მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო

12.11.2016 • 2965
ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი  მიიღო

სკოლა „გორდას“  გამომგონებელი  მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“   ახალი  ტექნოლოგიებით  წარსდგნენ.  ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს   გამოგონებამ  სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  მათ  „ლენოვოს“ ფირმის  ტაბლეტები გადაეცათ.

გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ ჩაფიქრებული.  „ჩვენს გამოგონებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს“, –  გვეუბნება ანა და თანაკლასელთან ერთად ამ გამოგონების უნიკალურობას გვიხსნის.

„ეს ზამბარებიანი მოწყობილობა არა მარტო ბუნებრივი აირის მილებთან შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნავთობის და წყლის მილებთანაც, რომელიც წნევის მატების შემთხვევაში მილებს კეტავს და ნედლეულის გაჟონვის საფრთხეს გამორიცხავს“, –  გვეუბნება ანა.

გამოგონების თვისებებს აღწერს ენრიც:  „მოწყობილობა მაგრდება მილებს შორის და აკონტროლებს წნევის ცვალებადობას. თუკი წნევა იმატებს და ამით მილის გახეთქვის საფრთხე ჩნდება, მოწყობილობა იკეტება და წყლის, ნავთობის ან ბუნებრივი აირის მილი წნევის გამო აღარ გასკდება. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ნედლეულის დანაკარგების რისკებსაც გამორიცხავს“.

ანას და ენრის აზრით, ხელსაწყოს უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი დაყენება შესაძლებელია ყველგან  –  მიწაში, ზედაპირზეც და შენობის შიგნითაც.

„თუკი 60-ბინიანი კორპუსის რომელიმე ბინაში ბუნებრივი აირი გაჟონავს, წნევის მატების შემთხვევაში ხელსაწყო ავტომატურად ჩაკეტავს აირს და აფეთქების ან ადამიანის მოწამვლის საფრთხე გამოირიცხება“.

ანა და ენრი გვიყვებიან, რომ აპარატის დამზადების შესაძლებლობას სკოლის ლაბორატორიები არ იძლევა.  „აქ მხოლოდ გამოთვლების გაკეთებაა შესაძლებელი. ხელსაწყო კი თბილისში, ერთ-ერთი კომპანიის ლაბორატორიაში დავამზადეთ“, –  გვეუბნება ანა.

ენრის თქმით, თბილისში დამზადებული ხელსაწყოთი ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, რადგან მათ უკეთესი ჩანაფიქრი აქვთ:  „შეგვეძლო გერმანიაში დაგვემზადებინა უფრო კარგი და დახვეწილი [ხელსაწყო], მაგრამ ეს დიდ თანხებს უკავშირდება. თუ ჩვენი გამოგონება კონკურსზე გაიმარჯვებს, იმედი გვაქვს, რომ მის დამზადებაში დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან და პრაქტიკაშიც დამკვიდრდება“.

მიუხედავად იმისა, რომ ანას და ენრის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი აქვთ, მომავალი პროფესია მაინც ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით აირჩიეს. „თანამედროვე ტექნოლოგიები მაინტერესებს, მაგრამ საქართველოში სამეცნიერო სფერო ნაკლებად ფინანსდება და რთული იქნება განვითარება. მუდმივად ფინანსური პრობლემების წინაშე დგახარ. ამიტომ, ტექნოლოგიები, როგორც ჰობი, ისე იქნება ჩემთვის“, –  გვეუბნება ენრი. ანა კი თავის მომავალს მედიცინაში ხედავს.

სკოლა  „გორდას“  გამომგონებლები არიან მეთორმეტეკლასელი ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძეც. მათთვის ეს გამოგონება პირველი არ არის.  მათ  „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვეს  –  თხილის მოსაკრეფი ხელსაწყო ჰქონდათ წარდგენილი.

სკოლა „გორდას“ მოსწავლეები ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძე

სკოლა „გორდას“ მოსწავლეები ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძე

ზურას და გიორგის ახალ გამოგონებას  „უნივერსალური მაშველი“  ჰქვია, რომელიც ზღვაში შესვლის წინ მოსარგებლემ გულმკერდის არეში, წრიულად უნდა დაიმაგროს.  „უნივერსალური მაშველი“  ფხრიწიანი ჟილეტია, რომელსაც შუა ნაწილში, გულთან ახლოს დამაგრებული აქვს ჰელიუმით სავსე კაფსულა.

„იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ზღვაში ღრმად შეცურავს, მაგრამ უკან ვეღარ ახერხებს დაბრუნებას, ძარღვი გაენასკვა ფეხში ან სხვა მიზეზით და დაიწყო ჩაძირვა, ამ დროს ის ხელს გამოკრავს ჰელიუმიან კაფსულას, რომელიც მას ჩაძირვის შესაძლებლობას არ მისცემს. ჟილეტი კარგად არის შეკრული და ზღვაში მისი გახსნა ან დაზიანება გამორიცხულია“, –  გვეუბნება ზურა.

გიორგის აზრით, ახალი გამოგონება კარგი საშუალება იქნება დამსვენებლებისთვის, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა ცურვა კარგად არ იცის და ჩაძირვის საფრთხის წინაშე დგება.

გამომგონებლები ამბობენ, რომ კონკურსზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ელექტრონული მასალის წაღებას ახერხებენ, მათ „უნივერსალური მაშველის“  დამზადება შესაბამისი ლაბორატოერიების არარსებობის გამო ვერ მოახერხეს.

„ლეონარდო და ვინჩის“  კონკურსზე კონკურენცია მაღალია. ბათუმელი გამომგონებლები იმედოვნებენ. რომ რომელიმე საპრიზო ადგილს მაინც მიიღებენ.

„გორდას“  ჰქონდა პირველი ადგილი აღებული გამოგონებისთვის  – „გონიერი მაღვიძარა“  და კიდევ ჰქონდა ერთი საპრიზო ადგილი –  მაშინ მოსწავლეებმა  „გონიერი შუქნიშანი“  შექმნეს. ჩვენმა თხილის საკრეფმაც გაიმარჯვა, ასე, რომ წელსაც გვაქვს გამარჯვების იმედი“, _ ვეუბნებიან ბიჭები.

თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ანასა და ენრის მსგავსად, არც ზურა და გიორგი აპირებენ. ისინიც ფიქრობენ, რომ საქართველოში თუკი მეცნიერება არ დაფინანსდება, ამ მიმართულებით ადგილის დამკვიდრება ძნელი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მაინტერესებს, მაინც ვფიქრობ, რომ სხვა პროფესია ავირჩიო. თუ სახელმწიფო  „სტარტაპის“  დაფინანსებას გააგრძელებს, შესაძლებელია ეს პროექტი ახალგაზრდებს დაგვეხმაროს იდეების განხორციელებაში. სხვა შემთხვევაში მუშაობა რთული იქნება“, –  გვეუბნება ზურა.

გიორგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს სკოლის ლაბორატორიები და დაფინანსება გაზარდოს, რომ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაუღვივდეთ.

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“  მეექვსედ ტარდება  „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“  ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერი  „თი ბი სი“  ბანკია.

კონკურსში გამარჯვებულ გამომგობენლებს ფულადი პრემია გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული პროექტი 5 000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული  –  3 000 ლარით, მესამე ადგილზე გასული კი 2 000 ლარს მიიღებს.

წლევანდელ კონკურსზე 42 განაცხადი იყო წარდგენილი. აქედან 17 რეგიონებიდან, 25 კი თბილისიდან. ბათუმიდან კონკურსში მოსწავლეთა ოთხი ჯგუფი მონაწილეობს.

„ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში ბათუმიდან  „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმიც“ მონაწილეობდა, თუმცა,  პრიზი მხოლოდ ერთმა გამოგონებამ მიიღო.

პირველი ადგილის მფლობელი გამოგონების ავტორები,  მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე აშშ-ში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: