კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

18.10.2016 • 3826
საუკუნის სახლი ჭინკაძეებში

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სოფლის ბოლოს ძველი კრამიტით გადახურული სახლი დგას. ლაზური არქიტექტურისა და სიძველის კვალი სახლს შორიდანვე ეტყობა. ეს მიქელაძეების საცხოვრებელი სახლია, რომელსაც გასულ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სახლის პირველი სართული ქვითკირითაა ნაშენი, მეორე სართულის ნაწილი – წაბლის ხეში, ნაწილი კი ქვაშია მოქცეული. ქვითკირის კიბეს წაბლის მერქანისგან დამზადებული მოაჯირი აქვს გარშემორტყმული. სახლის ორივე სართულზე საუკუნოვანი ბუხარია. მისაღებ ოთახში ბუხართან, კედელში კარადაა, რომელსაც ძველად დოლაბს ეძახდნენ, რომელიც, ასევე, საუკუნეს ითვლის, საძინებელ ოთახში კი დღემდე დევს უძველესი სექვი, რომელსაც საწოლის ფუნქცია ჰქონდა და სკივრი, სადაც ოჯახი რელიქვიებს ინახავს.

სახლი განსაკუთრებული რომაა, ეს ყველაზე კარგად აქ მცხოვრებლებმა იციან. დღეს აქ ნატო მიქელაძე ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. ნატო პედაგოგია, სკოლაში დაწყებით კლასებს ასწავლის, ის დაწვრილებით გვიამბობს ამ სახლის აგებისა და მისი წინაპრების ისტორიას.

სახლი ნატოს ბაბუას, ოსმან მიქელაძეს საუკუნის წინ აუშენებია.

„1907 წელს დაუწყიათ მშენებლობა და 1910 წელს დაუსრულებიათ. ბაბუა კონსტანტინეპოლში სწავლობდა, სწავლის დასრულების შემდეგ, როცა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულა, სახლის ასაშენებლად ლაზური პროექტი ჩამოუტანია და მოხელეებიც იქედან ჩამოუყვანია, იმ მოხელეებს ქვითკირითა და წაბლის მასალით აუშენებიათ ჩვენი სახლი“, – ამბობს ნატო.

როგორც ნატო გვიყვება, ბოლო 60 წლის განმავლობაში სახლს ნატოს დედა ფიქრიე საგულდაგულოდ უვლიდა, წაბლის ხისგან აშენებულ სახლს ჩრჩილი რომ არ გასჩენოდა 3-4 წელიწადში ერთხელ ნავთით წმენდდა ხის ძელებს.

„50 წლისა ვარ და რაც მე მახსოვს, ამ სახლს დედაჩემი უვლიდა, მან შემოუნახა სილამაზე, ძველი იერი არ დაუკარგა. სახლის ძირითადი ნაწილი წაბლის ხით არის აშენებული, ჩრჩილი რომ არ გასჩენოდა, დედაჩემი მთელს სახლს ხეზე ნავთს უსვამდა, სადაც ვერ სწვდებოდა, კიბეების დახმარებით ახერხებდა ამას და ასე ინახავდა სახლს. მან ამ სახლში 60 წელი იცხოვრა. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, სახლს ჩვენ ვუვლით. სახლის აშენებიდან დღემდე არაფერი შეცვლილა, ერთი ძელიც კი, ყველაფერი საუკუნის წინ არის გაკეთებული. ერთადერთი რაც გვაწუხებს, ალაგ-ალაგ კრამიტია ჩატეხილი და წვიმა ჩამოდის“, – ამბობს ნატო.

მიქელაძეების ოჯახი ორჯერ გახდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლი, პირველად 1937 წელს, როდესაც ნატოს ბაბუა გააციმბირეს, ხოლო მეორედ – 1950 წელს, როდესაც ნატოს მამა ცოლ-შვილთან ერთად ყაზახეთში გაასახლეს.

ნატოს ბაბუა 1937 წელს განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებს ემსხვერპლა, მას შემდეგ რაც სახლიდან გაიყვანეს, ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. ბოლო წერილში, რაც ოჯახმა მიიღო, ის შვილებს დახმარებას სთხოვდა.

„ბაბუას კონტრაბანდისტობა დააბრალეს, 1937 წელს განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა, წაიყვანეს და მას შემდეგ არავის უნახავს. რაც გადმოცემით ვიცი, ბოლო წერილში, რომელიც ფანქრით იყო ნაწერი, ბაბუა მამაჩემს დახმარებას სთხოვდა. „მემედ თუ ზიხარ ადექი, თუ საჭმელს ჭამ, ადექი და წამოდი, თბილები ჩამომიტანე, თორემ ანთება დამემართა და კარგად ვერ ვარ“, – ეს იყო ბაბუაჩემისგან მიღებული ბოლო წერილი. ჩემს მეხსიერებას კარგად შემორჩა, როგორ ტიროდა მამაჩემი ამ წერილის კითხვისას“, – გვიყვება ნატო.

რამდენიმე წლის შემდეგ რეპრესიების სამიზნე მიქელაძეების ოჯახი მეორედ აღმოჩნდა, ნატოს მამა ცოლთან და სამ შვილთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.

„ჩვენი ოჯახი ორჯერ აოხრდა და განადგურდა, ჯერ იყო ბაბუას გადასახლება და მერე მამაჩემის. აქ, ამ სახლში, მამაჩემთან ერთად მისი და-ძმები ცხოვრობდნენ, მაგრამ მარტო მამა გაუსახლებიათ. აქედან მხოლოდ სამი კილო ლობიო წაუღიათ და ისე წაუყვანიათ ცოლ-შვილთან ერთად ყაზახეთში. გადასახლებიდან მამა სამ შვილთან ერთად დაბრუნდა, ცოლი იქ გარდაცვლილა. აქ რომ ჩამოვიდა, დედაჩემზე დაქორწინებულა და ორი შვილი, მე და ჩემი ძმა, ადამი გავჩნდით“, – გვიყვება ნატო.

ნატოს ბაბუა სამჯერ დაქორწინებულა და ხუთი შვილი ჰყოლია, თუმცა სახლი მემკვიდრეობით მის მამას, მემედს ერგო, რადგან მის აშენებაში მემედის დედა დახმარებია ფინანსურად.

მიქელაძეების ოჯახს სახლის გაყიდვის შეთავაზება არასდროს მიუღია, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი შეთავაზების შემთხვევაშიც კი სახლს არ დათმობენ: „ეს ჩვენთვის უძვირფასესია, როგორ შეიძლება დავივიწყო რა სათუთად უვლიდა დედაჩემი სახლს, როგორ წმენდდა ყველა ძელს, ამაზე ღირებული რა უნდა იყოს? არაფერი გაგვიღებია დღემდე, არაფერი შეგვიცვლია, ძველ სახეს ვუნარჩუნებდით და ასეთ სათუთად შენახულ საცხოვრებელს განა ვინმე დათმობს?“ – ამბობს ნატო.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეც ნატოს უზრუნია: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორი წლის წინ მივმართე ბათუმში – სახლის შესახებ ვაცნობე. მოვიდნენ როგორც ბათუმიდან, ასევე თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ორი წლის განმავლობაში არაერთხელ იყვნენ სააგენტოდან, ბოლოს მიანიჭეს სახლს სტატუსი“.

14543424_1389297024432156_424140505_n

საუკუნის სახლი სოფელ ჭინკაძეებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: