მთავარი,სიახლეები

ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

01.11.2016 • 9731
ბავშვების რა უნარებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე 7 წელია მუშაობს, თუმცა პროგრამაში ბენეფიციართა რაოდენობა შეზღუდულია. სპეციალისტების შეფასებით, არსებული ბიუჯეტი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველოში განვითარების პრობლემა 2 წლის ასაკის ბავშვთა 8,5%-ს, ანუ 25 000 ბავშვს აღენიშნება. ვის კომპეტენციაშია ბავშვის განვითარების შეფასება, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება და რა ასაკში „ბათუმელებს“ აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ინგა ზარანდია ესაუბრა.

ქალბატონო ინგა, ხშირად ბავშვის განვითარებაში მხოლოდ ფიზიკურ განვითარებას მოიაზრებენ. რას გულისხმობს ბავშვის ადრეული განვითარება და რას ნიშნავს მისი შეფერხება?

ბავშვის ადრეული განვითარება 0-დან 3 წლამდე ასაკს მოიცავს და გულისხმობს მოტორული, კოგნიტური (შემეცნება), სოციალური უნარების, მეტყველების განვითარებას, ასევე თვითმოვლის ისეთი უნარების განვითარებას როგორიცაა ჭამა, დაბანა, ჩაცმა-გახდა, ტუალეტის უნარ-ჩვევები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 0-დან სამ წლამდე ასაკი არის კრიტიკული პერიოდი განვითარებისთვის, რადგან ამ დროს ბავშვის თავის ტვინი ყველაზე ბევრს ითვისებს. სწორედ ამ ასაკში არის საჭირო ბავშვის განვითარების მაქსიმალური სტიმულირება ყველა სფეროში.

განვითარების შეფერხება გულისხმობს, რომ ბავშვს აქვს გარკვეული სპეციფიური მდგომარეობა, მაგალითად, როგორიცაა დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმის სპექტრის აშლილობა ან სხვა. ამ მდგომარეობების დროს ბავშვებს სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ტიპის სირთულე აქვთ, თუმცა შესაძლოა ბავშვს არ ჰქონდეს სპეციფიკური მდგომარეობა და დიაგნოზი, მაგრამ ჰქონდეს ერთ ან რამდენიმე სფეროში შეფერხება, მაგალითად, მხოლოდ მეტყველებასთან დაკავშირებული, ან მხოლოდ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვინ აფასებს ბავშვის განვითარებას და რა როლი აქვს ამაში პირველადი ჯანდაცვის რგოლს?

განვითარებულ ქვეყნებში პედიატრი და ზოგადად პირველადი ჯანდაცვის რგოლი აკეთებს ადრეულ ასაკში ბავშვის გეგმიურ სკრინინგულ შეფასებებს და ახდენს საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პედიატრებს ამის ვალდებულება არ აქვთ, ამიტომაც არის, რომ სამი წლის ასაკამდე ნაკლებია მომართვიანობა და გადმომისამართება ხდება არა გეგმიური სკრინიგული შეფასების საფუძველზე, არამედ, მაშინ, როცა შეამჩნევს მშობელი ან პედიატრი ბავშვს რაიმე ნიშანს. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მომართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან. შესაძლოა იმის გამოც, რომ მათ ნაწილს ტრენინგები უტარდება ამ მიმართულებით. ჩვენთან, ადრეული განვითარების პროგრამაში, ბავშვები ძირითადად დიაგნოზებით ხვდებიან. თუ დიაგნოზი არ აქვს ბავშვს, მაგრამ აქვს ერთ სფეროში შეფერხება, მაგალითად, არ მეტყველებს ან აქვს სოციალურ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები ან სხვა – ამ შემთხვევაში ნაკლებად ხდება რეფერირება.

ბავშვების საჭიროებების განსაზღვრა (არა დიაგნოსტირება) სწორედ ადრეული განვითარების პროგრამის პროვაიდერ ცენტრებში ხდება, სადაც გვაქვს სტანდარტიზებული შეფასების ინსტრუმეტები (კითხვარები) და გვყავს ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი, რომელთა უშუალო კომპეტენციაა განვითარების შეფასება და ჩარევა საჭიროების შემთხვევაში.

რამდენად არიან მშობლები ინფორმირებული ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ? რამდენად ხშირად რჩებათ ყურადღების მიღმა განვითარების შეფერხების ესა თუ ის ნიშანი?

წლების წინ მომართვიანობა იყო ძირითადად 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე, დღეს მომართვიანობა დაიწყო სამ წლამდე და ხშირად წლამდე ასაკის ბავშვებზეც. ინფორმირებულობა ბავშვის განვითარების შესახებ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა, ადრეული განვითარების პროგრამამაც შეიტანა ამაში წვლილი, მაგრამ ამ მხრივ ცნობიერება მაინც დაბალია. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ მეტყველების პრობლემით, ალბათ იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეტად არის შესამჩნევი, მაგრამ მანამ სანამ ბავშვი მეტყველებას დაიწყებს, საკმაოდ ბევრი უნარი უნდა განვითარდეს, რაც ხშირად რჩებათ ხოლმე ყურადღების მიღმა.

როდის უნდა იეჭვოს მშობელმა, რომ ბავშვს აქვს განვითარების პრობლემა, საყურადღებო ნიშნები რომ ჩამოთვალოთ – რა ასაკში და რა უნარებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

ყველა სფეროში, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რამ არის წამყვანი. ჩვენ ვამბობთ 0-დან 3 წლამდე ასაკს, მაგრამ აქ შესაძლოა ყოველი ორი თვე იყოს ახალი ასაკობრივი ეტაპი ბავშვისთვის. შესაძლოა განვითარების შეფერხებასთან გვქონდეს საქმე იმ შემთხვევაში თუ ბავშვი აგვიანებს ასაკის შესაბამისი უნარების გამოვლენას, კერძოდ, თუ 1 თვემდე ბავშვი არ რეაგირებს ხმაზე, არ წოვს ან ყლაპავს, არ ამყარებს თვალით კონტაქტს მომვლელთან, ხელში აყვანის დროს არ მშვიდდება, თუ 4 თვემდე ასაკში ღიმილზე ღიმილით არ რეაგირებს, ობიექტებს არ აყოლებს თვალს, თავს არ აბრუნებს მოძრავი ობიექტებისკენ, არ იწვდის ხელს სათამაშოს გამოსართმევად, თავს არ წევს მუცელზე წოლისას, თუ 8 თვის ასაკში არ ეძებს დამალულ ნივთს, არ იღებს ნივთებს პინცეტისებურად თითებით, ვერ ზის დამოუკიდებლად, არ ინტერესდება ახალი ხმებით, თუ 12 თვემდე ასაკში ბავშვი არ იმეორებს მარტივ ბგერებს, არ ინტერესდება ილუსტრაციებით, არ რეაგირებს კითხვებზე, არ შეუძლია სიტყვების მნიშვნელობის გაგება, არ აქვს მცდელობა ჭამოს დამოუკიდებლად, არ გვეხმარება ჩაცმა-გახდის დროს ხელისა და ფეხის აწევით, თუ 2 წლის ასაკის ბავშვი არ საუბრობს ორსიტყვიანი ფრაზებით, ვერ ახდენს ნაცნობი ობიექტების იდენტიფიცირებას, ვერ დადის, არ ითხოვს საგანს დასახელებით, დამოუკიდებლად ვერ ადის და ჩადის კიბეზე, არ ცდილობს სირბილს, არ ინტერესდება როცა რაიმეს უკითხავენ, ვერ აშენებს კოშკს კუბიკებით, თუ 3 წლის ასაკში ვერ ჭამს დამოუკიდებლად, ვერ იხდის დამოუკიდებლად, არ აქვს ტუალეტის უნარ-ჩვევები, არ ინტერესდება სხვა ბავშვებთან თამაშით, ვერ ითვლის სამამდე, ვერ ჭრის მაკრატლით – შესაძლოა ეს იყოს სასიგნალო ნიშნები დაკავშირებული განვითარების შეფერხებასთან ერთ ან მეტ სფეროში და საჭირო გახდეს შესაბამისი სპეციალისტის ჩარევა.

ტიპიური განვითარების ბავშვებს ყველაზე ხშირად განვითარების რა სფეროში აქვთ პრობლემა?

სოციალური უნარ-ჩვევები – ეს შეიძლება იყოს სათამაშოს გაზიარება, თხოვნა, რომ მისცენ ნივთი, მადლობის გადახდა, რიგის და ჯერის დაცვა თამაშის დროს, კონფლიქტების კონსტრუქციული გზით მოგვარება. ხშირად ბავშვებმა არ იციან ურთიერთობა, არ იციან როდის როგორ მოიქცნენ, რადგან სოციალური ურთიერთობების მწირი გამოცდილება აქვთ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ტელევიზორთან და ნაკლებს მშობლებთან, თანატოლებთან. არის შემთხვევები, როცა ბავშვი აბსოლუტურად ვერ დებს მნიშვნელობას იმაში, რასაც ხედავს, მაგრამ დიდ ხანს ზის ტელევიზორთან, რადგან ვიზუალური სტიმულები ართობს მას. მნიშვნელოვანია, რომ გაჯეტებთან ურთიერთობა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული და მხოლოდ მიზანმიმართულად და შეზღუდული დროით იქნას გამოყენებული, სანამ ბავშვი ამეტყველდება, სასურველია ჩავურთოთ ტელევიზორი მხოლოდ მშობლიურ ენაზე.

რამდენად ხშირია მშობლების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულება ბავშვის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით?

ბოლო წლებში მსგავსმა ტენდენციებმა იკლო, ვინაიდან საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით უფრო ჯანსაღი გახდა, რაც შეიძლება მოიტანა ინკლუზიურმა განათლებამაც. ბავშვები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები, სწავლობენ ჩვეულებრივ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და აღარ არიან სპეციალიზებული სკოლებისა და დაწესებულებების ბენეფიციარები, მედიამაც შეასრულა გარკვეული როლი, საზოგადოება მეტად ტოლერანტული გახდა და ეს გავლენას ახდენს მშობლებზე. გარდა ამისა, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობაც, მშობლები ადრეული ასაკიდანვე რთავენ ბავშვებს ადრეული განვითარების პროგრამაში და შესაბამისად მათი ცნობიერება ბავშვის მდგომარეობის მიმართ უფრო ტოლერანტულია. ამ მიმართულებით, მკვეთრად არის მდგომარეობა შეცვლილი, თუმცა მაინც არის გარკვეული სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: