მთავარი,სიახლეები

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

15.10.2016 • 2561
ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა

დღეს 15 ოქტომბერს, სოფელ მოხეში, მუსლიმებმა სადავო შენობის წინ ილოცეს. შენობა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმები სახელმწიფოსგან ითხოვენ, პოლიციამ ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შესასვლელი აჭედა. მუსლიმები, სადავო შენობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან სამართლებრივ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს კომისიას კი, რომელსაც შენობის ისტორიული წარმომავლობა და კონფესიური კუთვნილება უნდა დაედგინა, დღემდე არცერთი დასკვნა არ წარმოუდგენია.

„ბათუმელები“ სამცხე-ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს ესაუბრა, რომელიც სააგენტოს მიერ დაარსებული კომისიის წევრია. მისი თქმით, კომისია ორი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიკრიბა, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ბოლოს რამდენიმე თვის წინ შევიკრებით და მაშინ თქვეს, არჩევნებამდე მუშაობა შევწყვიტოთ და არჩევნების შემდეგ განვაახლოთო, თუმცა  ოფიციალურად რაიმე დოკუმენტი კომისიას არ მიუღია. სიტყვიერად, კომისიის ყველა წევრი ამბობს, რომ შენობა მეჩეთს წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ  მართლმადიდებელ ეკლესიას უწევენ ანგარიშს“.

მამუკა ვაშაყმაძე გვეუბნება, რომ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების კომისიაში ყოფნას აზრი აღარ აქვს, „რადგან ჩვენ ვერ დავეხმარეთ მუსლიმებს პრობლემის მოგვარებაში და მათთან შეხვედრაც კი გვრცხვენია“.

მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარების თაობაზე სახელმწიფოს არცერთი მაღალი მოხელის პოზიცია არ მოუსმენია.

სოფელ მოხეში, ნახევრად დანგრეული შენობის მესაკუთრეობაზე დავა ჯერ კიდევ  2014 წელს დაიწყო. ადგილობრივი მუსლიმები მოითხოვდნე რომ შენობა მუსლიმ თემს გადასცემოდა, რადგან მათი თქმით, ადრე ეს ნაგებობა მეჩეთს წარმოადგენდა, საბჭოთა პეროდში კი ჯერ სათავსოდ,   შემდეგ კი ბიბლიოთეკად გამოიყენებოდა. შენობაზე პრეტენზიას ადგილობრივი ქრისტიანებიც აცხადებენ. ამ მიზეზით სიტუაცია მოხეში რამდენჯერმე დაიძაბა.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ის რაც ხდება მოხეში ხდება, სახელმწიფოს სისუსტეა.

„სახელმწიფოს სისუსტეა იმ თვალსაზრისით, რომ ორი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ატყუეს ეს ადამიანები და ჰქონდათ დროის გაყვანის მცდელობა.   რელიგიის სააგენტოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ, ცალკე პრობლემაა, რადგან სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს დაძაბულობისკენ მიჰყავს სიტუაცია.  მისი ქმედება არასახელმწიფოებრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ და დროა პრემიერმაც  იფიქროს ამ სააგენტოს გაუქმებაზე“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, მუსლიმთა საამმართველო ამ პროცესში პასიური აღმოჩნდა, „რადგან ის წარმოადგენს უსუსურ ძალას ამ კომისიაში და იქცნენ მარიონეტებად“-გვეუბნება ის.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, კომისიაში ის პირები შეიყვანეს, რომელიც მუსლიმი თემის მიმართ აგრესიულია. „მაჭუტაძე რომელიც ამ კომისიის ერთ-ერთი წევრია,  მოხეს მოვლენების დროს მუსლიმებს არბევდა. კოხოძე, რომელიც დედას აგინებდა მუსლიმებს, ამ რეგიონის პოლიციის უფროსია, ასეთი მიდგომით, ვარაუდის დონეზეც კი დაუშვებელია რომ ვინმე ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფომ თავისი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას და თქვას თავისი სამართლებრივი სიტყვა. თუ არ იტყვის, ეს მოვლენები გაგრძელდება და სხვა სახესაც მიიღებს.  სახელმწიფომ თქვას, ეს შენობა ეკუთვნის მუსლიმებს, თუ არა“-ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ ჯერ კიდევ ორი წლის განაცხადა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც შენობის ისტორიულ და კონფესიურ კუთვნილებას დაადგენდა და ამის მიხედვით გადაწყდებოდა სადავო ქონების ბედიც. თუმცა, მოგვიანებით, სააგენტოს რიტორიკა შეიცვალა.

სოფელ მოხეში მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ილოცეს. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე.

სოფელ მოხეში მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ილოცეს.
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე.

არასამთავროპო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი თამთა მიქელაძე, რომელიც საქართველოში მუსლიმთა უფლებებს იცავს, ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებელი მთლიანად სახელმწიფოა.

„კომისიაში შევიდნენ კულტურის სამინისტროს მაშინდელი წარმომადგენლები, თუმცა ორი წელი გავიდა და კომისიას არცერთი ღონისძიება ამ მიმართულებით არ ჩაუტარებია. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, რომ შენობის ისტორიული წარმომავლობა დაედგინა. “-გვეუბნება ის.

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რა ვადებში უნდა განეხორციელებინა ექსპერტული სამუშაოები კომისიას, ეს გაწერილი არ იყო.

„კომისიის საქმიანობა არის დახურული. არც სახალხო დამცველი შეუშვეს და არც არასამთავრობოებს მიაწოდეს ინფორმაცია თუ რას საქმიანობდა კომისია.  გვითხრეს რომ კომისია არ არის საჯარო დაწესებულება და არ აქვს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ეს ნიშნავს რომ შენობის შესწავლის პროცესი არ დაწყებულა. მოგვიანებით განაცხადეს რომ კომისია დაპირისპირებული მხარეების ნდობის აღდგენაზე მუშაობდა. ნდობის აღდგენაზე საუბარი კი ძალიან ილუზორულია. კომისიაში შედიან სამუფთო სამმარველოს წარმომადგენლები ბეგლარ ქამაშიძე, ადამ შანთაძე, მამუკა ვაშაყმაძე.  მამუკა ვაშაყმაძისგან ვიცით, რომ  შენობის ექსპერტიზა არ ჩატარებულა და მიდის მოლაპარაკებები რომ მხარეები შერიგდნენო“.

თამთა მიქელაძის აზრით, შენობის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისიის შექმნა საჭირო არ იყო. „კულტურის სამინისტროში არსებობენ სპეციალისტები რომლებიც ასეთ საკითხებს სწავლობენ. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე დადგინდებოდა ძეგლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა და ამის მიხედვით უნდა გადასცემოდა შესაბამის კონფესიურ ჯგუფს. ამის შემდეგ, მექანიზმი რა თქმა უნდა ითვალისწინებს სასამართლოში მისი გასაჩივრების წესსაც, თუმცა სააგენტოს კომისიამ ეს გზა არ გაიარა, რაც იმთავითვე პრობლემურია“.

თამთა მიქელაძის აზრით, არასწორი იყო კომისიაში საპატრიარქოს შეყვანაც, „რადგან   სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როცა ერთმა სასულიერო პირმა გააკეთა განცხადება რომ ეს შენობა  იყო ქრისტიანული ეკლესია, მიუხედავად იმისა რომ ამის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია“.

რაც შეეხება შენობაზე პოლიციის ზედამხედველობას, თამთა მიქელაძის განმარტებით, ეს სამართლებრივად გამართლებულია, რადგან შენობა ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტია მესაკუთრე, მათ ბალანსზეა შენობა რიცხული, ამიტომ შენობის დალუქვა სამართლებრივად სწორია. თუმცა რეალურად სახელმწიფომ მუსლიმების უკმაყოფილება არ შეისწავლა და ამ დრომდე პრობლემის მოსაგვარებლად არცერთი ეფექტური ნაბიჯი არ გადადგა და არსებითად არ ამოხსნა პრობლემა“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ მოხეში ერთი მუსლიმური სამლოცველოა, რომელიც კერძო სახლში ფუნქციონირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: