მთავარი,სიახლეები

13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

12.11.2016 • 3058
13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს –  როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს.

ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის წინ გათხოვილა ბათუმთან ახლოს სოფელში. ერთი ნახევარდა ჰყავს. ამბობს, რომ ამ დასთან მეგობრობს. ის ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, ამიტომაც ირჩევს სხვადასხვა სახელს.

მის ოჯახს საკუთარი სახლი არ აქვს, ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობენ. ილიას ერთი, 8 წლის ძმა სკოლა-პანსიონში სწავლობს. მარტამდე ილიაც ამ სკოლაში სწავლობდა და იქვე ცხოვრობდა კიდეც, მაგრამ ერთ დღეს დირექტორმა ის „სკოლიდან გარიცხა“. მართალია, ის ბათუმის სხვა სკოლაში ჩარიცხეს, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი კვირა იარა. „დამცინოდნენო“ – თქვა. რადგან არ უნდოდა ეჩხუბა, სკოლისკენ აღარ გაუხედია. დაცინვაც რომ არა, სკოლაში ისედაც ვერ წავიდოდა – წელს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ ჰქონდა.

როცა მამა 13 წლის ბიჭს სცემს

ილიას სახეზე, ორივე მხარეს, ნაკაწრების კვალი ემჩნევა. ერთ ლოყაზე, რამდენიმე სანტიმეტრზე კანი აქვს გადამძვრალი, მეორე მხარეს კი – პატარა ნაკაწრები. ეს არ არის ქუჩაში ჩხუბის კვალი. გასულ კვირას მამამ ჩამოკაწრა, მერე კი, როგორც თვითონ ამბობს, „გააქანა და დაარტყა“.

ილია საკუთარ თავზე

პატარა ძმებს მამა ცუდად არ ექცევა. მე იმიტომ დამარტყა, რომ ავყევი მის ცოლს. მივხვდი უკვე, რომ როცა თვრება, რომც არაფერს ვაშავებდე, მეჩხუბება. როცა მთვრალია, ენა არ უნდა ამოვიღო, დავწვები და ვიძინებ.

ბოლოს ერთი კვირის წინ დამარტყა. გაშლილი ხელი დამარტყა. მერე გამომფჩხვნა, ფრჩხილებით ჩამომჩხაპნა ქალივით. მისი ცოლიც ხედავდა ამას, მაგრამ არაფერი უთხრა.

დილით ზოგჯერ ადრე ვდგები, ზოგჯერ არა. ყოველ დღე, პირველ საათზე მივდივარ ლერმონტოვის ქუჩაზე და საჭმელი მომაქვს უფასო სასადილოდან. ამას ვჭამთ სახლში…

დედინაცვალი კარგად მექცევა, მირეცხავს, საჭმელს მაჭმევს, მაგრამ ენა არ უნდა შეუბრუნო. იმ დღეს, როცა მამამ დამარტყა, ამბავი იმით დაიწყო, რომ მისმა ცოლმა მითხრა, შუადღეა, ადექი და სასადილოში წადიო. მეძინება, მამიკო წავიდეს-მეთქი. მერე კიდევ რაღაცა მითხრა, მეც ვუთხარი… რატომ მიყვირიხარ, რა დაგიშავე-მეთქი. საღამოს მამიკო მთვრალი მოვიდა. იმან უთხრა ჩემი ტლიკინის ამბავი, მამამაც ვეღარ მოითმინა და დამარტყა.

“დედაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა“

ნამდვილი დედაც მყავს, აქ ცხოვრობს, ბათუმში. მამაჩემმა ჩხუბი რომ დაუწყო, უთხრა, რომ შვილი აღარ მოიკითხოო – ასე ამიხსნა დედამ. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, მამიკო თუ გეუბნება მასე, მე რა ვქნა, მე ხომ არ მითქვამს, რომ აღარ მომიკითხო-მეთქი. დედამ მაინც მითხრა, რომ მაგი მამაშენს ჰკითხე, გული მატკინაო. მე მაგის გამო რას მატირებ-მეთქი, ვკითხე. მერე დედა წავიდა – თბილისში წავიდა.

დედაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა.

„კაჭკაზე“ მუშაობა

მამა მუშაობს ფარეხში „კაჭკაზე“. მისი ცოლი სახლშია, პატარა ბავშვი ჰყავთ და ამის გამო ვერ მუშაობს. მე მთელ დროს ქუჩაში ვატარებ. ადრე ხალხს ფულს ვთხოვდი. მაგრამ ახლა დავანებე თავი, სკოლაში მინდა წავიდე და გამოვსწორდე.

შეზლონგებზეც სამი წელი ვიმუშავე, პლაჟზე. „კაჭკაზეც“ ვიმუშავე. ტვირთი გადამაქვს, 5,6,7,8,10 `მეშოკი~. იმის მეტს არ უძლებს „კაჭკა“. მამასთან ერთად ვმუშაობდი. კაჭკა მამამ მიყიდა. დღეში 15 ლარს ვაკეთებდი, ფული მამას მივეცი. მამიკოს ვუთხარი, რომ ტანსაცმელი მიყიდე-მეთქი და არა, ცენტრი [მუსიკალური] ვიყიდოთო. განვადებით გამოიტანა.

სექტემბერში კიდევ ვუთხარი მიყიდე ტანსაცმელი-მეთქი და ფული არ მაქვსო. ვუთხარი, აბა, რისთვის მუშაობ-მეთქი. არაფერი არ მიყიდა და ვერც წავედი სკოლაში. თეთრი „სარუჩკა“ მინდოდა და არ მქონდა. ახლა რაც მაცვია, მაშინ არც ეს ტანსაცმელი მქონდა. მაგრამ ამით სკოლაში ისედაც არ შემიშვებდნენ.

ჩემი „კაჭკა“ უკვე გავყიდე 200 ლარში. მამამ რომ გაიგო, დაიგრუზა, მაგრამ ვუთხარი, ფული რომ გჭირდება, მაგიტომ გავყიდე-მეთქი. სარეცხი მანქანა უნდა ეყიდა განვადებით. დედინაცვალი ხელით ვეღარ რეცხავდა, გაცივდა და მაგიტომ მივეცი ფული. ისე გავყიდე, რომ არ მითქვამს. ახლა სახლში გვაქვს სარეცხი მანქანა, ცენტრი, მაცივარი.

„რატომ გამომრიცხეს სკოლიდან“

სკოლაში პირველი კლასიდან კარგად ვსწავლობდი, ქართული მიყვარს, მათემატიკა, ისტორია და ბუნება. ინგლისური არც ისე. მე-4-5 კლასში, მუშაობას რომ მივაწექი შეზლონგებზე, მერე ვეღარ ვისწავლე. მერე კაჭკაზე ვმუშაოდი…

სკოლაში მასწავლებლებთან არ დამიშავებია, ბავშვებთან კი ვაშავებდი. ზოგჯერ მქონდა ჩხუბი, „კაჩავი“. ერთხელ მასწავლებელმა სიგარეტი დამინახა. მერე ინგლისურის გაკვეთილებზე ვლაპარაკობდი, არ ვუსმენდი მასწავლებელს. ერთხელაც სპორტზე რომ გავდიოდით, ბავშვს ვეჩხუბე, მაგრამ არა ტყუილუბრალოდ. მაგან ჩემს ძმას კვანტი გამოდო. ის დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მე ვერ მოვითმინე. სპორტი რომ მოვა, დაგელაპარაკები-მეთქი. კაიო. გარეთ რომ გავედით, გავაქანე და დავარტყი.

ერთ დღესაც მეძინა და ბავშვების ყვირილი შემომესმა – დირექტორი მოვიდაო. ამ დროს ბავშვები ლოგინიდან ლოგინზე ხტებოდნენ. ავდექი და მეც გავიხედე ფანჯარაში. დირექტორმა მე დამინახა, რატომ ხტუნავდი ლოგინებზეო. მე არ ვხტუნავდი-მეთქი… მაინც და მაინც მე დამინახა – მე დამადო ხელი და გამომიშვა. ოთახში 10-15 ბიჭს გვეძინა. ჩვენთან ორსართულიანი საწოლები დგას, მაგრამ ფანჯრიდან ბავშვი ვერ გადავარდებოდა, დაკეტილი იყო.

 

ქუჩა

ქუჩაში ყოფნა არ მომწონს, კაი სიტყვას ვერ გაიგებ. ღამე მთვრალი კაცები იგინებიან. გამომყეო, მეუბნებიან. ერთხელ ერთმა მომკიდა ხელი, პოლიციაში უნდა წაგიყვანო, ფულს რატომ ითხოვო. მაშინებდა. ხელი გამიშვი, სად უნდა წამიყვანო-მეთქი. ნარკომანი იყო. ერთ დიდ ბიჭს ვიცნოდი, ვულკანიზაციაში მუშაობს. ვიყვირე – გოჩა ბიძია-მეთქი. ვიცნობდი გოჩას და ის დამეხმარა. გადამარჩინა. მერე პოლიციაც მოვიდა და ვინც მიმათრევდა, იმას პანჩური ამოარტყეს.

ქუჩაში ჩხუბით არ ვჩხუბობ. ერთხელ, 11 წლის ვიყავი და მივდიოდი პარკში საქანელებზე. მაგ დროს ბავშვი ვიყავი. ფული მომთხოვეს. ვუთხარი არ მაქვს და რომც მქონდეს, ჩემთვის მექნება-მეთქი. აუ, ბიჭო, შენ როგორ ლაპარაკობო. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ლუკა ჩხარტიშვილი კიკ ბოქსში დადიოდა. ფეხი რომ წამოიღო, პირდაპირ ლავიწის ძვალი ჩამიმტვრია. მწარე ფეხი აქვს. რომ დამარტყა წავიქეცი, კინაღამ მანქანის შუშა დავამტვრიე.

ჩემმა მეგობარმა, ერთია და სულ ფულს მჩუქნის, რა გჭირს ბიჭოო. ვუთხარი, ჩამარტყეს ლავიწის ძვალში და ხელს ვეღარ ვანძრევ-მეთქი. ბავშვთა საავადმყოფში რენტგენი გადამიღეს. ბამბა და ბინტები დამადეს და მხარი გამისწორეს. ლოგინზე როგორ ვიწექი იცი, ბალიში შუაში მედო, წელთან. მამაჩემმა შემნიშნა და ვუთხარი რაც მოხდა. იმ ბიჭმა 200 ლარი მომცა და მაგით წამლები ვიყიდეთ. მაგის დედამ და მამამ მომცეს.

„ჩემს სკოლაში მინდა დაბრუნება, მაგრამ არ მაბრუნებენ“

ამ სკოლაში რატომ წამიყვანეს პირველ კლასში, არ მახსოვს. მაშინ დედინაცვალი არ მყავდა. ნამდვილი დედა მყავდა. იქ საჭმელი იყო, ვიძინებდი. იქ მერჩივნა ყოფნა. მამაჩემი რომ თვრება ხანდახან, ჩემთან ჩხუბს იწყებს და მაგი არ მინდოდა.

ჩემს სკოლაში ბავშვებს კარგად ექცევიან. დილით ვიღვიძებთ, ვჭამთ, მერე კლასში წავალთ. გაკვეთილების მერე სასადილოში შევდივართ, მერე დავალებას ვწერთ. სანამ არ ვისწავლით, იქამდე გარეთ არ გამოგვიშვებენ. შუადღეზე კიდევ „ბულკი“ და კაკაო. მერე საღამოს ჩაი, მერე ჯერ საჭირო ოთახში და მერე საძინებელში. მერე გათენდება და ასე.

საღამოს 9-ზე დიდები იძინებენ, 8-ზე – ჩვენ. გასართობიც გვაქვს, ხან ტელევიზორს ვუყურებთ, ხან ვხატავთ, ხან ვთამაშობთ. რომ ვიძინებთ, ძიძა რჩება ჩვენთან. ორი ძიძა გვყავდა. ძიძები კარგად გვექცევიან. თუ არ დაიძინებ, გაგაფრთხილებენ, მერე დაცვას ეტყვიან არ გვემორჩილებაო. მოვა დაცვა, გაგაფრთხილებს და დაიძინებ. დიდები არ გვაძინებენ – შუქები კი გვაქვს ჩაქრობილი, მაგრამ მუსიკას რთავენ ხმამაღალზე.

სკოლაში დაბრუნება ნამდვილად მინდა, მაგრამ ჩემს სკოლაში. იქ მიჩვეული ვარ, ჩემი ძმაც იქ სწავლობს. ვერთობი, ვთამაშობ.

სხვა სკოლაში გაზაფხულზე ერთ კვირას ვიარე. გარეთ რომ გავდიოდით, ბიჭები იწყებდნენ რაღაცებს, დაცინვას. მე მეკეტება მაგნაირებზე და რაც მომყვება, ჩავარტყამ. ამიტომ არ მინდა. ჩემს სკოლას მიჩვეული ვარ – დირექტორს ვიცნობ, ბავშვებთან ურთიერთბა მაქვს. ხეებია, ფეხბურთია. ჭამა-სმა.

„რაზე ვოცნებობ“

მინდა აკადემიაში. გემის ტარებას ვისწავლი, ხელფასსაც ავიღებ, სახლს ვიყიდი. ასე იქნება ჩემი ცხოვრება. ამის მიღწევა სწავლით შემიძლია. თუ ვისწავლი, ატესტატს ავიღებ და მერე წავალ აკადემიაში. მაგრამ მაგას ინგლისური უნდა. ინგლისური წერა და კითხვა კი ვიცი, მაგრამ ვერ ვსწავლობ…

ილიას ყოფილი სკოლის დირექტორი

ჩვენ რა უფლება გვქონდა სკოლიდან გაგვეშვა. მაგის პატარა ძმა ჩვენთან სწავლობს, მაგრამ უფროსმა მშობელი აიძულა გადაეყვანა სხვაგან – სხვა სკოლაში გადავიდა მარტის თვეში. ეს ბავშვი არავის ემორჩილება, არც მშობელს. თავიდან მშობელმა დააწყებინა ქუჩაში მოწყალების თხოვნა, მერე თვითონაც გაიღო ამის გემო და თანატოლებს თუ პატარებს მის ჭკუაზე ატარებს – ერთმა ილიამ ათი ილია გააჩინა. ბავშვებს ეუბნება, აქ რა გინდათ, წამოდით ჩემთან და ერთ საათში 300 დოლარს გაგაკეთებინებო. ძირითადად საკონსულოებთან და შუქნიშანთან ითხოვს მოწყალებას. სამჯერ მე თვითონ ვიპოვე. სკოლაში მივიყვანდი, 5 წუთში გაიპარებოდა. ჩვენი სკოლა უნდოდა იმის გამო, რომ ეს სკოლა არის ქალაქიდან შორს და ვერავინ აკონტროლებს – ოჯახში ატყუებს, რომ სკოლაშია და სინამდვილეში სხვაგან არის.

სკოლაში დავაბრუნო? – რის გამო. ეს სკოლაა და არა ციხე, რომ გამოკეტო. კლასში რომც მივიღო, ადგილი არ მაქვს, რეზერვში მაგის კლასში კიდევ 25 ბავშვი მყავს ჩაწერილი. მაგის კლასში 46 ბავშვია, ორ პარალელურ კლასში. დაფასთან დგას მერხები.

და ერთიც – თუ ვინმე განიცდის ამ ბავშვის ბედს, არაფერს აკეთებენ, უფლებების დამცველები თუ სოცმუშაკები. მე მირეკავენ აბა სად წავიყვანოთო. სინამდვილეში, ჩვენ როცა პრობლემა გვაქვს, არავინ გვეხმარება. თუ გინდათ მაგ ბავშვთან მიმართებაში, სანამ პატარა იყო და პრობლემები დაგვეწყო, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დაგვიმტკიცეთ თუ აშავებსო.
მშობელს რომ ვიბარებდით, მოსვლა არ უნდოდა. რა მოხდაო იძახდა. იმიტომაც ვერ მოდიოდა, რომ არავითარი უნარი არ ჰქონდა ამ ბავშვის მართვის. თუ მშობელი არ იქცევა სათანადოდ, ჩამოართვან მშობლის უფლება.

ეს ბავშვები სხვებს უფუჭებენ ცხოვრებას. ეგენი ქუჩაში სისტემურად იმართებიან, ეს ხომ ყველამ ვიცით, არა?

რა გავაკეთო? მას ერთი გრამი სურვილი არ აქვს, რომ დაეხმარო, პირიქით – შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იქეთ დაეხმაროს… ვინ რას უკეთებს მაგ ბავშვს, მე არ ვიცი, მაგრამ ყველა ფულს რომ ართმევს, ვიცი. ნაცემია? – დავიჯერო მამამ სცემა? მამა პირველ კლასშიც ურტყამდა ვითომ, მაგრამ სინამდვილეში, უმრავლეს შემთხვევაში, ქუჩაში ჰქონდა ნაჩხუბი და მამას აბრალებდა.

თიკო აბაშიძე – საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილიაზე

ილია ჩვენ 9 თვის წინ ვიპოვეთ ქუჩაში. შემდეგ გაუჩინარდა და მეორედ ახლა ვნახეთ – სამი დღის წინ. ილიას ყოფილი სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ ბავშვი გასული სასწავლო წლის 25 მარტს ამორიცხა სიიდან. სხვა სკოლაში, სადაც ჩარიცხეს, მხოლოდ ერთი კვირა იარა მაისში.

ახლა ნოემბერია და ამ სკოლას არც წელს მოუკითხავს ბავშვი. კლასის დამრიგებელმა ერთხელ მოძებნა და ვერ მიაგნო მშობლებიო, ამბობენ სკოლაში, მაგრამ ამ ოჯახს ბინა არასდროს გამოუცვლია… სკოლის დირექტორს კანონში უწერია, რომ კლასის დამრიგებელმა ვიზიტი უნდა განახორციელოს ოჯახში, როცა ბავშვი არ ცხადდება, შემდეგ კი უნდა მიწეროს კომპეტენტურ ორგანოებს. ეს არ გაუკეთებიათ.

ილიას თავის ყოფილ სკოლაში უნდა დაბრუნება, მაგრამ იქ დირექტორი მეუბნება _ ჩვენთან არ ისწავლოს და სადაც გინდათ იქ გადაიყვანეთო.

ამ ბავშვების მიმართ სახელმწიფო გულგრილია – „იალქანი“, ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ და ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ეხმარება. ბავშვებს, რომლებიც არ არიან მარტო, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. ჯამში 75 ბავშვი გვყავს, აქედან 35 სისტემატურად დადის, არ აცდენს გაკვეთილებს – მოხალისე პედაგოგები 8 საგანში ვამეცადინებთ უფასოდ. დანარჩენი ბავშვები მიდიან და მოდიან იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლიან ადგილს – ხან სოფელში მიდიან, ხან თურქეთში გადადიან. ბევრი ბავშვის დედა იქ არის გათხოვილი.

ამ ბავშვების ძირითადი პრობლემა არის განათლება და ურთიერთობა. ისინი არასრულფასოვნად, საზოგადოებისგან გარიყულებად გრძნობენ თავს. გვქონია შემთხვევები, როცა პედაგოგმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს სცემა.

ფინანსურად, იურიდიულად მეგობრები გვეხმარებიან – ძირითადად მეზღვაურები და პედაგოგები. გვინდოდა გვებრძოლა გრანტზე, გვეთანამშრომლა მერიასთან, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა – ბათუმის მერია უკონტაქტოა, ყველაფერზე უარს გვეუბნებიან. მერიაში გაგზავნილი 100 წერილიდან პასუხი არც ერთზე მოუწერიათ.

თავიდან ვითხოვდით ფართობის დაფინანსებას. შევთავაზეთ გზებიც, თუ საიდან შეიძლებოდა დაფინანსების გამოყოფა. მერიას რამდენიმე პროექტი ჰქონდა გამოცხადებული, იქაც შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ უარი გვითხრეს.

წამლისთვის, საჭმლისთვის თანხის შეგროვება უფრო ადვილია, მაგრამ ფართობის თანხის შეგროვება ჭირს. ახლა ერთი თვის დავალიანება გვაქვს და შეიძლება გაგვასახლონ. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, ეკონომიკის სამინისტროსაც, ბათუმში, ჯავახიშვილზე ფართობია – ის რომ გადმოეცათ, დღის ცენტრისა და კრიზისული ცენტრისთვის გვეყოფოდა. სრულყოფილ სერვისს შევთავაზებთ ბავშვებს.

მოხალისეობრივ სისტემას არ შევცვლით – საზოგადოებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. მაგრამ გვჭირდება კომუნიკაციის გადასახადი და ფართობის ქირა, – თვეში დაახლოებით 1500 ლარი.

თორნიკე თავაძის ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: