მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

19.10.2016 • 2075
ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია.

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები:

  • კოლხური მუხა – 1873 ძირი;
  • ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი;
  • კაკლის ხე – 190 ძირი;
  • მცირენაყოფიანი ბალამწარა – 14 ძირი;
  •  უთხოვარი – 6 ძირი.

„საქართველოს წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული ველური მერქნიანი მცენარეების სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების [მოჭრის] უფლების მინიჭების წესი და საკომპენსაციო საფასური, საქართველოს მთავრობამ ბოლოს მიმდინარე წლის მაისში განსაზღვრა.

ამ წესის მიხედვით, მაგალითად, მუხის მოჭრისთვის [შესაბამისი  ნებართვით] 1 კუბ/მ-ზე გადასახადი 75 ლარია. კოლხური მუხის შემთხვევაში კი, რომელიც წითელ ნუსხაშია, ეს საფასური ოთხმაგდება. ანუ, „ელექტროსისტემას“, რომელმაც 1873 ძირი კოლხური მუხა უნდა მოჭრას, 1 კუბ/მ მერქანზე 300 ლარი მაინც უნდა გადაეხადა, თუმცა, ის, რატომღაც ამ საფასურის გადახდისგანაც გაათავისუფლა მთავრობამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: