ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით

ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კი 5 829 პროპორციული და 7 282 მაჟორიტარული ბიულეტენი გაბათილდა, რაც ჯამში 13 111 ბიულეტენია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები შესაძლოა გადამწყვეტიც ყოფილიყო ცალკეული პარტიისთვის.

გაბათილებული ბიულეტენები ერთ-ერთი თემაა, რასაც პროპორციულ არჩევნებში ბარიერგადალახული მეორე პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტად იშველიებს, როცა გარკვეულ უბნებზე სავარაუდო გაყალბებაზე საუბრობს და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს. ამ საარჩევნო უბნებს შორისაა ისეთი უბნებიც, სადაც დაწერილ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეიტანეს. თუმცა, ხელახალ გადათვლაზე საოლქო-საარჩევნო კომისია უმეტესწილად უარს ამბობს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომაც. რამდენიმე საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის 69-ოლქში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატია, „ბათუმელების“ კითხვას, რა გაძლევთ საფუძველს ივარაუდოთ, რომ კომისიამ თქვენთვის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენები გააბათილა? – პასუხობს, რომ „იქ, სადაც კომისიამ ხმათა რაოდენობა მოსულ ამომრჩეველთან შედარებით 200-ით გაზარდა, ნებისმიერ ეჭვს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი და ლოგიკურია მოთხოვნა მონაცემების გადამოწმებაზე.“
გადამოწმების საფუძველი ვერც ბათუმის საოლქო კომისიაში დაინახეს და ვერც სასამართლოში.

მაგალითისთვის: #69.79.09 საუბნო ოქმის მიხედვით, კომისიამ ბათილად 31 [მაჟორიტარული] ბიულეტენი მიიჩნია. ამ უბანზე არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული 1317 ამომრჩევლიდან 652 მიიღო. კანდიდატებისთვის მიცემულ ხმებს თუ შევკრებთ ბათილი ბიულეტენების ჩათვლით, ეს ციფრი [დაფიქსირებული ხმების რაოდენობა მისულ ამომრჩევლთან მიმართებაში] 200-ით გაიზრდება.

„მე ვიცი ჩემი წევრებისა და დამკვირვებლებისგან, რომლებიც უბნებზე მუშაობდნენ, რომ ბათილების უმეტესობა იყო ბიულეტენები, სადაც ორი კანდიდატი იყო შემოხაზული, ერთ-ერთი მე ვიყავი. ჩვენ გვაქვს ვიდეოები გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენებს ითვლიან და იქვე უდევთ კალამი, ვერ მოახერხებდნენ მეორე კანდიდატის შეგნებულად შემოხაზვას, რომ გაეფუჭებინათ ბიულეტენები? – თუ ასეა და ვერ მოახერხეს, გადავთვალოთ და ვნახოთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

გადათვლას რამდენიმე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ითხოვდნენ, მათ არც ბათილი ბიულეტენების ზრდის ტენდენცია მოსწონთ, თუმცა კონკრეტული ადრესატების შესაძლო ბრალეულობაზე საუბრისგან თავი შეიკავეს:

„სწორედ ამიტომ ვითხოვდით გარკვეული უბნების გადათვლას, რომ მსგავსი კითხვითი ნიშნები, რაც არსებობდა ამა თუ იმ უბანზე, თუნდაც ბათილი ბიულტენების ოდენობასთან დაკავშირებით, მოხსნილიყო დღის წესრიგიდან. ჩვენ ვიცით შემთხვევები, როცა თავმჯდომარე თავად იღებდა გადაწყვეტილებას იმაზე, თუ რომელი ბიულეტენი იყო ბათილი. ჩვენ მივუთითეთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო კომისიას და მან ეს გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომისიის გადაწყვეტილებები არ იყოს ტენდენციური. კომისია რომელიმე პარტიის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებებს რომ იღებდა და სხვა პარტიასთან მიმართებაში მსგავს ბიულეტენს აბათილებდა, ამის ალბათობას ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა, ჩვენს დამკვირვებლებს ტენდენციურ მიდგომაზე საჩივარი არ დაუწერიათ“, – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი.

წინასწარი მონაცემების მიხედვით (18 ოქტომბრის მდგომარეობით), 2016 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3,43%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4,11%-ია. საბოლოო მონაცემები საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ დაიდება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე 12 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა მონაცემი დროულად გაასაჯაროოს და გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებით შეკითხვებსაც უპასუხოს.

ცესკომ პრეზიდენტის პრესსპიკერს დღის მეორე ნახევარში უპასუხა. თამარ ჟვანიას უწყებამ მონაცემები განაახლა და ახალი სტატისტიკა წარმოადგინა.
სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაცილებით მეტი, 2 მილიონ 215 ათას 661-ი მოქალაქე მივიდა, მაშინ პროპორციულ ნაწილში 62 ათას 874 ბიულეტენი გაბათილდა, რაც ხმების 2,84% იყო. 8 ოქტომბერს კი საარჩევნო ყუთთან უფრო ცოტა ამომრჩეველი – 1 825 054 მოქალაქე მივიდა. გაბათილებული ბიულეტენის ოდენობა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, პროპორციულ ნაწილში, თითქმის 2012 წლის იდენტურია – 62 680, რაც ამჯერად პროცენტულად უფრო მეტი, – 3,43%-ია, მაჟორიტარულში კი – 4, 11%.

ცენტრალური საარჩვენო კომისია საბოლოო მონაცემებს არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ, 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი