არჩევნების მეორე ტური – 30 ოქტომბერი

საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის, ანუ 150-ის 3/4 ესაჭიროება, რაც მინიმუმ 113 დეპუტატს ნიშნავს. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პროპორციული სიით, „ქართულ ოცნებას“ 67 დეპუტატი ჰყავს პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,  ხოლო  „პატრიოტთა ალიანსს“ – ექვსი. მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები 5 ოლქში ვერ გაიმარჯვებენ, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში აღარ ეყოლება. თუ გაიმარჯვებენ, მმართველ პარტიას ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეეძლება ქვეყნის კონსტიტუციაში. რა არჩევანი აქვს მოქალაქეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სასარგებლოდ? – „ბათუმელები“ კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა.

ბატონო მალხაზ, ერთ კვირაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს შანსი საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. არის თუ არა ეს სახიფათო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის?

რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა თეორიულად ნებისმიერი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ჩვენი რეალობისთვის. საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვიტა და, პირველ რიგში, კონსტიტუციის შეცვლა შეუძლია მხოლოდ ერთ პარტიას. მაკონტროლებელი, ანუ შემაკავებელი ამ უმრავლესობას არ ეყოლება.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება უჩვეულო მოვლენაა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოში არსებული მახინჯი და უსამართლო საარჩევნო სისტემით, 48%-იანი ნდობის პირობებში შესაძლებელია მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. იყო დაპირებები, რომ თითქოს ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა შეეცვალა, მაგრამ, საბოლოოდ, ამ ძალამაც მანიპულაციით ისარგებლა.

ეს მაჩვენებელი რეალურად ამომრჩევლის ნებას არ შეესაბამება. ხელისუფლება და კონსტიტუციური მმართველობა, ზოგადად, ნიშნავს შეზღუდულ ძალაუფლებას, მაგრამ შემზღუდავი ახალ ხელისუფლებას არავინ ეყოლება.

ეს შემზღუდავი ძალა ხომ შეიძლება გახდეს ნაციონალური მოძრაობა“?  

„ნაციონალური მოძრაობა“ არანაირად არ იქნება შემზღუდავი. საკონსტიტუციო უმრავლესობის დამაბალანსებელი უნდა იყოს სხვადასხვა პარტია. დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. თუ დავუშვებთ თეორიულად, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ მოიგებს რამდენიმე ოლქს, ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ძალა თავისი პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს მოპოვებულ მანდატებს პარლამენტში, როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდგება.

ორივე მოცემულობა თანაბრად პრობლემურია? არ ფიქრობთ, რომ ალტერნატივა არსებობს?

მე, პირადად, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საკონსტიტუცუო უმრავლესობის არშექმნის გამო ხმა უნდა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩემი აზრით, ეს პოლიტიკური ძალა ვერ იქნება უმრავლესობის შემაკავებელი. `ნაციონალური მოძრაობა~ გამოიყენებს ამას მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ იმოქმედებს ქვეყნისა და მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის არსებული ვითარება და, რა თქმა უნდა, ცუდია… ახლა ერთადერთი – სიტყვაზე უნდა ვენდოთ „ოცნების“ ლიდერებს, რომ ისინი საყოველთაო კონსესუსის გზით შეიტანენ კონსტიტუციაში ცვლილებებს. ეს მხოლოდ დაპირებაა.

დღემდე კონსტიტუციური კომისიაც არ შექმნილა. ყველა მთავრობა იმას ამბობდა, რომ თანხმობა იყო ამოსავალი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა კონსენსუსი. ეს, უბრალოდ, კარგი სიტყვებია. პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს ცვლილებები საბოლოოდ. ვთქვათ, არ დაეთანხმნენ პარტიები ცვლილებებს, როგორ ფიქრობთ, უმრავლესობა უკან დაიხევს? პირდაპირ აცხადებენ უკვე, რომ უნდა გააუქმონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. გახსოვთ, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი რომ მივიდა პრეზიდენტთან და კონსტიტუცია წაუკითხა… ვეტოს უფლება ჩამოვართვათო, ამასაც კი ამბობდნენ. მოკლედ საფრთხე ძალიან რეალურია.

როგორ შეიძლება ამ პროცესში საზოგადოების აზრი ანგარიშგასაწევი გახდეს?

ამ ვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი იზრდება. ვფიქრობ, „ოცნების“ გუნდი არც ისე ძლიერადაა შეკავშირებული, რომ მან წინააღმდეგობა გაუწიოს საზოგადოების მხრიდან წამოსულ კრიტიკას, თუკი ავტოკრატიის დამყარების მცდელობას მივიღებთ.

რა უნდა ქნას მოქალაქემ არჩევნების მეორე ტურზე, ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება რომ მიიღოს?

მოქალაქე აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მეორე ტური ვერაფერს ცვლის. მე, როგორც მოქალაქე, ვაპირებ, აქტიურად შევეწინააღმდეგო ხელისუფლებას, თუკი ისინი ქვეყნისთვის სახიფათო გადაწყვეტილებას მიიღებენ. მეორე ტურის ამბავი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. მოქალაქეები კიდევ უფრო ნიჰილისტურად არიან განწყობილი პოლიტიკური პროცესის მიმართ. ვფიქრობ, მეორე ტურში კიდევ უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი