ექსპროპრიაცია – 70 ათასი ლარი სამსართულიან სახლში

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ირაკლი ჯაყელიძის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ირაკლი ჯაყელიძე ჩაქვში ცხოვრობს და სამსართულიანი სახლი აქვს. მაგისტრალის მშენებლობის გამო, ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს უკვე მიიღო, თუმცა სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობა – 70 ათასი ლარი, რასაც სახელმწიფო მესაკუთრეს უხდის, სამართლიანია თუ არა.

„საუბრები 2011 წლიდან დაიწყო. ვიცოდი, რომ ჩემი ქონებითაც იყო სახელმწიფო დაინტერესებული, მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. 2014 წელს მოვიდნენ და პირდაპირ ქონების აღრიცხვა დაიწყეს,“ – გვიყვება ირაკლი ჯაყელიძე. ის 293 კვადრატულ მეტრ მიწას და 353 კვადრატულ მეტრ სახლს ფლობდა. ირაკლის სახლთან ბულდოზერები ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ ელოდება – ქონების მესაკუთრე უკვე სახელმწიფოა. მიმდინარე წლის 24 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი და მას ექსპროპრიაციის უფლება მიანიჭა. „ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე,“ – წერია გადაწყვეტილებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე აწერს.

„თანხმობას ვერ მივაღწიეთ. ჩემ გვერდით სხვებსაც შეეხო სახელმწიფოს ინტერესი და მათ შესაბამისი ფული გადაუხადეს. არ ყოფილა არაფერი სადავო. არ მესმის, ჩემი ქონება რატომ შეაფასეს ასე,“ – ამბობს ირაკლი ჯაყელიძე. მისი ადვოკატი კი ალტერნატიული აუდიტის დასკვნას გვაჩვენებს, რომლის მიხედვითაც იგივე ქონება მინიმუმ 124 ათას ლარადაა შეფასებული. „გზების დეპარტამენტმა სასამართლოზე წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომელიც 2014 წელსაა შედგენილი. ესეც მიუღებელია, რადგან ბაზარზე ფასები იცვლება… ყოველ შემთხვევაში, რამდენად სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადეს მესაკუთრეს, ამ კუთხით სასამართლოს არ უმსჯელია, “ – გვიყვება ადვოკატი, ირაკლი ჯაფარიძე.

ირაკლი ჯაყელიძის საქმე მხოლოდ ადმინისტრაციული წესით განიხილა სასამართლომ, ანუ დადგინდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ექსპროპრიაციისთვის ნამდვილად არსებობს. ახლა სასამართლოს მხარემ უნდა მიმართოს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი კომპენსაციის სამართლიანობის საკითხი გაირკვეს.

თანხმობის მიუღწევლობის მიუხედავად, სასამართლოში ადმინისტრაციული პროცესის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჯარო რეესტრს მიმართა და ქონება სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირა, უკვე ყოფილ მესაკუთრეს კი, კომპენსაცია ჩაურიცხა და მის გამოსახლებას ითხოვს.

ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ამბობს, რომ აუცილებელი იყო მესაკუთრის თანხმობა, ვიდრე გზების დეპარტამენტი მას საბანკო ანგარიშზე კომპენსაციას ჩაურიცხავდა. ის ანალოგიურ შემთხვევას იხსენებს სოფელ განთიადიდან, როცა ასევე მაგისტრალის მშენებლობის გამო მოქალაქეებს არათანაბარი ოდენობის კომპენსაცია გადაუხადეს: „მხარეთა შეთანხმების გარეშე, სახელმწიფო ქონების მესაკუთრე ვერ გახდება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მართლზომიერების საკითხია დადგენილი. რადგან მესაკუთრე მიიჩნევს, რომ მის მიმართ გადახდილი კომპენსაცია არაადეკვატურია, მან უნდა ამტკიცოს, რომ ეს ქონება უფრო ძვირია, ვიდრე შეაფასა სახელმწიფომ“.

„ექსპროპრიატორის უფლების მინიჭება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მოქალაქესთან და არა ის, რომ მოქალაქემ იბრძოლოს სასამართლოში საკუთრების დაცვისთვის,“ – გვიყვება ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე. იურისტი ამ კუთხით არსებულ სპეციალურ კანონზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც „ყოფილი მესაკუთრე“ ნახსენები არ არის: „ირაკლი ჯაყელიძე კი უკვე ყოფილი მესაკუთრე გამოდის, მისი ქონება სახელმწიფო საკუთრებაა… მოსამართლეს შეეძლო მკაფიოდ განემარტა, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქონება ავტომატურად ადმინისტრაციული ორგანოს ხელში გადადის. ჩვენ მას ცალკე მივმართეთ კიდეც ამისთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. სწორედ ამ ბუნდოვანებით სარგებლობენ ადმინისტრაციული ორგანოები ექსპროპრიაციის დროს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს სამოქალაქო წესით.“

„ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პროცესი ძალიან გაიწელოს და საქმეს შეეშალოს ხელი. ჩვენ ხომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო მოვითხოვეთ ეს,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ფიქრია კვერნაძე, დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ არაერთხელ შესთავაზეს თანხა  მხარეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს: „ვერ მაჩვენებთ კანონში ისეთ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სამოქალაქო განხილვის გარეშე ექსპროპრიაციის უფლების გამოყენება“.

ავტომაგისტრალის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ირაკლი ჯაყელიძე და ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე

ირაკლი ჯაყელიძე და ადვოკატი ირაკლი ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი