მთავარი,სიახლეები

ინტელექტუალსაც ეშინია

30.05.2012 • 1903
ინტელექტუალსაც ეშინია

„პირველები“, სკოლის ინტელექტუალურ გუნდებს შორისაც პირველები არიან. ისინი რამდენიმე თვეა რაც არსებობენ, თუმცა უკვე „ოქროს კითხვებსაც“ უმკლავდებიან და წლის ჩემპიონატის მოგებასაც აპირებენ. „ნინოს გუნდი“, „ყრუ ლოსები“ და „ვირუსი“, კი მათზე უფროსი თაობაა. როგორ ცხოვრობენ ბათუმელი ინტელექტუალები და რა როლს თამაშობს ინტელექტი სამოქალაქო აქტივობაში.

პირველი საჯარო სკოლის ინტექტუალური გუნდის კაპიტანი მარიამ ყაჭეიშვილი მე-11 კლასელია. გუნდის ხუთი წევრი კი მე-10 კლასელები არიან. მათ შორის დათო კილაძე ყველაზე გამოცდილია, იგი გასული წლის „ბრეინგ რინგის“ გამარჯვებულიცაა. „პირველი“ 25 დეკემბრის ჩემპიონატშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის, როგორც მოზარდები ამბობენ, განსაკუთრებულად არ ემზადებიან. `წინასწარ ვარჯიშს აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვერ განსაზღვრავს რა როგორ იქნება“, – ამბობს კაპიტანი.

დათო კილაძე: „ერთადერთი დავალება ის არის, რომ ყოველ თვეში ახალი წიგნი უნდა წაიკითხო. ახლა „დონ-კიხოტის“ თვე გვქონდა, ამის წინ ჟიულ ვერნის, ჩემპიონატამდე დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიც“ უნდა მოვასწროთ. კითხვები ამ წიგნებიდან იქნება“.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეოთხე თვეა არსებობს, უკვე ლიდერია და ამ პოზიციის დათმობას არც აპირებენ. მოთამაშეებს, როგორც „ინტელექტუალები“ ამბობენ, იმის მიხედვით არჩევენ, ვის როგორი ინტუიცია აქვს: მაინცა და მაინც ათოსანს არ არჩევ. რა თქმა უნდა, რაღაც უნდა იცოდე, მაგრამ მთავარი მახასიათებელი ლოგიკური აზროვნებაა“, – ამბობს მიშიკო დუმბაძე. „ვიღაცამ ლიტერატურა უფრო იცის, ვიღაცამ გეოპოლიტიკა და ა.შ.“ – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. „კომპლექსებს იხსნი და საკუთარი აზრის გატანას სწავლობ. გეხმარება სხვისი აზრის პატივისცემაშიც. რაც ყველაზე მთავარია, გუნდს გრძნობ და თანადგომას სწავლობ“, – აი ეს სიტყვები კი დათას ეკუთვნის.

მიშიკოს აზრით, ამ თამაშში მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი: `ბევრმა ბევრი რამე იცის, მაგრამ რეალიზებას ვერ აკეთებს. ამათ მოზეპირეებს ვეძახი“.

დათო ნაკაშიძის აზრით, თუკი ბევრი მოზარდი დაკავდება მსგავსი აქტივობით, ქუჩური გარჩევები შემცირდება: „მოზარდების დაინტერესება სკოლაზეც არის დამოკიდებული და ოჯახზეც. შეიძლება ყველა ინტელექტუალი არ იყოს, მაგრამ სხვა აქტივობით შეიძლება დააინტერესო. ჩვენ თვეში 6 ლარს საწევროს ვიხდით, მაგრამ გვიღირს. თუკი სხვებიც საინტერესო საქმეს გააკეთებენ, ამ ფულით სიგარეტს აღარ იყიდიან“.

„პირველი“ პირველობისთვის ემზადება და ამბობს, რომ დეკემბრისთვის ფორმაშია.

უფროსი ინტელექტუალები სულხან ხალვაში სასტუმრო „რედისონ ბლუს“ შესყიდვების მენეჯერია. იგი ინტელექტუალურ თამაშებში 1997 წლიდანაა ჩართული. მის გუნდს „ყრუ ლოსები“ ჰქვია. სულხანს ინტელექტუალურ თამაში აზარტად არ მიაჩნია. „ეს უფრო ცნობისმოყვარეობაა“, – ამბობს ის. მისი აზრით, კარგი მოთამაშე რომ გახდე, განსაკუთრებული წვრთნა არ გჭირდება: `ან ინფორმაცია უნდა გქონდეს, ან ლოგიკა, რაც თანდაყოლილია. მეცინება, როდესაც ბავშვებს უნარ-ჩვევებში ამზადებენ, რადგან ადამიანს ან აქვს ლოგიკა, ან – არა, არა მგონია ლოგიკა ისწავლო“.

ლიბერტიანელი და ფედერალისტი ინტელექტუალი თავისუფალ დროს კაფე „ვინილში“ ატარებს. სვამს ბევრ ყავას და უყურებს ფილმებს, ოღონდ არაინტელექტუალურს: „არც ინტელექტუალური კინო მიყვარს, არც მუსიკა, სანახაობრივი მირჩევნია. ან ინტელექტუალური მუსიკა რას ნიშნავს? – ვერავინ ამიხსნა. მუსიკა მუსიკაა“.

სულხანის აზრით, „ინტელექტუალიც“ ჩვეულებრივი ადამიანია: „ინტელექტუალი იყო აინშტაინი, ჩვენ რა ინტელექტუალები ვართ. თანაც ჩვენ ისეთი დეგრადირებული საზოგადოება ვართ, რომ რეპერის აზრი უფრო პატივსაცემია, ვიდრე, ვთქვათ, პროფესორის. მე, პირადად, მეზიზღება ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობები. რა უნდა გააპროტესტო, ნულოვანი ტოლერანტობა? მე მომხრე ვარ ამის, რადგან საქართველო მართლა კრიმინალური ქვეყანა იყო. ჩემთვის სამოქალაქო აქტივობაა, თუკი გავლენას მოვახდენ გარშემომყოფებზე, მაგალითად, ავუხსნი თუ რატომ უნდა გაყიდო ყველაფერი“.

გარსევან ჯორბენაძე „ვირუსის“ კაპიტანია და საზღვაო სააგენტოში მუშაობს. მისი გუნდი არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია. კარგად იცის ისტორია და გუნდს სწორედ ამ სფეროში ეხმარება. მისი საყვარელი ფილმია „გარაჟი“ – შეუძლია არაერთგზის უყუროს. მისი აქტივობა ფაცებოოკ-ია, აქ გამოხატავს აზრებს, განწყობებსა და ადამიანებს ეკონტაქტება:

„ჩემი საზოგადოებრივი აქტივობა ის არის, რასაც ვაკეთებ. ტარდება სკოლის ჩემპიონატები, სტუდენტები თამაშობენ. სამი წლის წინ ნაკლები გუნდი თამაშობდა, დღეს გაცილებით მეტია, თანაც ცოდნა ცვლის საზოგადოებას და არა – ინტელექტი. ინტელექტუალებიც თავის წრეში იხარშებიან, როგორც ვთქვათ, მოჭადრაკეები ან ფილატელისტები. ეს ერთგვარი ჰობია. ინტელექტს არ შეუძლია საზოგადოების შეცვლა. ინტელექტი ვერც მენტალობას ცვლის, მენტალობასაც და სტერეოტიპებსაც ცვლის დრო და არა – ის ცოდნა, რაც ჩვენ გაგვაჩნია“.

ნინო ძნელაძე – ფილოლოგი, არქეოლოგი და ელინისტი „ნინოს გუნდის“ კაპიტანია. ამბობს, რომ ადვილად ვერ იღებს სიახლეებს: „რასაც ვეჩვევი – სამუშაო მაგიდის ჩათვლით, როცა მიცვლიან ვღიზიანდები. არ მომწონს ჩემი სამუშაო ოთახის ფერი, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ გადაღებონ“.

ნინო ამბობს, რომ „ინტელექტუალები“ არ უნდა იყვნენ „თავისთვის ხალხი“: „მაგრამ როცა ინტელექტუალი აქტიურობს, მე მახსენდება რაინდი, რომელიც ებრძვის გველეშაპს, თუმცა გამარჯვების შემდეგ თვითონ გადაიქცევა გველეშაპად. შინაგან თავისუფლებას ადამიანის ინტელექტი არ განსაზღვრავს. არც ცოდნა განსაზღვრავს, ეს გაქვს, ან – არა. ინტელექტუალსაც ეშინია. თვითონ უნდა განსაზღვრო, ან იტყვი და დაიღუპები, ან ჭკვიანად იქნები. ინტელექტუალი, რომელიც იბრძვის, ინტელიგენტი აღარ არის. დოჩანაშვილს აქვს ეს კარგად ნაჩვენები, როცა უბრალო კამორელისგან განსხვავებით ინტელიგენტი იგინება“.

„ნინოს გუნდი“ ყველაზე მხცოვანია, თუმცა ჯერ არც ერთ ჩემპიონატში არ მიუღია მონაწილეობა: `ზაფხულში კავკასიის ჩემპიონატი იყო, შეგვეძლო საპრიზო ადგილი აგვეღო, მაგრამ არ ვითამაშეთ. ჩემთან გია მასალკინი, ემზარ კახიძე, შოთა გუჯაბიძე და ვალიკო ლობჟანიძე თამაშობენ. ვალიკო თბილისის გუნდშიც თამაშობს. მათ გარეშე თამაში არ შემიძლია. ერთხელ მივატოვე კიდეც გუნდი, როცა ცალკე დაიწყეს მოთამაშეებმა გამოსვლა, მაგრამ მაინც დავბრუნდი.

რა ხიბლი აქვს ამ თამაშს? – წიგნის სიყვარული ალბათ. ტვინს ამუშავებ. ინტელექტუალი იარლიყივითაა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ – ჭკუას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე – ინტელექტს“.

გადაბეჭდვის წესი