სიახლეები

შეუვსებელი სპეციალური სიები სადემონსტრაციო ოქმებში

30.10.2016 • 1993
შეუვსებელი სპეციალური სიები სადემონსტრაციო ოქმებში

ხელვაჩაურის მესამე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში კომისიის წევრებმა სპეცსიის გრაფა არ შეავსეს.

კომისიას ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მიუთითა და შენიშვნაც დაწერა. კომისის თავმჯდომარის და მოადგილის განმარტებით, მათ ასეთი მითითება ოლქისგან მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური სია ღია იმიტომ უნდა დარჩეს, რომ შეიძლება მასში ცვლილება შევიდეს.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  სიაში ამომრჩევლის დამატების გარდა (რაც კანონით დაუშვებელია), რა ცვლილება შეიძლება შევიდეს სიაში,  კომისიის წევრები პასუხობენ, რომ „შეიძლება ამომრჩეველი მოვიდეს ამონაწერით და შესაბამისი დოკუმენტებით“.

შეუვსებელი გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

შეუვსებელი გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

„ბათუმელები“ ოლქსაც დაუკავშირდა შეკითხვით, მიიღო თუ არა კომისიამ სპეცსიის ღიად დატოვების მითითება. ოლქის თავჯდომარის ომარ ვარშანიძის თქმით, დღეს სიაში არანაირი დამატება არ მოხდება და სპეციალური სიის ღიად დატოვება დავალება არ ყოფილა:

„ეს არ არის დავალება, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, როგორც ხელმოწერების გრაფა, სპეცსიის გრაფაც არის ცოცხალი ორგანიზმი,“ – ამბობს ოლქის თავმჯდომარე, რომლის თქმითაც, სპეცსია ღია რჩება, რომ არ მოხდეს ამომრჩეველთა გაორება: „შეიძლება ამ უბანზე არა, მაგრამ რადგან მაგალითად არსებობს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, საავადმყოფოები და შეიძლება სპეცსიაში შეყვანილმა ამომრჩეველმა ერთიანი სიით მისცა ხმა. ეს ხდება იმიტომ, რომ არ მოხდეს ამომრჩევლის გაორება.“

ხელვაჩაურის #1 უბანზე კი სპეცსია სადემოსტრაციო ოქმში ფანქრით შეავსეს.

ფანქრით შევსებული გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

ფანქრით შევსებული გრაფა სადემონსტრაციო ოქმში

საარჩევნო უბანზე სიტუაციის შესასწავლად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, კომისიის წევრებს ასეთი დავალება ნამდვილად ჰქონდათ და ეს მათი ბრალეულობა არ არის.

„სპეციალური სიები დილის 8 საათამდე უნდა იყოს შევსებული და ეს კანონის სავალდებულო მოთხოვნაა,“- განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თუმცა იგი თვლის, რომ ეს ხარვეზი საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან სპეცსიაში მოსახვედრად პირს სპეციალური საბუთი უნდა ჰქონდეს, რაც დაადასტურებს, რომ მან ნამდვილად დღეს გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება:

„საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სპეცსიის შევსება სავალდებულოდ  შესასრულებეული ქმედებაა კომისიის თავმჯდომარის მიერ, რომელიც უნდა განხორციელდეს დილის რვა საათამდე. რასაც აცხადებენ კომისიის თავმჯდომარეები და წევრები,  არ არის კანონშესაბამისი.  ისინი ამბობენ, რომ განმარტება მიიღეს ოლქისგან და წინასაარჩევნოდ ჩატარებულ ტრენინგზე უთხრეს, რომ სპეცისია არ დახურონ საღამოს 8 საათამდე. ჩვენ ვაფიქსირებთ შენიშვნებს ყველა ასეთ შემთხვევაზე და ველოდებით აღშიშნული პრობლემის აღმოფხვრას. ეს პრობლემა არ ახდენს გავლენას საარჩევნმო პროცესზე, რადგან სპეცსიაში გარეშე პირი მაინც ვერ მოხვდება. როგორო ჩანს, კომისიის წევრებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიული გადამზადების დროს.“

სპეციალური სია არ შეუვსიათ არც ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #17 უბანზე. აქ აცხადებენ, რომ სპეციალური სია საღამოს 8 საათზე შეივსება. უბანზე მყოფი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის თქმით, საქმე გვაქვს პროცედურულ დარღვევასთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: