კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

18.10.2016 • 4877
თაობა, რომელსაც დიდ ეკრანზე კინო არ უნახავს

წლების წინ, როდესაც ტელევიზორი სოფლის მოსახლეობისთვის ფუფუნების საგანი იყო, საღამოობით, ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად სოფელი „კანტორაში“ იკრიბებოდა. მსგავსი კლუბი თითქმის ყველა სოფელში არსებობდა. თავდაპირველად კლუბებში ქართულ ფილმებს უჩვენებდნენ, მერე ქართული ფილმები ინდურმა თუ რუსულმა ფილმებმა ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი კინოკლუბები გაქრა. მას შემდეგ 25 წელზე მეტი გავიდა. აჭარის მაღალმთიანეთში ახალგაზრდების უმრავლესობას კინო დიდ ეკრანზე არასდროს უნახავს.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბზუბზუში ორსართულიანი ქვის შენობა დგას. შენობის კარ-ფანჯარა ჩამტვრეულია, მეორე სართულთან დამაკავშირებელი კიბე – ჩამოტეხილი. ერთი შეხედვით ძნელი დასაჯერებელია, რომ წლების წინ ზუსტად ამ შენობაში თითქმის მთელი სოფელი და ზაფხულში სოფელში დასასვენებლად ჩასული ქალაქელები იკრიბებოდნენ კინოს საყურებლად.

„კანტორა“ – ასე ეძახდნენ შენობებს სოფლებში, რომელთა პირველ სართულზე მდებარე დარბაზი კინოკლუბის ფუქციას ითავსებდა. კინოს გაშვების წინ სცენას თეთრი ტილოთი ფარავდნენ და დიდ ეკრანზე ქართული თუ ინდური ფილმების სანახავად მთელი სოფელი იკრიბებოდა. ასეთი „კანტორა“ აჭარის მთის თითქმის ყველა დიდ სოფელში არსებობდა.

წლებია „კანტორამ“ ფუნქცია დაკარგა და წლების განმავლობაში მოუვლელი შენობების ნაწილი ჩამოიშალა. სოფელში გაქრა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის ტრადიციაც.

ანა დიასამიძე 20 წლისაა და დაბა შუახევში ცხოვრობს. მას დიდ ეკრანზე ფილმი არასოდეს უნახავს. ანა ამბობს, რომ ასეა ბევრი მისი მეგობარიც. „აქ არც კინოა და არც თეატრი, აქედან ბათუმში ფილმის სანახავად არავინ მიდის. ახლა ყველას ტელევიზორი აქვს და ყველა თავისთვის უყურებს  სახლში. კარგი იქნება, ადგილზე რომ იყოს კინო და ჩვენც შეგვეძლოს ყურება.“

მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი თეატრის შენობაა – ხულოს ცენტრში. აქ სპექტაკლებს კვირაში ორჯერ ხულოს დრამატული თეატრის დასი უჩვენებს. თეატრის დირექტორი გურამ აბულაძე ამბობს, რომ კინოჩვენებებს გასულ წელს ორი-სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მართავდნენ, მაგრამ რადგანაც კინომექანიკოსის შტატი ვერ დაფინანსდა, ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება აქაც შეწყვიტეს.

ფილმის დიდ ეკრანზე ყურების კულტურაზე მახუნცეთის კულტურის სახლის ხელმძღვანელი ციალა ბოლქვაძე გვესაუბრა.

„როგორც გადმოცემით ვიცი, ფილმი აჭარის მთიანეთში პირველად აწჰესში უჩვენებიათ, დაახლოებით 1932-1933 წლები იქნებოდა. ვიდრე სოფლებში კლუბ-კანტორები გაიხსნებოდა, ფილმის სანახავად სოფლებიდან ჩადიოდა ხალხი. ეს ის დროა, როცა სოფლებში შუქი არ იყო. სოფლებში ფილმის ჩვენებები 60-იანი წლებიდან დაიწყო. დიდ სოფლებში თითქმის ყველგან იყო კლუბები, შედარებით პატარა სოფლებში, სადაც კლუბი არ იყო, მოძრავი დანადგარები მიჰქონდათ და ფილმს ასე უჩვენებდნენ.

იმ დროისთვის იმდენად საინტერესო იყო კინოს დიდ ეკრანზე ყურება, რომ დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა. როდესაც კარგი ფილმი გადიოდა, კლუბში დასადგომი ადგილები რომ არ იყო, კარებიდან ვიყურებოდით. კლუბი მაყურებელს ვერ იტევდა როდესაც „გიორგი სააკაძე“, „ვერის უბნის მელოდიები“ გადიოდა.“

ციალა ბოლქვაძე იხსენებს, რომ პირველად ფილმი დიდ ეკრანზე მეორე კლასში ნახა. „კინოს კვირაში ორჯერ უჩვენებდნენ და ისიც საღამოს 7-8 საათზე იწყებოდა. არავინ საუბრობდა, გადალაპარაკებაც კი არ იყო. ერთადერთი – მძიმე კადრების ჩვენებისას ემოციებს გამოხატავდა მაყურებელი, 80-იანი წლების შემდეგ კინოს კულტურა სოფელში აღარ არსებობდა, თითქმის გაქრა.“

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებში კინოკლუბის მოწყობის სურვილი გაუჩნდათ ახალგაზრდულ ცენტრებს, თუმცა სურვილის მიუხედავად ცენტრები ფილმის ჩვენებას მწირი დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ.

„ახალგაზრდები ითხოვენ ცენტრში კინოკლუბი იყოს. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ თვითმმართველობის წინაშე, თუმცა მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ვერ ხერხდება, ამას მინიმუმ 300 000 ლარი დასჭირდება“, – ამბობს შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის ტურიზმის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ალი კეკელიძე.

„კინო, ეს არ არის მარტო ფილმის ყურება, ეს არის კლუბში მისვლა, გასეირნება, განწყობა. კინოს დღეს ნებისმიერი სახით მოიძიებ და ნახავ, მაგრამ დიდ ეკრანზე ფილმის ნახვას სულ სხვა ეფექტი აქვს“, – ამბობს ხულოს გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე. თუმცა, მისი თქმით, ახლა `სხვა დროა~ და სოფლის ახალგაზრდები თურქეთში არიან სამუშაოდ: „ვინმეს უთხოვია კინოკლუბის მოწყობა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ამის თაობაზე არც ოფიციალური და არც სიტყვიერი სახით მოთხოვნა არ ყოფილა. სოფლებში ჩვენებები რომ მოაწყო, ამას დანადგარები სჭირდება“.

ქედის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მამია გვარიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდულ ცენტრს ხულო-შუახევის მსგავსად, არც ქედაში აქვს შესაბამისი შენობა, სადაც ახალგაზრდული ცენტრი ფილმის ჩვენებას შეძლებდა.

„გვინდა კლუბები ჩამოვაყალიბოთ. ძირითადი პრობლემა თანხის სიმცირეა, კინოს რომ უჩვენებ, სპეციალისტიც უნდა გყავდეს, რომელიც განიხილავს კინოს. მეორე მხარე ის არის, რომ შესაბამისი ფართობი არ გვაქვს, ყოველთვის გამგეობის სააქტო დარბაზში ვერ უჩვენებ ფილმს“, – ამბობს მამია გვარიშვილი.

ახალგაზრდებისგან განსხვავებით დიდ ეკრანზე ფილმის ყურების დიდი გამოცდილება სოფელში მცხოვრებ თითქმის ყველა ასაკოვან ადამიანს აქვს. შუახევის მუნიციპალიტეტის, ოლადაურის თემის სოფელ გორში მცხოვრები 46 წლის იაშა ფუტკარაძე დღესაც ღიმილით იხსენებს იმ დროს, როდესაც სოფლის ახალგაზრდები ფილმის სანახავად მიდიოდნენ:

„14-15 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვნახე ფილმი. სოფლებში აპარატურა კვირაში ორჯერ ამოჰქონდათ, შუახევის ცენტრში კი კინოჩვენებები თითქმის ყოველ დღეს იყო. კინოს ღია სივრცეშიც უჩვენებდნენ. ფილმის დღის ჩვენებაზე კლუბში მხოლოდ ახალგაზრდები ვიყავით, ასაკოვანს ვერ დაინახავდი, რადგანაც ყველა მუშაობდა. ინდური ფილმი – „სპილო ჩემი მეგობარია“ ახალგაზრდების რჩეული ფილმი იყო. რამდენჯერაც სოფელში გააკრავდნენ პლაკატს, რომ ეს ფილმი უნდა ეჩვენებინათ, იმდენჯერ ვუყურებდით. კარგია, სოფლებში ეს ტრადიცია რომ აღდგეს, მე აუცილებლად მივიდოდი ფილმის სანახავად“.

ძველი „კანტორა“ სოფელ ბზუბზუში. ეკა ბარამიძის ფოტო

ძველი „კანტორა“ სოფელ ბზუბზუში. ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: