კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

27.10.2016 • 2313
„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები მორცხვობას დასძლევენ“

25 წლის ზაკ ჰაუერსი ინგლისური ენის ერთადერთი სერტიფიცირებული მოხალისე მასწავლებელია, რომელიც „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სკოლებში ექვს თვეს იმუშავებს. რა გამოწვევებს ხედავს ამერიკელი მოხალისე საქართველოს მთის სკოლებში და რაზე აპირებს მუშაობას? – „ბათუმელები“ ზაკ ჰაუერს გასულ კვირას ესაუბრა.

ამერიკის სამთავრობო პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით იმყოფებით საქართველოში. როგორ მოხვდით ამ პროგრამაში და რატომ გადაწყვიტეთ  საქართველოში ჩამოსვლა?

ეს ამერიკაში ძალიან ცნობილი პროგრამაა. მის შესახებ უნივერსიტეტში გავიგე და გადავწყვიტე ჩავრთულიყავი. პირველად ზამბიაში წასვლა შემომთავაზეს და ორი წელი ვიყავი იქ. რაც შეეხება საქართველოს, ეს ქვეყანა მე თვითონ შევარჩიე, მინდოდა წავსულიყავი პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიმ და შევაჩერე არჩევანი საქართველოზე. ქართული კულტურისა და კერძების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოვიძიე, ვნახე ქართული ცეკვა, რამაც ძალიან დამაინტერესა.

„მშვიდობის კორპუსს“ სამი მიზანი აქვს: პირველი მიზანია ადამიანებს დაეხმაროს ენის სწავლაში, მეორე – ადამიანებს ამერიკაზე, ამერიკელ ხალხზე რეალური წარმოდგენა შეუქმნას და მესამე – მოხალისეებმა ამერიკელ ხალხს გააცნონ იმ ქვეყნის რეალური სურათი, სადაც იმყოფებიან. აი, მაგალითად, მე, როდესაც დავბრუნდები ამერიკაში, ამერიკელებს საქართველოს, ქართველ ხალხს გავაცნობ.

ექვსი თვის განმავლობაში ვიმუშავებ შუახევში, ჩემი სამუშაო ვადა მარტში იწურება.

მოხალისეები ძირითადად სკოლებში, არასამთავრობო თუ სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში მუშაობდნენ. თქვენ რესურსცენტრში უნდა იმუშაოთ. რა გევალებათ, რა უნდა გააკეთოთ?

მე იმით განვსხვავდები სხვა მოხალისეებისგან, რომლებიც ჩემამდე იმყოფებოდნენ საქართველოში, რომ უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი. ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა სურვილი წამოსულიყო, მაგრამ მათგან მხოლოდ 25-მა პროცენტმა შეძლო პროგრამაში მოხვედრა. არაერთი სპეციალური კურსი გავიარეთ იმისთვის, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ პედაგოგებს, მე ვიმუშავებ პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და რესურსცენტრში, იმის მოგვარებაზე, რა გამოწვევაც დამხვდება.

რა გამოწვევები დაინახეთ?

პედაგოგებს პრაქტიკა არ აქვთ, მოსწავლეები ინგლისურად ვერ საუბრობენ, ძალიან მორცხვები არიან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კლუბები, სადაც მოსწავლეები დებატ-კლუბებში მონაწილეობით მორცხვობას დაძლევენ.

თქვენი აზრით, არსებული სასწავლო მოდელი რამდენად ეფქტურია?

რიგ სკოლებში ვნახე მხოლოდ ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესი, სხვა საგნების ჩატარების მეთოდი არ მინახავს, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი სწავლების მეთოდოლოგიაზე. მაგრამ რაც ვნახე, ინგლისური ენის სწავლების საგნობრივი მეთოდიდან გამომდინარე, იმის თქმა შემიძლია, რომ ბავშვები ინგლისურად ვერ საუბრობენ, საუბრის მეთოდიკა უცხო ენაში განსავითარებელია, მასწავლებლებლებს ყოველდღიური განვითარება სჭირდებათ.

დადებითი ის არის, რომ სკოლებში მოსწავლეთა მცირე კონტიგენტი საშუალებას გაძლევს მოსწავლესთან ერთი-ერთზე იმუშაო. ეს კარგია, განსაკუთრებით უცხო ენისთვის.

თქვენ უნდა იმუშაოთ შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, სადაც ინგლისური ენის პედაგოგების დეფიციტია. არის სკოლები, სადაც ინგლისური ენის პედაგოგები ჰყავთ, მაგრამ გამოცდას ინგლისურ ენაში მოსწავლეები მაინც ვერ აბარებენ. თქვენს როლს როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებაში?

ზაკ ჰაუერსი

ზაკ ჰაუერსი

ამ პრობლემას ბოლომდე ვერ მოვაგვარებ, მაგრამ შესაძლებელია გაუმჯობესება. სკოლის მასწავლებლებს ტრენინგებს ჩავუტარებ უცხო ენის სწავლების მეთოდოლოგიასა და საუბარში გრამატიკის წესების გამოყენებაზე. რაც შეეხება მოსწავლეების ჩართულობასა და განვითარებას,  სკოლების ბაზაზე ვაყალიბებთ სასკოლო კლუბებს. ამ დროისთვის კლუბები ჩამოყალიბებულია დაბა შუახევის, ხიჭაურის, სოფელ ახალდაბისა და ჭალის სკოლებში. კლუბებში დებატებს გაკვეთილების შემდეგ მარტივ თემებზე მოვაწყობთ, დებატები ინგლისურ ენაზე წარიმართება, რაც დაეხმარება მოსწავლეებს საუბარი შეძლონ. თითოეული სკოლის კლუბში შეხვედრა კვირაში ერთხელ გაიმართება. პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, წარმატებული პროექტი იქნება. დებატები გავმართეთ შუახევში, თემაზე – დედა სახლში უნდა იყოს და ბავშვებს ზრდიდეს თუ არა. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ დედა შვილებს უნდა უვლიდეს და სახლში უნდა იყოს, ხოლო მეორე – საწინააღმდეგოს. ზოგმა მოსწავლემ თავისუფლად გამოთქვა აზრი, ზოგს გაუჭირდა. მაგრამ ეს პირველი იყო და შემდგომში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სკოლებში, სადაც თქვენ მუშაობთ მატერიალური რესურსი  როგორია?

ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგალითად, ახალდაბის სკოლაში ყველა მატერიალური ბაზაა სწავლებისთვის, არის კომპიუტერებიც. მაგრამ ყურადსაღებია ისიც, რომ თუ მოსწავლეს კალათბურთის თამაშს ასწავლი ისე, რომ მას არ ათამაშებ, არ მოეწონება. თუ მოსწავლეს უცხო ენას დაფაზე წერით, პრაქტიკის გარეშე ასწავლი, მას არ მოუნდება ინგლისურის სწავლა, უნდა ალაპარაკო.

ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი ხართ, თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?

დიახ, მე ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი, მალე მათემატიკის სერთიფიცირებული მასწავლებელიც გავხდები, ბოლო გამოცდები ზაფხულში მექნება, პოლიტიკურ მეცნიერებათა და კომუნიკაციის მიმართულებითაც უმაღლესი განათლება მაქვს მიღებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პედაგოგი საკუთარი თავისადმი მომთხოვნი უნდა იყოს და ყოველდღიურ განვითარებაზე მუშაობდეს. პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ განვითარება არასდროს არ არის საკმარისი, არასდროს არ უნდა მოეშვას. სწავლება რთულია, სირთულეების დასაძლევად კი საკუთარ თავს ბევრი უნდა მოსთხოვო.

რა მოგეწონათ საქართველოში?

ხედები არის საოცარი, განსაკუთრებულად გემრიელი კერძები და ღვინო გაქვთ. არანაირი პრობლემა არ შემქნია, ზოგადად, არ მიყვარს სიცივე, თუმცა აქ არსებული ტემპერატურა ოჰაიოს [სადაც ვცხოვრობ] მსგავსია, ნესტიანია და ამ ყველაფერს შეგუებული ვარ.

დაბრუნდებით საქართველოში?

საქართველო არის ადგილი, სადაც დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ეს მაინც მატერიალურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება „მშვიდობის კორპუსს“, პროგრამით სხვა ქვეყანაში აღარ ვაპირებ წასვლას, ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე შევიძინე. როდესაც ამერიკაში დავბრუნდები, ვაპირებ პედაგოგიური მუშაობა გავაგრძელო, სკოლაში მოსწავლეებს მათემატიკა შევასწავლო.

ხათუნა ფარტენაძის თარგმანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: