშავებული, რომელშიც ასევე თანამონაწილეობდა გაეროს ბავშვთა ფონდიც.

რას ითვალისწინებს რეალურად პროგრამები და როგორ ესმით პედაგოგებს  „დრამატული თამაში“? – ბათუმის #16 საბავშვო ბაღის მასწავლებელი ეთერ ათაბაგი ამბობს, რომ ე.წ. დრამებს პროგრამაში მოცემული სქემები ითვალისწინებს.

„მაგალითად, მოცემულია სქემა   – „მე და ჩემი გარემო“, სადაც ბავშვმა თამაშის სახით უნდა განასახიეროს, წარმოაჩინოს თავის გარემო. მაგალითად, გაითამაშოს ოჯახობანა, დედა, მამა, ვინ ცხოვრობს მის ოჯახში და ვინ რას აკეთებს.  რისი კეთება უყვარს მშობლებთან ერთად და ა.შ. ერთი ბავშვი ჭურჭელს რეცხავს, მეორე აუთოებს, ამით აჩვენებენ, როგორ ეხმარებიან დედას სახლში“.

რაც შეეხება ქორწილის თამაშს, ეთერ ათაბაგის თქმით, აქტივობებში თამაშის სახით ესეც არის შესული: „ჩვენ თამაშის სცენა არ გაგვიკეთებია, თუმცა ვისაუბრეთ ქორწილზე, როგორც ერთ-ერთ ტრადიციაზე. იმაზე, თუ რას ამზადებენ ქორწილის დღეს სახლში და როგორ ხვდებიან სტუმრებს“.

პედაგოგის თქმით, სქემის მიხედვით, ქორწინება ბავშვებმა თოჯინების მეშვეობით უნდა გაითამაშონ, თუმცა ბაღში ეს აქტივობა არ გამოუყენებიათ.

რამდენად კარგად არის მეთოდოლოგია შემუშავებული და არის თუ არა რისკები სწორად გათვლილი? – პედაგოგის აზრით, საბავშვო ბაღებში დღეს მოქმედი პროგრამები საკმაოდ დახვეწილია – ის პედაგოგს საშუალებას აძლევს ნებისმიერი აქტივობა ინტერპრეტაციით წარმოადგინოს.

„შეიძლება იყოს ისეთი თამაში, რისი გათამაშების საშუალება მე არ მაქვს. მაგალითად, არ გვაქვს სამზარეულოსთვის საჭირო მასალები, ვთქვათ, ბავშვებს სალათის ან სხვა კერძის მომზადება რომ ვასწავლოთ. ასეთ დროს, მშობელთა კომიტეტს შეგვიძლია მივმართოთ და თუკი მშობლებს ექნებათ სურვილი, შეიძლება მოაწყო იმის ინსცენირება, თუ რისი კეთება უყვართ სახლში ბავშვებს მათთან ერთად“.

#8 საბავშვო ბაღის პედაგოგი ლალი კორიფაძე კი გვეუბნება, რომ ე.წ.  სტანდარტების წიგნში ბევრი მეთოდია მოცემული იმისთვის, რომ მასწავლებელმა ყველა აქტივობა სწორად წარმართოს.

„პროგრამაში არის თემა ოჯახი და ტრადიციები, ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც სოციალურ ქსელში დაიწყო ქორწინების ვიდეოზე, ცოტა გაზვიადებული იყო. აქტივობაში გვიწერია, რომ უნდა ჩავრთოთ მენდელსონის მარში, ვაცეკვოთ ვალსი, ვათამაშოთ  ოჯახობანა, თუმცა ეს უნდა გავაკეთოთ დრამაცენტრში. მე ეს სცენა არ გამითამაშებია, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ“, – გვეუბნება ის.

პედაგოგის თქმით, ბავშვებს მითითების გარეშეც მოსწონთ ოჯახური სცენების გათამაშება: „ხშირად წავსწრებივარ პრაქტიკაში, როცა ბავშვები ეუბნებიან ერთმანეთს – „შენ დედა იყავი, მე მამა“. დადიან ხელიხელჩაკიდებული და ასეირნებენ თოჯინას ეტლით“.

პედაგოგის თქმით, შემუშავებულია მოსწავლის სასკოლო მზაობის ახალი პროგრამა, სადაც ბავშვის განვითარების ყველა ეტაპისთვის დამახასიათებელი აქტივობა არის შემუშავებული.

„ეს პროგრამა 4-5 წლის ბავშვებზე, სასკოლო მზაობაზე, მოტორიკის განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველა მოდული, რომელიც ბავშვის მენტალურ განვითარებას ეხება, კარგად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, თუ როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ ბავშვს მრავალფეროვნებასთან და სხვა თემებთან დაკავშირებული საკითხები“, –  გვეუბნება ლალი კორიფაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების ოფიცრის, ანა ჯანელიძის განმარტებით, საბავშვო ბაღებში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ  აქტივობების დიდი ნაწილი ბავშვზე არ არის ორიენტირებული:

„როგორ აქვთ ბაღის პედაგოგებს ესა თუ ის აქტივობა გააზრებული – სამწუხაროდ, ამის მონიტორინგი ჩვენს ორგანიზაციას არ განუხორციელებია, თუმცა, სახალხო დამცველმა 2015 წელს თავის ანგარიშში ასახა, რომ სასწავლო პროცესი არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. „ქორწინების“  ვიდეო, რომელიც გავრცელდა, კარგად აჩვენებს ამ პრობლემას. პრობლემა ქორწინებასა და ოჯახზე საუბარი კი არ არის, არამედ ის, რომ ამ სცენაში არ იყო წარმოჩენილი ბავშვის ინტერესი და მასწავლებელი თავის სურვილით დგამდა წარმოდგენას“.

ანა ჯანელიძის შეფასებით, საბავშვო ბაღებში განხორციელებული აქტივობების დიდ ნაწილში ბავშვის ინტერესი, ხშირ შემთხვევაში, არ ჩანს:

„პრობლემაა ის, თუ როგორ ესმით მათ დრამატული თამაში. დრამატულ თამაშში მასწავლებელი საერთოდ არ მონაწილეობს. ბავშვებს აქვთ რეკვიზიტები და იქნება ეს ოჯახობანა, დინოზავრები თუ კოსმოსი, მასთან დაკავშირებული სხვა კულტურული არტეფაქტები  მათთვის საინტერესო კუთხით უნდა წარმოაჩინონ“.

ანა ჯანელიძის თქმით, პროგრამაში მოცემული აქტივობები სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ გულისხმობს, რომ პედაგოგმა აუცილებლად ზუსტად იგივე აქტივობა უნდა განახორციელოს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ არსებობს ასეთი ტიპის წიგნები საერთოდ და რატომ ვთავაზობთ პედაგოგებს მზა აქტივობებს? სამწუხაროდ, მასწავლებლებისა და აღმზრდელების კომპეტენციის პრობლემა არსებობს  –  დიდ ნაწილს არ აქვს უნარი, თავად განსაზღვროს რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ ბავშვებს.

სოციალურ ქსელებში მშობლების, ბაღების მიერ გავრცელებულ უამრავ ვიდეოში იმ „ქორწილის“  ანალოგიური სიტუაციაა. იქვე ჩანან ბედნიერი მშობლები და აღმზრდელები. ბავშვები კი იმეორებენ გაზეპირებულ ლექსებს, ზოგს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ზოგს ნაკლებად მნიშვნელოვანი და ამაზე მიდის ნერვიულობა. ზოგი ძვირადღირებულ კოსტიუმს ირგებს, ვისაც არ აქვს ძვირადღირებული კოსტიუმის ყიდვის შესაძლებლობა, სიტუაციის მსხვერპლია. ამით ბავშვები ნამდვილად ვერ იღებენ პოზიტივს“, –  გვეუბენა ანა.

ანა ჯანელიძის თქმით, სასკოლო მზაობის ახალ პროგრამაში, რომელიც ერთი წლის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით მომზადდა, მოიცავს ბავშვის ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებს: „ეს აქტივობები უნდა იყოს არა მშობლის ან პედაგოგის გასახარებლად, არამედ იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს კარგად თავი“.

„ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ ახალ კანონში წარმოდგენილი სტანდარტები ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი ორიენტირებულია გარკვეულ ასაკში ბავშვის მისაღწევ შედეგებზე, მეორე ნაწილი კი – პროგრამის სტანდარტების ხარისხზე.

ანა ჯანელიძის თქმით, ეს სტანდარტები განათლების სამინისტრომ უკვე გადააგზავნა თვითმმართველობებთან და ყველა რელევანტურ სამინისტროსთან, რომ შიდა შეთანხმება არსებობდეს. სტანდარტები საქართველოს მთავრობამ 2017 წლის აპრილისთვის უნდა დაამტკიცოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: