სიახლეები

ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

08.06.2012 • 2201
ქალაქი ძვირადღირებული, ასტრონომიული და გაჩერებული საათებით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი საათისთვის გამოიყო თანხა. 471 ათას 671 ლარის ღირებულების საათი ზურაბ გორგილაძის #2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კოშკურაში უნდა განთავსდეს. როგორც მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, საათის შეძენა ევროპაში იგეგმება, „კერძოდ რომელ ქვეყანაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

ეს ბათუმში ბოლო ორი წლის მანძილზე შეძენილი მეოთხე ძვირადღირებული საათია. საათების შეძენის აუცილებლობას ბათუმის მერიაში ასე ხსნიან: „მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით“. თუმცა ყველაზე ძვირადღირებული საათი, რომელიც ყოფილი ეროვნული ბანკის კოშკურაზეა დამონტაჟებული, ასტროლოგიურია და ამ საათით დროის განსაზღვრა ტურისტებს და ბათუმელებს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე გაუჭირდებათ. ამ საათის ღირებულება 1 მილიონ 700 ათასი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული, მიხეილ სააკაშვილს კი საათის დამზადებასთან დაკავშირებით სხვა ვერსია აქვს. გასულ წელს მან უკრაინელ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის იტალიის ქალაქ მანტუაში არსებული საათის ანალოგია: „ეს არის კოპიო, ქართველმა სპეციალისტებმა მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით გააკეთეს“ – განაცხადა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი ძვირადღირებული საათი „პიაცას“ კოშკურაზეა დამონტაჟებული. ამ საათში მერიამ 322 ათას 286 ლარი გადაიხადა.
ძვირადღირებული საათების შეძენის პარალელურად ევროპის მოედანზე, ასტროლოგიური საათიდან დაახლოებით 50 მეტრი მოშორებით, მერიის ბიუჯეტიდან 20 000 დოლარად (ექვივალენტი ლარებში) შესყიდულ საათზე დრო გაჩერებულია. საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს.
საერთო ჯამში, ბოლო წლების მანძილზე ქალაქის მერიამ საათების შესაძენად 2 მილიონ 500 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.

 

გადაბეჭდვის წესი