კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

29.10.2016 • 1510
120 ოჯახი ქედაში სახლის სახურავს ითხოვს

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა წელს, პირველად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ამორტიზებული სახურავების შესაცვლელად თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. ქედის გამგეობამ ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოყო. ვინ მიიღებს სახურავებს სახელმწიფოსგან უფასოდ? – ამ საკითხზე საბოლო გადაწყვეტილებას ქედის გამგეობაში არსებული სპეციალური კომისია მიიღებს.

ქედაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი საცხოვრებელი სახლები სახურავების შეცვლას საჭიროებს, ქედის გამგეობა სახურავით დაეხმარება.

ქედის გამგეობა სოციალურად დაუ¬ცველი ოჯახებისთვის თუნუქის ფურცლებით დახმარების პროგრამას წელს პირველად განახორციელებს. გამგეობამ 2960 ცალი თუნუქის ფურცლის შესაძენად ტენდერი 19 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში შპს „პატრიოტმა“ 34 928 ლარით გაიმარჯვა.

ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ პროგრამით სახურავს 40 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 აჭარბებს, გამგეობა ოჯახს სახურავით ვერ დაეხმარება, რადგან, როგორც გურამ ბერიძე განმარტავს, პროგრამით გათვალისწინებული მთავარი კრიტერიუმი სოციალურად დაუცველის სტატუსია. განცხადების განხილვისას, სტატუსთან ერთად, ყურადღება იმასაც მიექცევა, ოჯახი მრავალშვილიანია თუ არა. ვის შეხვდება სახურავები სახელმწიფოსგან უფასოდ, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სახურავის გამანაწილებელი დროებითი კომისია მიიღებს.

სახურავის მიღების მოთხოვნით ამ დრისთვის ქედის გამგეობაში 120 მოქალაქის განაცხადია შესული.

„1,8 კვადრატული მეტრის ზომის 2960 ცალი თუნუქის ფურცლები ტენდერით შევიძინეთ, რაც დაახლოებით 40 სახლს გადახურავს. პროგრამის ფარგლებში იმ ოჯახებს დავეხმარებით, ვისაც სახურავის პრობლემა აქვს და მათი სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა.

ოჯახების მდგომარებას ადგილზე მისვლით შეისწავლის კომისია და საბოლოო გადაწყვეტილებასაც კომისია ერთობლივად მიიღებს. ორ ჯგუფად გაიყოფა კომისია, გავალთ ადგილზე, ვნახავთ საცხოვრებელ სახლებს, დავასურათებთ და შევქმნით ბაზას. შემოსულ განცხადებებს თუ გადავხედავთ,  10 ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები არ არის. შესაბამისად, მათ მდგომარეობას კომისია არ შეისწავლის“, – ამბობს გურამ ბერიძე.

კითხვას, რამდენად მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება კომისია სახურავების განაწილებისას? – გურამ ბერიძე ასე პასუხობს:

„ვინ მიიღებს სახურავს და ვინ არა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას  კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა ერთობლივად მიიღებს. მიკერძოება და მსგავსი რამ გამორიცხულია. კომისიის შემადგენლობაში არიან საკრებულოს ორი წევრი, გამგეობის ექვსი თანამშრომელი და ადმინისტრაციული თემის წარმომადგენელი“.

პროგრამაში ჩასართველად და სახურავის მისაღებად, თუ შესაბამისი სარეიტინგო ქულა 40-ზე მეტ ოჯახს ექნება, მაშინ უპირატესობა მიენიჭებათ იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ დაბალი სარეიტინგო ქულა და ასევე ოჯახი არის მრავალშვილიანი.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეიდან შეძენილი თუნუქის ფურცლები ამ დროისთვის ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: