კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

14.11.2016 • 2048
აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში უკონტროლოა მუნიციპალური, მათ შორის ქალაქ ბათუმის ქონებაც.

აჭარის ქონების უკანონოდ მოსარგებლეები

ინფორმაცია აჭარის ქონების შესახებ, რომელსაც სხვა პირები უკანონოდ სარგებლობენ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა, თუმცა, სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ „ეს ინფორმაცია ვერ იქნება ზუსტი და სრულყოფილი“.

სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში 37 ფიზიკური პირი არამართლზომიერად სარგებლობს ქონებით, რომელიც თამარ მეფის დასახლებაშია [ბნქ-ს ტერიტორიაზე]. რეესტრის მიხედვით, ეს ქონება არის – 40 547 კვ/მ მიწის ფართობი და რამდენიმე შენობა-ნაგებობა.

ბათუმში მოქალაქეებს ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აქვთ დაკავებული მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართობები მაქაცარიას [№5], ელიავას [N4], საბაჟოს შესახვევი/კოსტავასა [N6/4] და ფიროსმანის ქუჩებზე. ჯამში დაახლოებით 471,9 კვ/მ ფართობი. ელიავას ქუჩა N4-ში მდებარე 61,2 კვ/მ ფართობით მოსარგებლე პირის ვინაობა კი, სამინისტროს ინფორმაციით, საერთოდ ვერ დადგინდა.

121 მოქალაქე სარგებლობს აჭარის ქონებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დაკავებული ფართობები სამინისტროს მონაცემებით მდებარეობს კომახიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე [სტადიონი], რუსთაველის ქუჩაზე, დაბა ჩაქვში: შემფუთავი ქარხანა, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ; თავისუფლების ქ. #19-ში და ქაქუთში. 5 მოქალაქე სარგებლობს აჭარის კუთვნილი ქონებით ხელვაჩაურშიც.

„ქონება ჩვენია და ალბათ, გამოსახლების მოთხოვნით მივმართავთ სასამართლოს, ან გამოინახება სხვა მექანიზმი ქონების დასაბრუნებლად“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ.

სამინისტროს მიერ ერთ-ერთი ასეთი ქონების „დაბრუნების“ მიზნით ორი წლის წინ დაწყებული საქმე კი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდა.

საკონსტიტუციო სასამართლო აჭარის ქონების განკარგვაზე

სასამართლოს მასალების მიხედვით, „სერგო გოგიჩაიშვილი, მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნით იყენებდა აჭარის კუთვნილ ქონებას“, რის გამოც სამინისტრომ 2014 წელს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარეს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 3 600 ლარის გადახდა.

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სასამართლომ არ იხელმძღვანელა იმ ნორმით, რომელსაც სამინისტრო უთითებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ შეაჩერა საქმის წარმოება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ „სამოქალაქო სამართლისა“ და „საპროცესო“ კანონმდებლობის საკითხებს და არსებობს საკმარისი საფუძველი მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევისთვის. ეს ნორმა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას – უსაფუძვლო გამდიდრებას… ამასთან, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის პუნქტს, რომელიც სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოცემის უფლებამოსილებას მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს“.

  • „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი: „აჭარის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის [კომერციული მიზნით] იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად [საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე], სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან“.

თავის მხრვ საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ქონების განკარგვის თაობაზე, თუმცა, ეს უფლებამოსილება არ მოიცავს ამ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ურთიერთობის მოწესრიგების კომპეტენციას. ვთქვათ, მესამე პირებისთვის ცალმხრივად რაიმე ვალდებულების დაკისრების ან განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესების უფლებას.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის უფლებამოსილი დააწესოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი.

სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ფართობების [მიწა/შენობა-ნაგებობა] ფაქტობრივი მფლობელებიდან დაახლოებით 20-მდე ეწევა კომერციულ საქმიანობას, რომელთა მიმართ სამინისტრო „უსაფუძვლო გამდიდრების“ ბრალდებით გააგრძელებს დავას სასამართლოში. დანარჩენი მოქალაქეები კი აჭარის საკუთრებაში არსებულ ქონებას/ფართობებს, ძირითადად, საცხოვრებლად იყენებენ.

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ქონებას, ხოლო შესაბამისი მუნიციპალიტეტები მათ კუთვნილ ქონებას გასცემენ იჯარით, რაც თავისთავად, დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.

ქონება გაიცემა უსასყიდლო უზუფრუქტითაც, ანუ უფასოდ სარგებლობის უფლებით, თუმცა მესაკუთრის თანხმობით.

მაგალითად, უსასყიდლო უზუფრუქტით შპს „GEBEP“-ზე, კახაბრის დასახლებაში 2011 წელს გადაცემულია შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის არსებობის ვადით; ბათუმსა და ქობულეთში ქონება ასევე უსასყიდლოდაა გადაცემული „აგროსერვის ცენტრზე“; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობს „საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ქართული ასოციაცია გენეზისი“, რომელსაც ქონება 2013 წელს გადაეცა 10 წლის ვადით; 2023 წლამდე უსასყიდლოდ ისარგებლებს მახინჯაურში მდებარე შენობა-ნაგებობით სამედიცინო ასოციაცია „თანა“; წელს 10 წლის ვადით გადაეცა ქალაქ ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობა შპს „თანალმობას“; ხოლო დაბა ჩაქვში მდებარე აჭარის ქონებით 49 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს `საქართველოს  სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია“.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც აჭარის ქონებით უფასოდ, თუმცა, მესაკუთრის თანხმობით სარგებლობს, არის საქართველოს საპატრიარქოც.

ქალაქ ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის მიმდებარედ 249 909 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის მარტში შპს „ხარ-ფურს“ 49 წლით გადასცა.

შპს „ხარ-ფური“ ქონების გადაცემამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. რეესტრის დოკუმენტებით, კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ამ კომპანიის წილის 100%-ს დღემდე ფლობს, ხოლო წარმომადგენელი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. უსასყიდლოდ გადაცემულ 25 ჰექტარზე „ხარ-ფური“ ბიზნეს საქმიანობას ეწევა – მოწყობილი აქვს მეცხოველეობის ფერმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: