ფულის არამიზნობრივად გამოყენების რისკი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში“, რომელიც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა გასული ორი წლის საქმიანობის შემოწმებისას არაერთი დარღვევა-ნაკლოვანება გამოავლინა. დეპარტამენტმა „ბოტანიკური ბაღის“ 2014-2015 წლების ფინანსური აუდიტი ჩაატარა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ბოტანიკური ბაღის საბუღალტრო მონაცემებით, ორგანიზაციას 2014 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 1 357 924 ლარი, რაც 541 012 ლარით ნაკლებია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე, ხოლო 2015 წელს – 1 499 869 ლარი, რაც 135 451 ლარით მეტია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებულ მონაცემზე.

„მოპოვებული მტკიცებულებებით, არსებობს მაღალი რისკი, ბოტანიკური ბაღის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული რეალური შემოსავლების არასრულად ასახვისა და მიღებული თანხების არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით,“ –  აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ბოტანიკური ბაღი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმის ბოტანიკური ბაღი / ადმინისტრაციის შენობა

აქვე მაგალითად მოყვანილია 2015 წლის ივლისში დაფიქსირებული შემთხვევა, როცა  „საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, რამდენიმე დღის განმავლობაში, სალაროდან პირადი მიზნებისთვის გაიტანა 53 541 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას ორგანიზაციის ანგარიშზე თანხის მოძრაობის კონტროლის შესაძლებლობა ჰქონდა, წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ხელმძღვანელობას ეს ფაქტი არ გამოუვლენია… ეს ფაქტი თავიდანვე ცნობილი იყო უფლებამოსილების მქონე სხვა მთავარი სპეციალისტისთვის. არსებული მასალებით, სამართალდამრღვევი პირი ფაქტის გაცხადების შემდეგაც, 2015 წლის 7 აგვისტომდე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო მეორე პირი დღემდე აგრძელებს საქმიანობას ბოტანიკური ბაღში“.

ბოტანიკური ბაღის გასული ორი წლის ბალანსებში არ არის ასახული ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული არანაკლებ 1,19 მილიონი ლარის ღირებულების 21 დასახელების შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი აქტივები. შესაბამისად, ბოტანიკური ბაღის არაფინანსური აქტივების ორი წლის საბალანსო მონაცემები ჯამურად შემცირებულია არანაკლებ 118 მილიონზე მეტი ლარით;

აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ „შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო ვერ დგინდება ბოტანიკური ბაღის 2014 და 2015 წლების მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა“. ამასთან, აუდიტი აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მოგების გადასახადის დეკლარაციების თანახმად, შარშანწინ,  ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია 1 128 091 ლარი, ხოლო გასულ წელს 1 328 634 ლარი: „თუმცა ბოტანიკური ბაღის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამოქვითვების ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებული დოკუმენტური მტკიცებულებები, რითაც შეფასდებოდა მოგების გადასახადის გაანგარიშების საფუძვლიანობა“.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის 2015 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, საფინანსო-ეკონომიკურ განყოფილებაში მოლარის თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად ჩატარდა ატესტაცია.  აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მონაწილე 8 მოლარიდან ატესტაცია წარმატებით გაიარა ერთმა, ხოლო 7-მა მოლარემ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რის საფუძველზეც 6 თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავდროულად აყვანილ იქნენ ხელშეკრულებით, დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

მიუხედავად ამისა, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის რეკომენდაციით, 2016 წელს აღნიშნული პირები დანიშნულ იქნენ მოლარეებად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. „გამომდინარე აქედან, ატესტაციის ჩატარების მიზანი არ შესრულებულა,“ – აცხადებს აუდიტი.

ბოტანიკურ ბაღს 2012 წელს შეძენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ერთიგონი“, თუმცა ორგანიზაციას 2014-2015 წლებში ბუღალტერია ამ პროგრამით არ უწარმოებია. მიზეზებზე აუდიტის სამსახურმა სათანადო განმარტება ვერ მიიღო.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში გასული წლის აგვისტოში რიგ თანამშრომლებზე პრემია გაცემულია იმ პირობებში, როდესაც მათ მიმართ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებიც.

„თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობამ 2014 წელს შეადგინა 424 873 ლარი, ხოლო 2015 წელს – 369 598 ლარი, რაც შესაბამისად, 2 273 ლარით და 44 098 ლარით მეტია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვასთან. ამასთან, ორგანიზაციაში არ არის შემუშავებული პრემიების გაცემის წესი, ხოლო შესაბამისი ბრძანებების დასაბუთება ფორმალურ ხასიათს ატარებს,“ – აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ელექტრონული ტენდერების  საკვალიფიკაციო და ტექნიკური დავალების რიგი მოთხოვნები ფორმალურ ხასიათს ატარებს; ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დაგვიანებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

გასულ წლებში მოქმედი დებულების თანახმად, ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების სარგებლობაში განკარგვა დასაშვები იყო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით. აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, ბოტანიკური ბაღის მიერ არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით სარგებლობაში განკარგვა განხორციელებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე, პირდაპირი განკარგვის ფორმით. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, უზუფრუქტუარს ნივთის იჯარით გადაცემისათვის ესაჭიროება მესაკუთრის თანხმობა. თუმცა ბოტანიკური ბაღის მიერ მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში განკარგვაც განხორციელებულია ქონების მესაკუთრის – ბათუმის  მერიის თანხმობის გარეშე. ბოტანიკურმა ბაღმა აუდიტს ვერც საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები წარუდგინა.

ბოტანიკურ ბაღს თავის სანერგეში 2014 წელს რეალიზებული აქვს 413 ძირი ნერგი, ხოლო 2015 წელს – 2 921 ძირი ნერგი. აუდიტმა დაადგინა, რომ `სანერგე მეურნეობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები აღემატება მათი რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, ბოტანიკური ბაღის ბუღალტერიაში არ ხდება ნერგების მიღების/გამოყვანის ანალიზური აღრიცხვა, რაც წარმოშობს შემოსავლების აღურიცხაობის რისკს“.

ბოტანიკური ბაღის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მერი. ბოტანიკური ბაღის დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად. 2016 წლის აპრილიდან ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღის დირექტორად დანიშნულია ირაკლი არჩაია.

ბოტანიკური ბაღი ფინანსდება როგორც ბათუმის ბიუჯეტიდან, ასევე მას აქვს   საკუთარი შემოსავლები შესასვლელი ბილეთების, ნერგების და სხვა საქონელისა და მომსახურების რეალიზაციიდან.

აუდიტის ინფორმაციით, 2014 წელს ბოტანიკურმა ბაღმა ბიუჯეტიდან 1 093 421 ლარი მიიღო, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან – 1 506 838 ლარი. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი იყო, შესაბამისად, 1 158 208 და 1 685 174 ლარი.

მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტიდან მიღებული 1 მილიონ 399 ათასი ლარის გარდა, სექტემბრის თვის მონაცემებით ბოტანიკურმა ბაღმა, ბაღის ბუღალტრის, ზინა გელაძის ინფორმაციით, „შიდა შემოსავლების სახით დაგეგმილზე მეტი – 1 მილიონ 630 ათასი ლარი მიიღო“. როგორც ზინა გელაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებიდან 717 ათასი ლარი სახელფასო ანაზღაურებაზე იხარჯება. ხელფასებზე დაიხარჯება შიდა შემოსავლებიდან მიღებული  1 მილიონ 9 ათასი ლარიც. ბოტანიკურ ბაღში 187 შტატია. დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი 400 ლარია, საშუალო – 600 ლარი, მაქსიმალური კი – 1 650 ლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com