ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის

მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის.

„ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება ფორუმი – „ციტრუსის სეზონი 2016“. ორი ჯგუფი იყო წასული სამინისტროდან უკრაინაში, ბელორუსში, ბალტიისპირეთში… ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით მოვამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, იყო ბიზნესწრეებთან შეხვედრები. ამჯერად მათ წარმომადგენლებს ველოდებით“, – განაცხადეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბათუმში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს 9 ქვეყნიდან ელოდებიან. თუმცა, ქვეყნებსაც და წარმომადგენელთა რაოდენობასაც სამინისტრო ამ კვირაში დააზუსტებს.

„ადგილზე იქნება შეხვედრები ცირტრუსის გადამამუშავებელ და დამფასოებელ საწარმოებში; გაეცნობიან ექსპორტისთვის ციტრუსის ნაყოფის მიღება-დახარისხება-შეფუთვის პროცესს. რამდენიმე ფერმერთან კრეფის პროცესსაც დავასწრებთ და სანერგე მეურნეობას დავათვალიერებინებთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწემ როინ გოგაძემ.

მისივე თქმით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, „მაგრამ თუ იქნება, როგორც გასულ წელს – 10 თეთრს გადაიხდის საწარმო და 10 თეთრს – სახელმწიფო. ანუ 1 კგ „ენესზე“ ფერმერი მიიღებს 20 თეთრს.“

არასტანდარტულ მანდარინს, ძირითადად, კვლავ ქობულეთის გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ – შეუზღუდავი რაოდენობით. თუმცა, თუ სუბსიდირება არ იქნება, საწარმოები თავად გადაწყვეტენ, რა ფასად მიიღონ ან მიიღონ თუ არა საერთოდ „ენესი“.

სუბსიდირებისთვის თანხა საქართველოს მთავრობამ უნდა გამოყოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კი გასულ კვირას ბათუმში  განაცხადა, რომ ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება: „ვსწავლობთ სიტუაციას. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რაც იქნება საერთაშორისო ბაზარზე“.

გასულ წელს სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2 მილიონი ლარი გამოყო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი ბაზრების მოძიება არის მათი მხრიდან ხელშეწყობა ექსპორტიორებისთვის, „თუმცა წელს მანდარინი, ძირითადად, მაინც ტრადიციულ ბაზრებზე გავა“. ტრადიციული ბაზრების [უკრაინა, რუსეთი] გარდა, ქართული ციტრუსით წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები და უზბეკეთია დაინტერესებული.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილის, ჯუმბერ ტუღუშის განცხადებით, საექსპორტო ციტრუსის თანმხლებ დოკუმენტაციას პალატა ერთი ფანჯრის პრინციპით გასცემს: „ანუ, ექსპორტიორი, რომელიც მოგვმართავს, საჭირო დოკუმენტების მთელი ნუსხით გავა აქედან, ფიტოსანიტარიის ჩათვლით. ექსპორტიორებმა იციან, თუ რა დოკუმენტების მომზადება შეგვიძლია. ჩვენ დავაკვალიანებთ ექსპორტიორს ისე, რომ არც ერთი მიმართულებით პრობლემა არ შეექმნება ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის დროს“.

ჯუმბერ ტუღუშის ინფორმაციით, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს საზღვარგარეთ დაეგზავნათ წერილები, რომ „აჭარაში რთველი იწყება და შესაძლოა იმპორტიორების  დაკავშირება ადგილობრივ მწარმოებლებთან. წერილები გაიგზავნა უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნებში. ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. რუსეთში არ გაგვიგზავნია, რადგან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს ამ ქვეყანასთან“.

ჯუმბერ ტუღუში ამბობს, რომ რუსეთის მიმართულება მნიშვნელოვანია და ამ ქვეყნიდანაც იყვნენ წარმომადგენლები ბათუმში – ძირითადად საბროკერო ფირმები, რომლებსაც პალატა გაუადვილებს მუშაობას: „ძირითადად, ლარსის მიმართულებით დრო რომ არ დაკარგონ… ბიუროკრატიული მექანიზმები რაც არსებობს, ან შეიძლება არსებობდეს, შევეცდებით მოვუხსნათ ექსპორტიორს, რათა მანქანა არ გაჩერედეს“.

პალატაში ფორუმის იმედიც აქვთ, სადაც ექსპორტიორები ადგილზე გააფორმებენ ხელშეკრულებებს. „ჩემი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტიორებიც მზად არიან აწარმოონ დიდი რაოდენობით ციტრუსი – აქვთ შესაფუთი მასალები, ყუთები, მოსახლეობასთან გამონახული აქვთ გზები და ა.შ. ამ კუთხით არ იქნება პრობლემა. აქვთ შესაბამისი სიმძლავრეები, რათა მიიღონ, დააკალიბრონ და გაიტანონ ექსპორტზე“, – აცხადებს ჯუმბერ ტუღუში.

მისივე თქმით, „განსაკუთრებული დოკუმენტაცია სჭირდება სომხეთში გატანას, რადგან ეს ქვეყანა ევრაზიულ კავშირშია და ვინც სომხეთის მიმართულებით მიდის, ვაფრთხილებთ, რომ დოკუმენტები ჰქონდეთ წესრიგში. ევრაზიის კავშირს გაცილებით მკაცრი მოთხოვნები აქვს“.

აჭარის სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, გაცილებით მარტივია ციტრუსის შეტანა [დოკუმენტებისა თუ საბაჟო კუთხით], ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში.

„ფორუმს რაც შეეხება, იმიტომაა ეს შეხვედრები საჭირო, რომ გაარკვიონ, ადგილობრივი ექსპორტიორი გაიტანს თუ იქაური კომპანია, – როგორი იქნება ლოჯისტიკური მიდგომები, გადატანის გზები. ეს უნდა აისახოს კონტრაქტებში. ჩვენი პალატა ამ კუთხითაც არეგულირებს საკითხებს“, – ამბობს ჯუმბერ ტუღუში.

ექსპორტიორს შეუძლია სხვაგანაც გააკეთოს დოკუმენტაცია, თუმცა შემდეგ ის შეღავათებს ვერ მიიღებს იმ ქვეყანაში, სადაც შეაქვს პროდუქცია.

ჯუმბერ ტუღუშის თქმით: „ქართული მანდარინი მთელ რიგ ქვეყნებში იღებს შეღავათებს სხვა ქვეყნებთან [მაგალითად, ესპანეთი, თურქეთი] შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შეტანის დროს, დაახლოებით 15%-მდე შეღავათია საბაჟოზე… ჩვენც ვუკეთებთ შეღავათებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენ გვიკეთებს შეღავათს“.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შარშან რუსეთსა და უკრაინაში აჭარიდან თითქმის თანაბარი ოდენობის ციტრუსი გავიდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი წელს 50-60 ათასი ტონა იქნება. აქედან, დაახლოებით 10 ათასი ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, დანარჩენი – საექსპორტოდ.

სამინისტროსავე ინფორმაციით, გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი. მინისტრის თქმით, ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

ამავე თემაზე:

საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com