მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

18.10.2016 • 1322
უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც განსაზღვრა. უსკოს ინფორმაციით, მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღი 30 ოქტომბერია. ამასთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნების(პროპორციული) შემაჯამებელი ოქმის შედგენის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. აღნიშნული დოკუმენტის მიღების შემდეგ კი უსკო გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება.

არჩევნების მეორე ტური აჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების 2 ბიულეტენს მიიღებს, ქედა, შუახევი, ხულოს გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში კი ერთს. აქ მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება. ამ ოლქში პარლამენტის არჩევნების პირველ ტურშივე გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ. ცესკოს მონაცემებით მან ხმების  51,75% მიიღო.

უსკოს ინფორმაციით, „საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურის დანიშნვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, შესაბამისად, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: