მთავარი,სიახლეები

გაზბეტონის ქარხანა საცხოვრებელ სახლებთან

05.11.2016 • 3317
გაზბეტონის ქარხანა საცხოვრებელ სახლებთან

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს. დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება, საკრებულო კი თანახმაა.

ბენზეს დასახლებაში ქარხნის მშენებლობით შპს „ვიქტორია გაზბეტონია“ დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი უკრაინის მოქალაქე ვიქტორია ვარლამოვაა. მისი პარტნიორი და კომპანიის 25%-ის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ბეგლარ ანუშიძე. რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ივნისშია დაფუძნებული.

ვიქტორია ვარლამოვა, მისივე თქმით, უკრაინაში სააფთიაქო ქსელის მფლობელია, მანამდე კი ის უკრაინაში გაზბეტონის ქარხანაში მუშაობდა და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება აქვს.
2013 წელს ბეგლარ ანუშიძე ფლობდა შპს „ეტაბალ გეომეტალის“ 10%-ს, კომპანიის 80 პროცენტი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა, ახლა კი ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. ბეგლარ ანუშიძე ამ დრომდე ფლობს ასევე შპს „BALKAN GEORGIA“30 პროცენტს, ამ კომპანიის დანარჩენ წილებსაც თურქეთის მოქალაქეები ინაწილებენ. რაც შეეხება ვიქტორია ვარლამოვასთან მის პარტნიორობას – ბეგლარ ანუშიძე ამბობს, რომ ერთმანეთი შემთხვევით, კაზინოში გაიცნეს და თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

კომპანიის დაფუძნების შემდეგ პარტნიორებმა დაიწყეს მოლაპარაკება საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გაზბეტონის ქარხნის აშენებაზე. „რამდენიმე ადგილი შემოგვთავაზეს, განვიხილავდით ასევე მიწის ნაკვეთს განთიადში, მაგრამ არ გამოვიდა. „ბითმაჟის“ ქარხნის ტერიტორიის შესახებ იქედან ვიცოდი, რომ აქვე ვცხოვრობ“, – გვიყვება ბეგლარ ანუშიძე.
მიუხედავად იმისა, რომ დასახლებულ ზონაში ქარხნის მშენებლობას, ამავე საკრებულოს მიერ დამტკიცებული რეგულაციები კრძალავს, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობას ბათუმის საკრებულო მაინც დათანხმდა. მეტიც, პროექტს საკრებულოს იმ წევრებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებსაც კომისიის სხდომაზე, ამ საკითხის განხილვისას, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

„რაც შეეხება ქარხნის მშენებლობას, რომელიც ბათუმის განაშენიანების ზონირების გეგმაში ცვლილებებს საჭიროებს, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს დასაბუთებული იქნას ტექნიკურ -ეკონომიკური პარამეტრები და ზონირების ცვლილების აუცილებლობა ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნაში. ინფრასტრუქტურის კომისია კი თავის დასკვნაში მერიისგან ზონირების ცვლილებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის დასაბუთებას ითხოვდა: „წარმოადგინოს ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებული გადაწყვეტილება ზონირების ცვლილების მიზანშეწონილობაზე“.

საფინანსო კომისიის ხელმძღვანელი თენგიზ აფხაზავა სხდომას არ ესწრებოდა, მისი კომისიის ორმა წევრმა, ლაშა სირაბიძემ და ლევან კინწურაშვილმა კი საკითხს მხარი დაუჭირეს. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა რამიშვილმა და მისმა კომისიამ.

დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობის იდეა საკრებულოს ოპოზიციას არ მოსწონს. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ სხდომაზე თქვა, რომ ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე დევნილთა სახლები უნდა აშენდეს და არა ქარხანა.

იმისთვის, რომ ინვესტორმა ქარხნის მშენებლობის დასაწყებად ნებართვა მიიღოს, გარემოს დაცვის სამინისტროს თანხმობის გარდა, საჭიროა საკრებულომ საცხოვრებელი ზონა საწარმოო ზონად გადააკეთოს – თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა სამშენებლო რეგულაცია მოარგეს მშენებელს. მერიამ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ამ ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად.
ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორია 60 616 კვ/მ ფართობია. აქედან ინვესტორს 30 000 კვ/მ-ის ათვისება სურს. ინვესტორი თავის წერილში წერს, რომ მიწის შეძენა ნორმატიულ ფასზე ბევრად ნაკლებად – 20 ლარად უნდა. ინვესტორი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა ფასის დაკლებას დათანხმდება, „ეს იქნება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან“. ამ საკითხზე კითხვები გასჩენია საკრებულოს საფინანსო კომისიას. თენგიზ აფხაზავა თავის დასკვნაში წერს, რომ თამარის დასახლებაში 1კვ/მ ფართობის ნომინალური ფასი 108 ლარია, ინვესტორის მიერ მოთხოვნილი ფასი კი ამაზე 5,4-ით დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორისგან დასაქმების პირობა მიიღეს, ადგილობრივი მოსახლეობა „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება. აქვე მცხოვრები ადამიანები შიშობენ, რომ ქარხნის ხმაური და გამონაბოლქვი მათ ცხოვრებას ნეგატიურად შეცვლის.

ბეგლარ ანუშიძე

ბეგლარ ანუშიძე

თამარის დასახლებაში, კორპუსში მდებარე ბინაში ცხოვრობს თავად ბეგლარ ანუშიძეც. ის ფიქრობს, რომ ქარხნის მშენებლობას იქ მცხოვრებთა მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება: „ვისაც ტერიტორიაზე ბარაკული შენობები აქვთ ჩადგმული, ბევრი იქ ცხოვრობს კიდეც. ჩვენ მათ არ შევეხებით. სხვებს კი დასაქმებას ვთავაზობ“.
ვიქტორია ვარლამოვა კი ამბობს, რომ გეგმავს თანამედროვე დანადგარის განთავსებას, რაც საერთოდ არ იწვევს ხმაურს და გამონაბოლქვს. ის ამბობს, რომ გაივლის ყველა ინსტანციას ქართული კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების მისაღებად, რაც მსგავსი ტიპის ქარხნის გახსნისთვისაა საჭირო: „მე სხდომასაც ვესწრებოდი იმისთვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხები“.
კითხვაზე, რატომ არ სურს კომპანიას ქარხანა სამრეწველო ზონაში ააშენოს? – ინვესტორი პასუხობს, რომ შესაბამისი ნაკვეთი მთავრობამ ინდუსტრიულ ზონაში ვერ გამონახა. ინვესტორის ინფორმაციით, პროექტის უპირატესობა ის არის, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული მასალა ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, რაც დანახარჯების დაზოგვას უზრუნვეყოფს. პროექტი ორასამდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.

ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორია, 60 616 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თამარის დასახლებაში, ბათუმის საკრებულომ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის ივლისში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენების პირობით უსასყიდლოდ გადასცა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ საფუძვლად დაუდო საქართველოს მთავრობის განკარგულება [#1162; 13/06/2012] დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის შესახებ. მიუხედავად ამისა, ყოფილი `ბითმაჟის~ ტერიტორიაზე სახელმწიფომ დევნილებისთვის კორპუსების აშენება გაურკვეველი მიზეზით ვერ შეძლო.

2016 წლის სექტემბერში კი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ირაკლი ჩიდრაშვილმა ბათუმის მერიას წერილობით აცნობა, რომ ქონების შეძენით ინვესტორია დაინტერესებული. ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ გაზბეტონის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას, სამაცივრე მეურნეობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და 7 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ინვესტორი სამომავლოდ ასევე გეგმავს ხის პადონების დამამზადებელი საამქროს მოწყობას, რომელიც დაამზადებს ტარას არამხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციის შესაფუთად, არამედ სარეალიზაციოდ. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ყუთების წარმოება, რომლებიც გამოიყენება ხილ-ბოსტნეულის შესაფუთად.
ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ტურისტულ ქალაქში, დასახლებულ ზონაში ქარხანა არ უნდა აშენდეს.
„მართალია, ადრე იქ „ბითმაჟის“ ქარხანა ფუნქციონირებდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლა ეს ტერიტორია საცხოვრებელი ზონაა. შესაბამისად, ადმინიტრაციული წარმოების პერიოდი, რომელიც საცხოვრებელი ზონის ინდუსტრიულ ზონად გამოცხადებას ითვალისწინებს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოვიძიოთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ტიპის ქარხნის აშენებას გეგმავენ, გავიაროთ კონსულტაციები გარემოს დაცვის ჭრილში, მითუმეტეს, რომ იქ დაწყებულია განაშენიანება. ასეთი ქარხნები ევროპულ ქვეყნებში ქალაქგარეთ, საცხოვრებელი ზონიდან დაშორებულ უბნებში კეთდება.

თუ დაიდება გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომ ეს არ იქნება საზიანო, ეს იქნება დასაფიქრებელი. თუმცა, მეორე საკითხიც გვაქვს – თუ ბათუმი, აჭარა არის ტურისტული ზონა და ამ მიმართულებით მიდის ქალაქის განაშენიანება, რამდენად გამართლებულია ასეთი სამრეწველო ზონის განვითარება?

ქალაქს უკვე მიღებული აქვს ზონირების რუკა. მე ვიცი, რომ ზონირების დოკუმენტის შედგენაზე მუშაობდა ყველა უწყება. მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ ეს ზონა უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი. სამწუხაროდ, არ გვაქვს ქალაქის დაგეგმარების სტრატეგია. ბოლო ცვლილება მიუთითებს ხელისუფლების არასტაბილურ პოლიტიკაზე“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: