მთავარი,სიახლეები

პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ

19.10.2016 • 1481
პროკურორს სასამართლო დარბაზში თავს დაესხნენ

პროკურორ გიორგი რამიშვილს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა სასამართლო დარბაზში დაესხა თავს. ქალმა აგრესია პროკურორის მისამართით მას შემდეგ გამოხატა, როცა მოსამართლე ირაკლი შავაძის გადაწყვეტილება მოისმინა. ხულიგნობაში ბრალდებულ ოთხ პირს დღეს, 19 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასმართლომ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებულთაგან ერთს ორი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რადგან მას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდა. გიორგი გ. წარსულშიც ნასამართლევი იყო განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის.

საუბარია მიმდინარე წლის 21 იანვარს, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე, როცა შუაღამით კარაოკე ბართან რამდენიმე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებული ექვსი პირია. ბრალდებულები დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა, პროკურორმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ბრალდებულები უმკაცრესად დასჯილიყვნენ. გიორგი რამიშვილმა რამდენიმე მოწმის ჩვენებაც გაიხსენა იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არგუმენტირებული იყო.

პროკურორის გამოსვლას ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში რეპლიკები მოჰყვა. მოსამართლის გასვლის შემდეგ კი, ერთ-ერთი მსჯავრდებულის, საბა ჟ.-ს დედამ  პროკურორი სიტყვიერად შეურაცხყო. ის ფიზიკურადაც მიიწევდა პროკურორისკენ, თუმცა ამის საშუალება დარბაზში მყოფმა სხვა პირებმა არ მისცეს. პროკურორს დარბაზი არ დაუტოვებია და არც გამოპასუხებია მხარეს. ქალის დაკავება დარბაზში მყოფ მანდატურის სამსახურს არ უცდია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: