სიახლეები

რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

30.05.2012 • • 1174
რატომ არ ნიშნავს კიბო სიკვდილს

თემურ გოგიტიძე, მამოლოგი

“კიბო უკურნებელია” – ასე ფიქრობს ალბათ ბევრი ჩვენგანი. ბევრის აზრით, თუკი ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი ამ სიმსივნისგან წამებასა და ტანჯვაში დაიღუპება. ონკოლოგიურ დაავადებათა ბუნება დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო და თვით დაავადებაც რთულად ექვემდებარებოდა მკურნალობას. საქართველოში და ჩვენთანაც, ბათუმში, ეს სიტუაცია ახლა იწყებს შეცვლას. მდგომარეობის გამოსწორება დაკავშირებულია სამკურნალო დაწესებულების ტექნიკური აღჭურვილობის გაახლებასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძუძუს კიბოს დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.
რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჩვენთან განუკურნებლად მიიჩნევა, რატომ ერიდება ხალხი “მისი სახელის ხსენებას”.
პირველი და უმთავრესი,- შემთხვევათა უმრავლესობა დგინდება შორს წასულ სტადიაზე, როდესაც ნამდვილად შეუძლებელია გამოჯანმრთელება. თუმცა ამას მხოლოდ კიბოს ვერ დავაბრალებთ. გულის, ფილტვის, თავის ტვინის სისხლძარღვების არაავთვისებიანი დაავადებებიც სასიკვდილოა, გამოჯანმრთელება ვერ ხერხდება. მაგრამ ხალხს კიბოსი ეშინია. ეს კი უკვე პალიატიური მზრუნველობის განუვითარებლობის ბრალია.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ბათუმში, ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელო, 100-დან მაქსიმუმ 5 ქალს ესმება დიაგნოზი იმ სტადიაზე, როცა შეიძლება ადვილად განკურნება. ქვეყანაშიც ანალოგიური სიტუაციაა. საქართველოს 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკით, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევათა 7,1 პროცენტში დადგინდა დაავადების პირველი, 32%-ში _ მეორე, 29,3%-ში _ მესამე, ხოლო 28,5%-ში მეოთხე სტადია. ეს ძალიან ცუდი მონაცემია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნებში სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი ადრეულ სტადიაზე 70-80%-ში დგინდება. თუ რატომ ვლინდება სიმსივნე ჩვენთან ასე გვიან, ამის შესახებ ვილაპარაკებთ შემდგომ და ვეცდებით, გამოსავალი ვნახოთ.

შესაბამისად, თუკი დიაგნოზთა უმრავლესობა გვიან სტადიაზე ისმება, მაშინ ეს პაციენტი მალე იღუპება, შესაბამისად, ხალხში კიბოს შესახებ ისეთი აზრი იქნება, რომ ის ყველა შემთხვევაში სასიკვდილოა.
ადრეულ სტადიაში მე ვგულისხმობ დაავადების ნულოვან და მაქსიმუმ პირველ სტადიას. ჩვენთან ექიმები მიიჩნევენ, რომ მეორე სტადია ადრეული სტადიაა და ამ მოცულობის პროცესის დიაგნოსტირება `გმირობაა~. სამწუხაროდ ასე არ არის. ამჟამად თავი შეიძლება შეიქოს მამოლოგმა, თუ დასვამს სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს ნულოვან სტადიაზე, ან როცა სიმსივნე ერთ სანტიმეტრამდე ზომისაა. ეს კი შეუძლებელია უახლესი ტექნიკის, სკრინინგის ჩატარების და მოწესრიგებული ხალხის გარეშე.
მრავალი კვლევით დადგენილია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბოს 0 (ნულოვან) სტადიის დროს გამოჯანმრთელება 100%-ია, პირველი სტადიის დროს 98%-ის ფარგლებშია. შემდეგ გამოჯანმრთელების შანსი კლებულობს, მეორე სტადიის დროს 70-80%-ია, ხოლო მესამე-მეოთხე სტადიაზე _ ძალიან მცირეა. თუმცა, რა თქმა უნდა, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით დაავადების კონტროლი შესაძლებელია და ეს ყველა შემთხვევაში სიკვდილს არ ნიშნავს.
საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ჩვენთან ონკოლოგიური დეონტოლოგიით მიღებულია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის გამხელა პაციენტისთვის დანაშაულია. ამას აქტიურად იზიარებენ ექიმები და ნათესავებიც, რის გამოც ჩამოყალიბდა ასეთი სიტუაცია: თუკი კიბოს დიაგნოზი დაისვა ადრეულ სტადიაზე, ვერც პაციენტი და ვერც მისი ნათესავების ფართო წრე ვერ იგებს ამ დიაგნოზის შესახებ, ისე იკურნება ადამიანი სიმსივნისგან. მესამე და მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი დიაგნოზის დაფარვა შეუძლებელია, თანაც პაციენტი მალე იღუპება. შესაბამისად, ეს ხალხში აყალიბებს აზრს, რომ კიბოთი დაავადებული ადამიანი უნდა იყოს დაუძლურებული, დატანჯული და გადარჩენის შანსი მას არ აქვს.
როცა ადრეულ სტადიაზე ვსვამ დიაგნოზს, ხშირად გამიგია პაციენტის ნათესავებისგან _ `როგორ, მას ხომ არაფერი აწუხებს, ჰგავს ახლა ეგ კიბოიანს?~. ამ მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ ექიმს შეუძლია. საბედნიეროდ, არიან ექიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პაციენტმა დიაგნოზი უნდა იცოდეს. მეც ამ აზრს ვიზიარებ, თუმცა ხშირად მიწევს მაინც დიაგნოზის დაფარვა პაციენტის ნათესავების დიდი ზეწოლის გამო.
მიმაჩნია, რომ ბათუმში მამოლოგების ხელთ არსებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურის არსებობით სარძევე ჯირკვლის კიბოზე გამარჯვებისთვის კარგი პირობები იქმნება. და თუკი ქალბატონები ჩვენთან პერიოდულად ივლიან, დიაგნოზი დაავადების ადრეულ სტადიაზე დაისმება, ანუ რეალურად განიკურნებიან.

გადაბეჭდვის წესი