რატომ არის შემოდგომაზე რეკომენდებული გრიპის ვაქცინის გაკეთება

„იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა“, – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს თავის ვებგვერდზე, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ უახლოეს კვირებში გრიპის შემთხვევათა მატების ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება ვირუსი A/H1p, რომელსაც სხვა ქვეტიპებთან შედარებით ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. ცენტრის ინფორმაციით A/H1p საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009, 2010 და 2011 წლებში.

სეზონური გრიპისგან დასაცავად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ვაქცინაცია მიიჩნევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. აქვე აღნიშნულია, რომ ვაქცინის ეფექტურობა დამოკიდებულია რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზე, ასევე ვაქცინაში არსებული და ცირკულირებადი შტამების თანხვედრაზე. თანხვედრის შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურია 70-80%-ში 65 წლამდე ასაკის პირებში, ხანშიშესულებში კი – 30-70%-ში.

მას შემდეგ, რაც უკვე დადგენილია 2016 წლის შემოდგომაზე მოსახლეობაში გავრცელებული ვირუსის შტამი – A/H1p, ცნობილია ვაქცინის დასახელებაც, ჰოლანდიური წარმოების INFLUVAC -ი, რომელიც სახელმწიფომ უკვე შეიძინა რისკის ჯგუფებში მყოფი პირების ასაცრელად. შესყიდული ვაქცინის რაოდენობა 20 000 დოზაა.

„უფასო ვაქცინაცია არის გათვალისწინებული მხოლოდ შემდეგი რისკ-ჯგუფებისთვის:  18 წლამდე დიაბეტით დაავადებული ბავშვები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც დღეის მდგომარეობით გადიან მკურნალობის კურსს, AID ინფიცირებულები და სამედიცინო პერსონალი, კერძოდ, მიმღების, რეანიმაციისა და პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები,“ – განმარტავს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ნიჟარაძე. მისი თქმით, მათ, ვისაც სურთ გრიპისაგან თავი ვაქცინით დაიცვან, ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და მასთან კონსულტაციის შემდეგ შეიძინონ ვაქცინა. ვაქცინაცია პოლიკლინიკაში უნდა ჩატარდეს, ოჯახის ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.

„ვაქცინა არის სხვადასხვა დასახელების და წარმოების, ყველა ვაქცინა, რაც იყიდება აფთიაქებში, არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული და აქვს ანტიგენების ის შემცველობა, რა ვირუსიც ცირკულირებს მოცემულ მომენტში,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ვაქცინა მკლავზე კეთდება, ვაქცინის ერთი დოზის საშუალო ფასი 25 ლარია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამიტომ სწორედ ოქტომბერ-ნოემბერშია რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება, ორგანიზმი მომზადებული რომ შეხვდეს სეზონს. ვაქცინა ეფექტურია ერთი წლის მანძილზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com