მთავარი,სიახლეები

ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

21.10.2016 • 3103
ჩაქვის სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელში მაღალჩინოსნის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

ჩაქვის #1 სკოლის დირექტორი, ტარიელ ქათამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” სკოლის დირექტორობიდან განთავისუფლებით დაემუქრა, ამის მიზეზად კი არჩევნებში მისთვის მხარის არ დაჭერას ასახელებს: “გუშინ მაცნობეს, რომ ე.წ. “მაღალჩინოსანი” გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე ჩემთან მტრობას აპირებს…. (მიზეზი? – თურმე მისი მხარდამჭერი არ ვყოფილვარ არჩევნებში). ამ “მაღალჩინოსანს” არ ესმის, რომ სკოლა დეპოლიტიზირებულია… საჯაროდ ვაფრთხილებ ყველას, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, ეს ეხებათ იმ პატარა ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჩვევიათ მათი უფროსების გასახარად მაამებლური საქმეების კეთება. გრცხვენოდეთ!!! დაწვრილებით თუ ვის ეხება ჩემი გაფრთხილება უახლოეს პერიოდში საჯაროდ გამოვაქვეყნებ! თქვენი მუქარისა და მტრობის არ მეშინია!!!! ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ვინც ანალოგიურად ჩემს მდგომარეობაშია სასწრაფოდ შემეხმიანეთ” – წერს ტარიელ ქათამაძე.

აღნიშნული ინფორმაცია სკოლის დირექტორმა გუშინ, 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

მას კომენტარებშივე გამოეხმაურა ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი, რომელმაც ტარიელ ქათამაძეს, მუქარის ავტორი მაღალჩინოსნის დასახელება სთხოვა და დაპირდა, რომ დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას – “მე ვარ ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში  და შტაბი ასეთ დავალებებს არ აძლევს მაღალჩინოსნებს. თუ ვინმე თვითნებობს მინდა ვიცოდე ვინ არის. სხვა შემთხვევაში არამგონია მართებული იყოს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება” – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

ტარიელ ქათამაძე “ბათუმელებთან” საუბარში განმარტავს -“სამსახურის დატოვების მუქარა იყო, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით. თვითონ მხარე – მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მუქარა, რადგან ეს არ იყო პირდაპირ ნათქვამი ჩემდამი, არამედ ირიბად. მე პირადად ასე მივიღე მისი ნათქვამი, მისი სიტყვები, იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც და მეც ვართ ხელმძღვანელები საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორთავეს მხივ იყო ეს მიმართვა”.

ტარიელ ქათამაძის თქმით, მას ირაკლი ჭეიშვილთან საუბარში დასახელებული ყავს ეს პიროვნება. ირაკლი ჭეიშვილი ჯერ-ჯერობით ზარებს არ პასუხობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: