მთავარი,სიახლეები

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

02.11.2016 • 1581
როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა.

“სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და არ შედგენილა შესწორების ოქმი.

მესამე სექტორის სარჩელებიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ყველაზე მკაცრი სანქცია – უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ ბათუმის 69-ე ოლქის 58-ე უბანზე გამოიყენა, სადაც წილისყრის პროცედურებთან ერთად დაირღვა საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. საოლქო კომისიამ ამ უბნის თავმჯდომარეს და მდივანს ვადამდე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი 8 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში ვეღარ დასაქმდებიან.

“სამართლიანი არჩევნების” 11 საჩივრიდან 7 სრულად დააკმაყოფილმა ოლქმა. საჩივრები, ძირითადად, კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევას, ორი კი შემაჯამებელ ოქმებში აუცილებელი რეკვიზიტების არარსებობას ეხებოდა. საოლქომ კომისიამ ამ შემთხვევებში დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა – გაფრთხილება გამოიყენა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” 5 საჩივრიდან სრულად 3 დააკმაყოფილა ბათუმის საოლქო კომისიამ. სამივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და კომისია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. საოლქო კომისიამ ბათუმის 70-ე ოლქის 86-ე უბანზე დაწერილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადაც ხმების ხელახლა გადათვლა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ კომისიის ერთ-ერთ რეგისტრატორს გაფრთხილება მისცეს.

ბათუმის საოლქო კომისიამ 20-მდე საჩივარი განიხილა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: