რატომ წაიყვანეს ბათუმიდან მუშები ხულოში პატარაძესთან შესახვედრად

გასულ შაბათს, 24 სექტემბერს [ერთი დღით], სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფმა“ კურორტ გოდერძზე მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დასაქმებულთა რაოდენობა ბათუმში, მისსავე მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ხარჯზე გაზარდა. ასე საგანგებოდ კომპანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად გაისარჯა.  „ბათუმიდან გოდერძზე ორი „მარშრუტკა“ მუშების აყვანის“ შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ალიანს ჯგუფში“ სამშენებლო ობიექტზე მუშების ხელოვნურად გაორმაგების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„პატარაძის ვიზიტის დღეს ორი „მარშრუტკა“ მუშები ამოიყვანეს. არ უმუშავიათ, მხოლოდ საჩვენებლად იყვნენ. ხუთ წუთში დამთავრდა ყველაფერი“, –  ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ზურაბ პატარაძისა და აჭარის მთავრობის სხვა წევრების კურორტზე სტუმრობას ესწრებოდა. ის ამბობს, რომ ზურაბ პატარაძემ „ხელი ჩამოართვა არ იმ მუშებს, ვინც რეალურად მუშაობენ ობიექტზე, არამედ მათ, ვინც საგანგებოდ მასთან შესახვედრად აიყვანეს ბათუმიდან“.

ამ ვიზიტის თაობაზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩანს, რომ ზურაბ პატარაძესა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს „ალიანს ჯგუფის“ მმართველმა გია ბიწაძემ უმასპინძლა. კადრებში ასევე ჩანს, მთავრობის თავმჯდომარე ხელის ჩამორთმევით რომ ესალმება რიგში მოწყობილ მუშებს, ხოლო მოშორებით ჩანან ის მუშები, ვისთანაც მთავრობის თავმჯომარე მისასალმებლად არ მისულა. ისინი თანამდებობის პირების სტუმრობისას უკან, შეხვედრის ფონზე აგრძელებდნენ მუშაობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველის, ბესო ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასაქმებულთა რაოდენობაზე ინფორმაცია ინვესტორისგან ჰქონდა. ამ ინფორმაციით ინვესტორს ადგილზე 50 პირი ჰყავს დასაქმებული, პროექტის დასრულების შემდეგ კი ასი პირი დასაქმება. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარს, იქ თავმჯდომარემ დასასაქმებელთა რაოდენობა იგულისხმა.

რაში დასჭირდა კომპანიას მუშების რაოდენობის გაზრდა იმ დღისთვის, თუ მშენებლობაზე მუშების საჭირო რაოდენობა ისედაც ჰყავს? – რესპონდენტმა, რომელიც „ალიანს ჯგუფს“ ჰყავს დაქირავებული გოდერძზე და რომელმაც გვთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ დაგვესახლებინა, ამ კითხვის პასუხად თქვა: „უფრო მეტი მყავს დასაქმებულიო, რომ ეჩვენებინა“.

მთავრობის ინფორმაციით, პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. „აქ ამ დროისთვის 100 ადგილობრივია დასაქმებული“, – გაიმეორა მთავრობის თავმჯდომარემაც აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში. თუმცა, სხვას ამბობენ მუშები [მათ „ბათუმელები“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა] – ამ ეტაპზე მათთან მხოლოდ 35-მდე ადგილობრივი ყოფილა დასაქმებული და ერთმანეთს ყველა იცნობს. მუშებისვე ინფორმაციით, დაახლოებით ამდენივე „ყვითელკასკიანი მუშა“ აიყვანა კურორტ გოდერძზე კომპანიამ 24 სექტემბერს, ზურაბ პატარაძესთან შესახვედრად.

14469109_1115081418539570_340357605_n
ინფორმაციის გადასამოწმებლად „ბათუმელები“ გია ბიწაძეს დაუკავშირდა. „არასწორი ინფორმაცია გაქვთ. იქ იყო იმ დღეს იმდენი მუშა და ის მუშები, ვინც იქ დასაქმებულია. იმ დღეს იქ კომპანიას სხვა მუშები არ აუყვანია“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

კურორტ გოდერძის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ პატარაძესთან ერთად იმ დღეს კურორტზე სამშენებლო სამუშაოების მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები – ხვიჩა შარაშიძე და ანზორ ბოლქვაძეც იმყოფებოდნენ.

მთავრობის ინფორმაციით, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას, რომელსაც კურორტ გოდერძზე „ალიანს ჯგუფი“აშენებს, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

„ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მეტრ ტერიტორიაზე შენდება და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა. პროექტის ფარგლებში რეგიონში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტის“ საძირკვლის მოწყობა – აქ პირველ სართულს აშენებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი