მთავარი,სიახლეები

მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

04.10.2016 • 2123
მალხაზ ნაკაშიძე: ისეთი პარტიებიც ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო,“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე. აქამდე ის მხოლოდ აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული. კონსტიტუციონალისტია და კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის 69-ე ოლქში აპირებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. ის წარმოადგენს მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

პაატა ბურჭულაძის ბლოკის ირგვლის განვითარებულმა მოვლენებემა, თქვენი აზრით, როგორ იმოქმედა ამომრჩეველზე? მოახერხეთ სიცხადის შეტანა, თუ პირიქით, უფრო მეტი ეჭვი გაჩნდა ამ ბლოკის მისამართით?

იყო გარკვეული პრობლემები, საარჩევნო პროცესია. ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ პოლიტიკური სისტემა იყოს ორპოლუსიანი და რეალურად მათ აწყობთ ერთმანეთი. ეს დარტყმები და შემოტევა მოსალოდნელიც იყო. კონკურენცია მაღალია და კონკურენტუნარიანი კანდიდატები გვყავს. ვაგრძელებთ ბრძოლას. მე ისეთივე შემართებით ვარ, როგორც ადრე.

ამომრჩევლისგან რას გრძნობთ, ახერხებთ მათ დარწმუნებას ბლოკში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ?

არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა რაღაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. პაატა ბურჭულაძეს საკმაოდ კარგად ხვდება ხალხი, იგრძნობა ნდობა. ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, აქვს შეკითხვები, ეს ადრეც იყო. ნაწილი ამბობდა, რომ ვართ „ნაციონალების“ სატელიტი, სხვები ამბობდნენ, რომ ივანიშვილის პროექტი ვართ. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ხალხი, პროფესიონალები და ეს პარტიული დაყოფა უნდა დასრულდეს. ამომრჩეველი რეალურად აფასებს პროცესს.

როცა საუბრობთ პროფესიონალიზმზე, თქვენ პირადად რა ფაქტორის გამო ენდეთ პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება საერთოდ არ აქვს?

არიან ადამიანები, ვისაც არ ჰქონიათ გამოცდილება, მაგრამ შეიძინეს. პაატა ბურჭულაძე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა და ხალხს მის მიმართ აქვს რწმენა, ნდობა. პარტიებიც გავერთიანდით მის გვერდით [მალხაზ ნაკაშიძე არის პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრი]. ბლოკის გაერთიანება გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ რაღაც რესურსები გაგვეერთიანებინა. აქ იყო საერთო ხედვები ეკონომიკის, თუ სოციალური პროგრამების კუთხით.

გაერთიანების ნაცვლად დაშლის პროცესი გააქტიურდა – ძალიან ბევრმა თანამებრძოლმა დაგტოვათ. 

ადამიანები სხვა პარტიებსაც ტოვებენ… მე ისეთი პარტიები ვიცი, სადაც საერთოდ არ შედის ხალხი. მხოლოდ თვითონ და საკუთარი ოჯახის წევრები არიან. ნორმალურია, როცა ვიღაცა შედის, ვიღაც – გადის.

ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია?

ნორმალური არ არის, მაგრამ საარჩევნო პერიოდია. ჩვენ საკმაოდ დაჩქარებულ ტემპში მოგვიხდა მოძრაობის ჩამოყალიბება. შეიძლება არ იყოს ეს პროცესი სასიამოვნო, მაგრამ მოხდა ასე… შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა გარედან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენზე ხდება ზეწოლა.

თქვენი საარჩევნო სიის პირველ ნომერს, გიორგი კალაძეს თუ იცნობდით არჩევნებამდე?

არ ვიცნობდი, აქ გავიცანი.

რატომ თვლით, რომ მისაღებია ამგვარი მიდგომა, როცა საარჩევნო სიის პირველი ნომრად სახელდება პოლიტიკური წრეებისთვისაც კი უცნობი ადამიანი? 

ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება… ჩვენ ვართ ერთ საარჩევნო ბლოკში და გარკვეული პრინციპით მოხდა საარჩევნო სიის ფორმირება. ეს ადამიანი არის თავისი საქმის სპეციალისტი, მუშაობდა საარჩევნო შტაბში, აქვს განათლება მიღებული უცხოეთში, აქვს სხვადასხვა მიღწევა, პროექტები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ერთობლივ საქმიანობას…

თქვენ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ახლა გამიჩნდა, როცა ოთხი წელი ვუყურებდი, როგორ სამარცხვინოდ მუშაობდა უმაღლესი საბჭო, სრულიად არაკომპეტენტური ორგანო…. წარმოიდგინეთ, იურისტი არ ყოლიათ და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეც არ იყო იურიდიული განათლების მქონე. შემთხვევით მოხვედრილი ხალხი იბრძოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების გადაანაწილებით. ამას რომ ვუყურებდი, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ გავმხდარიყავი დეპუტატი და ჩემი კვალიფიკაციის შესაბამისად მოვამზადო კანონპოროექტები, მივმართო პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივებით…

რა გაქვთ კონკრეტული ინიციატივა, რაც შეიძლება აისახოს ბათუმზე?

პირველი ის, რომ აჭარის ავტონომიის სტატუსი უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს აჭარის კონსტიტუცია. მაგალითად, აღმასრუბელი ხელისუფლების კონტროლი – დაიბარებენ მინისტრს და ის არც კი მიდის, საერთოდ არ აინტერესებს უმაღლესი საბჭო. საბჭოს მხრიდან მთავრობის კონტროლის მექანიზმი რეალურად არ არსებობს. იგივე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, უმაღლესი საბჭო ამ პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. რომ დადიან დეპუტატები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩამოდიან და ფოტოებს დებენ, ფორმალურ ანგარიშს წერენ ერთგვერდიანს, ეს ხომ არაფერს ცვლის. მაგათი ჩამოყვანილი ინვესტორი არ მინახავს მე…. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს კომისიის შექმნა, რომელიც იმუშავებს აჭარის კონსტიტუციის შეცვლისთვის, უფლებამოსილებები უნდა გაიზარდოს.

თქვენი პოლიტიკური ძალა აქცენტირებს ბიუროკრატიის შემცირებაზე. უფლებამოსილების გაზრდა არ გაზრდის ადმინისტრაციულ რგოლებს და ხარჯებს ამ კუთხით?

პირიქით, შემცირდება რაც არის, იმას უნდა მიენიჭოს რეალური ფუნქცია. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია – თავის დროზე არაკონსტიტუციურად შექმნეს ეს კომისია ერთი ადამიანისთვის. ამ კომისიისთვის რაც იხარჯება, ზედმეტი ბიუროკრატიაა. მითხარით, რა საქმე გააკეთა ამ კომისიამ?… თანაც ანალოგიური საქმის გაკეთება შეუძლია იურიდიულ კომისიას, რომელიც უმაღლეს საბჭოში არსებობს.

მოითხოვთ ამ კომისიის გაუქმებას, თუ დეპუტატი გახდებით?

შეიძლება დავუჭიროთ მხარი, არ გამოვრიცხავ… ცუდად ჟღერს ცოტა ადამიანის უფლებათა კომისიის გაუქმება, მაგრამ ფაქტია, რომ დამატებითი ბიუროკრატიაა… მე მოვითხოვ ამ ხარჯით განათლების პროგრამა გაძლიერდეს. რეალურად ძალიან ცოტა სტუდენტს უფინანსებენ უცხოეთში სწავლას. ეს უფრო მიზნობრივი საქმე მგონია.

ბათუმის რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს თქვენგან, კონკრეტულად ბათუმისთვის რა შეიძლება შეცვალოთ უმაღლესი საბჭოდან?

ძირითადი პრობლემები არის სოციალური. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შემცირდეს ან გაუქმდეს გადასახადების ნაწილი. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესის, ამას კი სჭირდება წახალისება… ვფიქრობ, ჩვენი პროგრამა ამ კუთხით არის რეალური და შედეგზე ორიენტირებული. გარდა ამისა, პრობლემაა მშენებლობები, რომელსაც სჭირდება მკაცრი რეგულაციები და ამ კუთხითაც მექნება საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში. ხშირად გვესმის დეპუტატებისგან, არ აქვს უმაღლეს საბჭოს მეტი უფლებამოსილება და რა უნდა გვექნაო. რის უფლებაც აქვთ, ისიც არ გამოუყენებიათ. მაჩვენეთ რეალური ინიციატივა, რომლითაც, მაგალითად, უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს მიმართა.

ვისთან შეიძლება ითანამშრომლოთ უმაღლეს საბჭოში?

ნებისმიერი ძალასთან შეიძლება ვითანამშრომლო… მაგალითად, უბლოკო სტატუსიო, ვინც იძახის, ან „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ანტითურქული განცხადებები აქვს, ამას არ ვეთანხმები და ამ ნაწილში ვერ ვითანამშრომლებთ. ცალკეულ საკითხებზე შესაძლებელია მსჯელობა და თანამშრომლობა.

თქვენი პარტიული სია გამორჩეული აღმოჩნდა იმითაც, რომ არ გყავთ არც ერთი ქალი. ამას აღიქვამთ თუ არა პრობლემად?

კი, პრობლემაა. ძალიან ბევრი ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა…. მოკლე დროში მოგვიხდა კანდიდატების შერჩევა და ეს დრო არ იყო საკმარისი.

მამაკაცების შესარჩევად საკმარისი იყო?

როგორ გითხრათ… როგორც ჩანს, ქალები ძალიან რთულად იღებენ გადაწყვეტილებას, როცა საქმე პოლიტიკას ეხება.

აჭარლობაზე მინდა გკითხოთ. ეს თემა თქვენმა ლიდერმა გააქტიურა, აჭარაში ადგილობრივები უნდა ინიშნებოდნენო. თქვენ თავი აარიდეთ ამ თემაზე დისკუსიას, რაც „ბათუმელებმა“ შემოგთავაზათ. ვინ მიაწოდა ამ თემაზე ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს და თვლით თუ არა, რომ ეს იყო შეცდომა? 

არ ვიცი, ვინ მიაწოდა პაატა ბურჭულაძეს ეს ინფორმაცია. არ მქონია მე მასთან ამ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ მაინც სხვანაირად იყო ნათქვამი. მან იგულისხმა ის, რომ თანამდებობებზე ბათუმში მცხოვრები ადამიანებიც უნდა ინიშნებოდნენო… ეს გზავნილიც არ იყო სწორი. არ ვფიქრობ, რომ უნდა დავყოთ ადამიანები, ამოსავალი უნდა იყოს პროფესიონალიზმი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: