სიახლეები

რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში

30.10.2016 • 1620
რა დარღვევებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში

ბათუმში ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აჭარაში ენმ-მა 20 საჩივარი დაწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე გახშირდა როგორც საჯარო მოხელეების, ასევე უმაღლესი საბჭოს და საკრებულოს წევრების მიერ საარჩევნო უბნის ტერიტორიებზე აგიტაციის ჩატარების  ფაქტები.

„როგორც საკრებულოს, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ატარებენ აგიტაციებს. ასევე თემის რწმუნებულები, რომლებიც ამავე დროს არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები,  საჯარო მოხელეები სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით არიან დარეგიტრირებულები წარმომადგენლებად უბანზე. ქედის მუნიციპალიტეტის უბნებზე არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან აგიტაციებს, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელი არის დამკვირვებელი უბანზე“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა იყვნენ დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე: “ჩვენი მმართველობის პერიოდში მსგავსი პრაქტიკა არასდროს გვქონია”.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის #20 უბანზე რეგისტრატორი არჩევნების პროცესში გავიდა საარჩევნო უბნიდან.

„მე-16 და 79-ე უბნებზე  მოხდა ერთი და იგივე დარღვევა. კონკრეტულად, გადასატანი ყუთის წილისყრაში არ მიიღეს  მონაწილეობა ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა, რის გამოც მათ აუკრძალეს სხვა წილისყრაში მონაწილეობის უფლება,” – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ კომისიის წევრს არ აქვს უფლება უარი თქვას წილისყრაში მონაწილეობაზე: “გასაგებია, რომ კომისიის წევრი წარმოადგენს პარტიას, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა შეასრულოს ის ფუნქციები, რაც აქვს კომისიის წევრს. ჩვენი მიდგომაა, რომ ამ უარის გამო სხვა წილისყრაში მონაწილეობა არ უნდა შეეზღუდოს კომისიის წევრს,”- ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, საიას იურისტი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფა დაფიქსირდა ხელვაჩაურის მე-6 უბანზე, ქობულეთის მე-4 და მე-8 საარჩევნო უბნებზე კი მარკირებაგავლილმა ადამიანების მისცეს ხმა. ასევე, მე-14 უბანზე იყო ვადაგასული პირადობებით ხმის მიცემის მცდელობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: