მთავარი,სიახლეები

რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

13.10.2016 • 7341
რატომ ამბობენ მამები უარს ალიმენტის გადახდაზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალიმენტის დაკისრების 254 შემთხვევა განიხილა. 119 სარჩელი დაკმაყოფილდა, 52 – მორიგებით დასრულდა, ალიმენტის მიღებაზე უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა – 66-ჯერ. ადვოკატებს ალიმენტზე საუბრის დროს, პირველ რიგში, მამების არგუმენტი ახსენდებათ – მათ არ სჯერათ, რომ ალიმენტს დედები შვილებს მოახმარენ. „ამ პროცესში ხშირად ბავშვი სრულიად იგნორირებულია ორივე მშობლისგან,“ – ამბობს ანი თვარაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.

ანი თვარაძეს 11-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით: „ხშირად დედა მოითხოვს ალიმენტის დაკისრებას იმიტომ, რომ ამ ფორმით სურს შურისძიების გამოხატვა. მამა ნებაყოფლობით უარს ამბობს ალიმენტის გადახდაზე და ამბობს, ისედაც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი შვილისთვის, ფულს არ ვიცი რაში დახარჯავს ჩემი ყოფილი მეუღლეო.

ბევრჯერ მქონია განცდა, რომ ბავშვი საერთოდ დაკარგულია ამ პროცესში. არადა, თითქოს ყველაფერი ბავშვისთვის კეთდება…“

ადვოკატების თქმით, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო აკმაყოფილებს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას. პრაქტიკიდან გამომდინარე, ადვოკატები სირთულეს რამდენიმე მიმართულებით ხედავენ – პროცესებს კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, დაახლოებით 4 თვე მაინც სჭირდება. გარდა ამისა, თუკი მშობელს, ვისაც ალიმენტის გადახდა ეკისრება, არ აქვს ოფიციალური სამსახური და არ ფლობს უძრავ ქონებას, პრობლემაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ალიმენტის გადახდის ვალდებულებას ხანდაზმულობა არ გააჩნია და პირი მოვალეთა რეესტრში ირიცხება, ვიდრე ის დაგროვილ დავალიანებას არ დაფარავს.

კანონი ალიმენტის დაკისრებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაშიც, როცა ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის. ადვოკატი ციცო ცხვედიანი იხსენებს შემთხვევას, როცა მოდავე მხარეები არათუ გაშორებული, არამედ ერთადაც კი ცხოვრობდნენ: „ბავშვების დედა ამბობდა, ქმარს საერთოდ არ მოაქვს ფული სახლშიო. ხელფასს იღებდა ეს კაცი და იმავე დღეს ხარჯავდა სასმელში. სასამართლო დარბაზშიც თქვა მამამ, რომ შვილები ძალიან უყვარს, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებდა. სასამართლომ დააკმაყოფილა დედის სარჩელი. როგორც ვიცი, დღემდე ერთადაა ეს ცოლ-ქმარი… კიდევ ერთი შემთხვევა მქონდა, როცა ქალი ვარაუდობდა, რომ ქმარს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე ოჯახში ასახელებდა და ბავშვებისთვის ძალიან ცოტას ხარჯავდა. მამაკაცს არ ჰქონდა ოფიციალური სამსახური და ხელზე იღებდა თანხას. დედას ვურჩიე არ შეეტანა სარჩელი, რადგან მოსამართლე მამას დააკისრებდა ოფიციალურად თანხის გადახდას, როგორც უმუშევარს და ეს იმაზე უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე მამა რეალურად იხდიდა.“

უმუშევარი მშობლის შემთხვევაში, სასამართლო მაინც აკისრებს პირს ალიმენტის გადახდას, ოღონდ მინიმალური ოდენობით. არსებობს შემთხვევები, როცა ალიმენტის საფასურის შესამცირებლად, ან პირიქით მხარე ხელახლა მიმართავს სასამართლოს და ახალი გარემოების, მაგალითად, სამსახურში ხელფასის გაზრდის გამო, საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს.

ადვოკატ ციცო ცხვედიანს ჰქონია ალიმენტის საქმე დედის წინააღმდეგაც: „ბავშვები 10 წელს გადაცილებული იყვნენ და სასამართლო ითვალისწინებს მათ აზრს. ბავშვებმა მშობლების განქორწინების შემდეგ მამასთან არჩიეს დარჩენა. მამამ ალიმენტის დაკისრება მოითხოვა და მოიგო კიდეც საქმე, მაგრამ აღსრულება არ მოუთხოვია. ვკითხე, საქმე მოიგეთ და რატომ არ ითხოვთ ალიმენტს-მეთქი. მიპასუხა, რომ ეს ჭკუის სასწავლებლად უნდოდა. მორალური მიდგომა ჰქონია. თითქოს ეს რა ქალია, სასამართლომ რომ შვილებისთვის ფულის გადახდა დააკისრაო…

ზოგადად, სამწუხაროა, მამაკაცების მიდგომა. ბევრჯერ მომისმენია მამებისგან, თითქოს დედა შვილებისთვის არ დახარჯავს ფულს. ასე თუა რეალურად, შეუძლიათ მოამზადონ სარჩელი და მოითხოვონ ის, რომ შვილი მათთან იზრდებოდეს, ამასაც არ აკეთებენ…“

დედისთვის ალიმენტის დაკისრება გადაუწყვეტია ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც. ადვოკატი ლელი ბჟალავა ამბობს, რომ ამ პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, როცა დედა ვეღარ ახერხებდა თანხის გადახდას და ის ფსიქიკურადაც დაავადდა: „ეს ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. ქმარს რომ არ მოეკლა, შვილები წამოიყვანა სოფლიდან ქალაქში. შემდეგ მამამ შვილები თავისთან წაიყვანა და დედას ალიმენტის გადახდა მოსთხოვა. ხელახლა გამართული სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. ყოფილი ცოლ-ქმარი შეთანხმდა იმაზე, რომ ბავშვები ისევ მამასთან იქნებოდნენ, არდადეგების დროს – დედასთან. ალიმენტს დედა აღარ იხდის“.

ლელი ბჟალავას თქმით, ალიმენტის მოთხოვნას მამები აგრესიით ხვდებიან. ადვოკატს მიმდინარე საქმე ხელვაჩაურის სასამართლოში აქვს: „თავდაპირველად დედ-მამა ერთად წავიდა უცხოეთში სამუშაოდ და ბავშვისთვის თანხას აგზავნიდნენ. მამა რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა, სხვა ქალთან დაოჯახდა და საცხოვრებლად „ოცნების ქალაქში“ გადავიდა, შვილი ისევ ბებია-ბაბუასთან დატოვა სოფელში. წელს ბავშვის დედა დაბრუნდა უცხოეთიდან და ბავშვი თავის მშობლებთან წაიყვანა კახეთში. ამ ქალმა რამდენიმე თვის წინ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ყოფილი ქმრისთვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა. ბავშვის მამა აგრესიით შეხვდა მოთხოვნას და ბავშვის დაბრუნება მოითხოვა. შესაგებელში აღნიშნა კიდეც, რომ დედას ბავშვი მიტოვებული ჰყავდა წლების განმავლობაში და არ ზრუნავდა მასზე… მოსამართლემ დროებით ბავშვი მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან დააბრუნა, რადგან ბავშვი აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, ანი თვარაძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ევროპაში ალიმენტის დაკისრების საქმეებს სასამართლოები თითქმის აღარ განიხილავენ. ამ საქმეს სასამართლო მედიაცია ასრულებს: „იქ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ბავშვზე პასუხისმგებლობას იღებს ორივე მშობელი. საერთოდ აღარ რჩება იმის საჭიროება, რომ რომელიმე ინსტიტუციამ განსაზღვროს მშობლის შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. ჩვენთან, თბილისის საქალაქო სასამართლოშიც არსებობს შესაძლებლობა, რომ მოსამართლის ნაცვლად, მედიატორმა განიხილოს ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, მაგრამ ამ სამსახურს მოქალაქეები იშვიათად მიმართავენ. არის შემთხვევები, როცა მედიაციაში საქმის გადაწყვეტის შემდეგ, რომელიმე მხარეს ისევ სასამართლოში შეაქვს სარჩელი. ჩვენთან სასამართლო უფრო მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს, მაგრამ სასამართლოში ადამიანები იხდიან ზედმეტ ბაჟს, ხარჯავენ დროს, ენერგიას, იღებენ სტრესს…“

სასამართლო მედიაცია 2011 წლიდან მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იგი სხვადასხვა სახის სამოქალაქო დავას განიხილავს, მათ შორის, ალიმენტის დაკისრებას. ხელისუფლება გამოთქვამდა იმედს, რომ მედიატორები სხვა სასამართლოებშიც გამოჩნდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. რის გამო ვერ იმუშავა მედიაციის სამსახურმა – კითხვებზე საპასუხოდ ვერ მოიცალეს უზენაეს სასამართლოში. როგორც ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ვკითხულობთ, მედიაციის სამსახურისთვის მიმართვის შემთხვევაში, მოქალაქეები დავის საგნის მხოლოდ 1 პროცენტს გადაიხდიან [სასამართლოს შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საფასური 3 პროცენტს შეადგენს], ასევე მხარეებს გადახდილი ბაჟის 70 პროცენტი უკან უბრუნდებათ, თუკი დავა შეთანხმებით დასრულდება.

ჯერჯერობით ალიმენტების საქმეების რაოდენობა პროცენტულად თითქმის თანაბრად ნაწილდება წლების მიხედვით ბათუმის სასამართლოში. განქორწინების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ალიმენტის საქმეების მატებასაც უნდა ველოდოთ – 2008 წელს ქვეყანაში 3189 განქორწინების შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი – 9112-მდე გაიზარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: