narko-testi

რეორგანიზაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ვახტანგ ტერაშვილი ამავე სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების [ნარკოტიკებთან ბრძოლის] უფროსად დაინიშნა.

ვახტანგ ტერაშვილი

ვახტანგ ტერაშვილი

ვახტანგ ტერაშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსად მიმდინარე წლის მაისში დანიშნეს და ამ თანამდებობაზე დაახლოებით ოთხი თვე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ბექა გელაშვილით ჩაანაცვლეს. გელაშვილი დღემდე დეტექტივების სამმართველოს უფროსია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში რეორგანიზაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. სამმართველოში შეიქმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილება, რასაც წინ უძღოდა სამმართველოში დასაქმებული დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწეების 11 ნოემბერს კადრებში გადაყვანა. ყველა მათგანი 15 ნოემბრიდან დააბრუნეს თანამდებობებზე და მუშაობა გააგრძელეს, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლებმა და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწეებმა.

ჩვენივე ინფორმაციით, ამ რეორგანიზაციის პერიოდში დეტექტივების სამმართველოს დაემატება ტრეფიკინგისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებებიც. ეს განყოფილებები მანამდე განთავსებული იყო გრიბოედოვის ქუჩა N4-ში მდებარე [ყოფილი უშიშროების] შენობაში.

დეტექტივების სამმართველოში არსებული სამი განყოფილებიდან ერთ-ერთის, ტრეფიკინგის განყოფილების უფროსის თანამდებობა ვაკანტურია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებას როინ სურმანიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლად მუშაობდა; რაც შეეხება ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებას, მისი უფროსი, როგორც აღვნიშნეთ ვახტანგ ტერაშვილია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კვლავ რეორგანიზაციის მოლოდინში არიან. სავარაუდოდ, შემცირებებია მოსალოდნელი ძირითადად საფინასო და კადრების განყოფილებებში, სადაც ათობით თანამშრომელი სამსახურში მიმდინარე წლის იანვარში აღარ გამოცხადებულა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი მათგანის გათავისუფლებაზე, ჯერჯერობით, ბრძანება გამოცემული არ არის.

შს სამინისტროს პრესცენტრი ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებს. პრესცენტრში ამბობენ, რომ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას მხოლოდ მომდევნო ორშაბათს, 9 იანვარს შეძლებენ.

ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.