მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ შს სამინისტროს ქონება გადასცა

08.11.2016 • 2107
ბათუმის მერიამ შს სამინისტროს  ქონება  გადასცა

სახელმწიფო სტრუქტურებისგან ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას მისი განკარგვის ან გასხვისების მიზნით, ბათუმის საკრებულო, ძირითადად, ეთანხმება. ამჯერად საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანგისის დასახლებაში არასასოფლო სამურნეო ნაკვეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას, ადრე გადაცემული შენობის დაბრუნების სანაცვლოდ. ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და როგორც ბათუმის მერისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალბიუჯეტიან სამინისტროს მისი მოვლა-პატრონობა გაუჭირდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სახანძრო და სამაშველო სამსახურის უძრავ-მოძრავი ქონება შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 გადაეცა. მათ შორის იყო სახანძრო სამსახურის შენობა ბათუმში, 26 მაისი ქუჩაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მეორე შენობა კი ხახულის ქუჩაზე #39-ში მდებარეობს და ავარიულ მდგომარეობაშია.

„შენობა მთლიანად სარემონტოა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის მიერ ბათუმის მერისადმი მიწერილ წერილში. თუმცა, ის ქონების უკან დაბრუნების და სანაცვლოდ სხვა ქონებას ითხოვს, სახანძროსთვის ახალი შენობის ასაშენებლად. შს სამინისტროში ასევე მიაჩნიათ, რომ დღეს არსებული შენობა ბათუმში სახანძრო სამსახურისთვის შეუსაბამო ადგილას მდებარეობს.

სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ბათუმისა და მის მიმდებარედ დასახლებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ბათუმის აეროპორტისა და სარფის მიმართულებით აშენდეს სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა. შშს სამინისტრო ხელვაჩაური-სარფის გზის მიმდებარე ტერიტორიის მოთხოვნას სწრაფი რეაგირების აუცილებლობით ხსნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბათუმის მერს არწმუნებს, რომ სახანძროს ადმინისტრაციული შენობის განთავსება მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მისცემს სამსახურს შესაძლებლობას მყისიერი რეაგირება მოახდინოს აეროპორტის, საბაჟო ტერმინალის, საბაჟო გამშვები პუნქტის, ხელვაჩაურის ცენტრის, გონიოსა და სარფის მიმართულებით ხანძრის ლიკვიდაციისა თუ სამაშველო-საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად.

ახალი შენობის ასაშენებლად სააგენტომ ბათუმის მერიისგან ანგისის დასახლებაში არსებული 3000 კვ.მეტრი არასასოფლო-სამურნეო ფართობი მოითხოვა. სააგენტოს უფროსის წერილში ნათქვამია ასევე, რომ თანხმობის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მზად არის ბათუმის მუნიციპალიტეტს უკან დაუბრუნოს შენობა ბათუმში, ხახულის 39-ში მასზე დამაგრებულ მიწის ფართობთან ერთად.

ბათუმის მერი არ არის უფლებამოსილი ქონების გადაცემა-უკანდაბრუნების საკითხი გადაწყვიტოს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს. გასულ სხდომაზე სწორედ საკრებულოს წევრებმა მიიღეს სააგენტოს უფროსის შეთავაზება დაიბრუნონ ის, რაც ავარიულია – ძველი შენობა და გადასცენ ადგილი, სადაც ახლის აშენება შეიძლება.
გასულ სხდომაზე საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 680 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 379 კვ.მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობა გადასცა შს სამინისტროს ანგისის დასახლებაში. აქედან 5 380 კვ.მეტრი მასზე დამაგრებული შენობით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს საკუთრებაში გადავა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში დარჩება 1300 კვ.მეტრი – ამ ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პირობით.
რას უპირებს მერია ხახულის ქუჩაზე მდებარე ავარიულ სახლს, ეს, ჯერჯერობით, გაურკვევლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: