მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

02.11.2016 • 2765
უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის

ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას დავით თედორაძე გახსნის. ის დეპუტატების ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრია. წინა მოწვევის პირველი სხდომა ირაკლი ჯაშმა გახსნა. მან ლექსი მაშინდელ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნა. ჯაშისგან განსხვავებით, დავით თედორაძე პოეტია და აჭარის მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი, თუმცა ის ლექსის წაკითხვას პირველ სხდომაზე არ აპირებს

“ლექსს მე ვკითხულობ მწერალთა კავშირში, საზოგადოებასთან… უმაღლესი საბჭო ლექსის წაკითხვის ადგილი არ არის. რა ფორმით გავხსნი, გადაწყვეტილი არ არის. ამაზე ჯერ არავისთან მისაუბრია,” – უთხრა დავით თედორაძემ “ბათუმელებს”. ის  უმაღლეს საბჭოში პარტია “ქართული ოცნების” სიით შევიდა. მანამდე დავით თედორაძე ბათუმის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენდა. წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ „ალიანსის“ ღირებულებების ერთგული რჩება. 

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს მას შემდეგ, რაც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგს გამოაცხადებს. უსკოს შეჯამებისთვის კენჭისყრის დღიდან 19 დღეს აქვს, თუმცა პარმენ ჯალაღონია, უსკოს თავმჯდომარე, “ბათუმელებთან” ამბობს, რომ საბოლოო შედეგს კომისია 18 ნოემბრამდე ბევრად ადრე გამოაცხადებს: “ეს დამოკიდებულია ოლქების შემაჯამებელ ოქმებზე და საჩივრების განხილვაზე”. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე სწორედ პარმენ ჯალაღონია გააცნობს საზოგადოებას არჩევნების შედეგს. ჯალაღონიას შემდეგ დაიკავებს ტრიბუნას დავით თედორაძე, რის შემდეგაც სხდომა გახსნილად ჩაითვლება.

უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 14 “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, ხუთი – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. თითო-თითო წევრით იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი “პატრიოტთა ალიანსი” და “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”. აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო მომავალ წელს 4 მილიონ 846 ათას ლარს დახარჯავს. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: