მთავარი,სიახლეები

“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ნუკრი ბეჟანიძე დებატებში არ მონაწილეობს

05.10.2016 • 2016
“ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ნუკრი ბეჟანიძე დებატებში არ მონაწილეობს

ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ნუკრი ბეჟანიძე საჯარო დებატში არ მონაწილეობს. ხვალ, 6 ოქტომბერს ბათუმის ცენტრალური უბნის მაჟორიტარი კანდიდატების დებატს არასამთავრობო ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის” აწყობს. წინასაარჩევნო დებატი ბათუმის კონსერვატორიის შენობაში, საღამოს 6 საათზე დაიწყება.

“ქართულმა ოცნებამ დღეს უარი გვითხრა დებატში მონაწილეობაზე, თუმცა მათ აქვთ საშუალება შეცვალონ გადაწყვეტილება დღის ბოლომდე. დებატებში 8 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას,” – უთხრა “ბათუმელებს” შეხვედრის კოორდინატორმა, რატი რატიანმა.

“ნუკრი ბეჟანიძე ვერ მიიღებს ამ დებატში მონაწილეობას, რადგან ხვალ სხვა შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი,” – გვითხრეს “ქართული ოცნების” პრესსამსახურში. კითხვაზე, რატომ ვერ მიიღო მონაწილეობა “ოცნების” კანდიდატმა გუშინდელ სატელევიზიო დებატში, პრესსამსახურის წარმომადგენელმა, თეონა ლალიაშვილმა ამის მიზეზად ასევე შეხვედრა და მოუცლელობა დაგვისახელა.

„ოცნების“ კანდიდატს გუშინ, 4 ოქტომბერს წინასაარჩევნო დებატში მონაწილეობისკენ მოუწოდა არმაზ ახვლედიანმა, ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა. ნუკრი ბეჟანიძეს დღემდე საჯარო ან სატელევიზიო დებატში მონაწილეობა არ მიუღია.

ორგანიზაციაში “შენ დემოკრატიისთვის” გვითხრეს, რომ ხვალინდელ დისკუსიაზე კანდიდატები ბათუმის 69-ე ოლქიდან პარლამენტში წინასაარჩევნო პროგრამებს წარმოადგენენ, რომლის შემდეგაც მკაცრად რეგლამენტირებულ დროში ისინი ერთმანეთს დაუსვამენ შეკითხვებს. შეხვედრა ღიაა და კანდიდატები უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებსაც. წინასაარჩევნო დებატს მოდერაციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუწევს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: