კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

06.10.2016 • 4362
ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“.

„მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზაფხულში აუქციონზე 3 მილიონ ლარად ორჯერ გაიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მხოლოდ „მზიურის“ ტერიტორია იყიდებოდა, სადაც შემსყიდველს დამატებით 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ქონება არ გაიყიდა, თუმცა, ინვესტორისთვის გაცილებით უკეთესი პირობებით, აჭარის მთავრობამ „მზიურის“ ტერიტორია „მახინჯაურთან“ ერთად, კერძო კომპანიას მიყიდა.

მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 33 530 კვ/მ და 2255 კვ/მ შენობა-ნაგებობა,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის  ბრძანებების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად, პირობებით, 16 სექტემბერს გაიყიდა.

„სურვილი გვაქვს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად შევქმნათ სამკურნალო მინერალური წყლითა და თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრით აღჭურვილი დასასვენებელი ცენტრი და სარეაბილიტაციო დაწესებულება…“ – აღნიშნულია გოჩა ჯაიანის წერილში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 24 აგვისტოს შევიდა.

გოჩა ჯაიანი შპს „სტატოტელის“ დირექტორია, ის ზემოაღნიშნული წერილით „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ პირდაპირი მიყიდვის წესით შესყიდვას ითხოვდა სამინისტროსგან. წერილის მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე სასტუმრო, ხოლო „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო დაწესებულება განთავსდება.

„აჭარაში დავათვალიერეთ ადგილი, მოგვეწონა და მივმართეთ წერილით აჭარის მთავრობას, შევთავაზეთ ჩვენი პირობები, რითაც შევიძენდით ამ მიწის ნაკვეთებს. აუქციონის შესახებ არაფერი ვიცოდით, ჩვენ, უბრალოდ, ვეძებდით მიწას აჭარაში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში გოჩა ჯაიანმა და დასძინა, რომ მანამდე კომუნიკაცია აჭარის მთავრობასთან არ ჰქონიათ.

აჭარის მთავრობამ ქონება ზუსტად იმ პირობებით გაასხვისა „სტატოტელზე“, რა პირობებიც კომპანიის დირექტორის წერილშია შეთავაზებული. „სტატოტელთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გაფორმდა.

პანსიონატი „მზიური“

ყოფილი პანსიონატი „მზიურის“ ტერიტორია

ხელშეკრულების მიხედვით, „მზიურის“ ტერიტორიაზე 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში, უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

კომპანიას ასევე შეუძლია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით გაასხვისოს ქონება, რაზედაც სამინისტრო უარს ვერ ეტყვის.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ყაზახეთში ყოფილი ელჩის, ზურაბ პატარაძის ერთ-ერთი დაპირება ყაზახური ინვესტიციების მოზიდვა იყო: „ჩვენ გვაქვს ყაზახური ინვესტიციები რეგიონში და ველოდებით კიდევ დამატებით ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს და მალე გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია“.

უკავშირდება თუ არა „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ გასხვისება „ახალ ყაზახურ ინვესტიციებს“?

გოჩა ჯაიანის თქმით, „სტატოტელის“ მფლობელი კომპანია არის „კაპიტალ ჰოლდინგი“, რომლის დამფუძნებელიც არის ყაზახეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი, რომელიც იქ ცხოვრობს წლებია. ამდენად, ძირითადად, იქნება ყაზახური ინვესტიცია. ჰოლდინგში არის კომპანიები, რომლებიც მშენებლობით არიან დაკავებული და ვაშენებთ სახლებს თბილისში, სასტუმროს ქუთაისში…“

რაც შეეხება „ჰოლდინგის“ მესაკუთრესა და ზურაბ პატარაძეს შორის ურთიერთობას, გოჩა ჯაიანი ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ აქვს: „ელჩი იყო ყაზახეთში და ალბათ ქართველებთან ჰქონდა ურთიერთობა, ელჩის  ერთ-ერთი მოვალეობაც ეს არის, სხვა ვერაფერს გეტყვით…“

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, შპს „სტატოტელი“ 2013 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი შპს „კაპიტოლ ჰოლდინგი“ კი, 4 დღით ადრე, 2013 წლის 12 დეკემბერსაა დარეგისტრირებული [ორივე თბილისში]. შპს „კაპიტოლ ჰოლდინგის“ მესაკუთრე, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, ყაზახეთის მოქალაქე ვერა ჯახუტაშვილია. კომპანიის მესაკუთრე ადრე ასევე ყაზახეთის მოქალაქე შალვა ჯახუტაშვილი იყო. „კაპიტოლ ჰოლდინგის“ დირექტორია გიორგი ჯახუტაშვილი, საქართველოს მოქალაქე.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, გიორგი ჯახუტაშვილი შპს „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიისა“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორია.

გასულ წელს საპარტნიორო ფონდმა ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება დაიწყო. სასტუმრო ქუთაისში შენდება, საპარტნიორო ფონდის პარტნიორი კი ამ პროექტში „კაპიტოლ ჰოლდინგია.“

იქნება თუ არა საპარტნიორო ფონდი „სტატოტელის“ პარტნიორი „მახინჯაურის პროექტში“? გოჩა ჯაიანი აცხადებს, რომ ფონდთან დაკავშირება არ არის გამორიცხული: „ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საპარტნიორო ფონდთან და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ და ჩვენი პარტნიორი გახდეს ამ პროექტში. სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ 6 თვის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ, თუ რამდენად რენტაბელური იქნება, რა იქნება, რას გავაკეთებთ… ჯერ ჩვენგან არის შეთავაზება და მონახაზი. საბოლოოდ ჩვენც არ ვართ ჩამოყალიბებული. საპარტნიორო ფონდთან თუ მიხვალ, პროექტი უნდა გქონდეს მზად და შესთავაზო თანამშრომლობა. ამ ეტაპზე, ასე უცებ მისვლა, არასერიოზულია“.

მახინჯაურში დაგეგმილი პროექტი „კაპიტოლ ჰოლდინგისთვის“ პირველი იქნება აჭარაში. გოჩა ჯაიანის თქმით, სასტუმროს აშენება უშუალოდ ზღვის სანაპიროსთანაც სურთ: „გვინდა, მაგრამ ვერ შევარჩიეთ ვერაფერი… ბათუმში აღარც არის ადგილი და გონიოსკენ გვაქვს გეგმაში, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია“.

P.S. სტატია „ბათუმელებში“ დაიბეჭდა 3 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, საკუთარი შვილობილი ფონდის “საქართველოს ტურიზმის განავითარების ფონდის” პრეზენტაცია გამართა. ტურიზმის განვითარების ფონდმა 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს, მათ შორის ერთი აჭარაში:

  • მწავნე კონცხის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სპა კომპლექსი 5*
    ჯამური ინვესტიცია: 110$ მლნ.
    დასრულება: 2019

ხორციელდება თუ არა ეს პროექტი იმ ტერიტორიებზე [ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“] რომლებიც „სტატოტელს“ მიყიდეს? – ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა პროექტებზე და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ პროექტთან დაკავშირებით სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ცოტა ხნით ადრე იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალიც გამოითხოვა, რომელთა განხორციელება სამომავლოდ იგეგმება აჭარაში. სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში „სტატოტელის“ პროექტზეც არაფერი იყო ნათქვამი.

ამავე თემაზე:

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: