მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

03.10.2016 • 4149
რატომ ვერ ხერხდება სკოლაში უცხო ენის შესწავლა რეპეტიტორების გარეშე

როგორ ისწავლება საჯარო სკოლებში ინგლისური ენა, და რა დონეს ფლობენ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები?

ინგლისური ენა რამდენიმე დონედ იყოფა. იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად წერა-კითხვა, მოსმენილის გააზრება და კომუნიკაცია, საშუალო საფეხურზე (ინტერმედიატე) მაინც უნდა იყოს. თუმცა საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას დაბალი საფეხურის (A1) სახელმძღვანელოთი გადიან. ინგლისური ენის ტრენერი მასწავლებელი, ქეთი პაპავა მიიჩნევს, რომ პრობლემა სახელმძღვანელოებზე მეტად, სისტემაშია.

რა განაპირობებს უცხო ენის წარმატებულად სწავლას და რატომ ვერ აღწევენ მოსწავლეები შედეგს დამხმარე კურსის გარეშე? „პირველი, რაც წარმატებულ სწავლას განაპირობებს, სწავლის პროცესში მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაა. სწავლებაში გადაჯაჭვული უნდა იყოს ოთხივე უნარი: წერა-კითხვა, მოსმენა და საუბარი, რის შესაძლებლობასაც საჯარო სკოლა არ იძლევა“.

ქეთი პაპავა მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში მეტ-ნაკლებად მოგვარდა წიგნების პრობლემა, „თუმცა, შავი ხვრელები მაინც არსებობს“.

პედაგოგის აზრით, ერთ-ერთი ასეთი შავი ხვრელი დაწყებითი საფეხურის წიგნებია, რომელიც ინგლისურენოვან გარემოზეა გათვლილი.

„ამ წიგნებით უცხოელები სწავლობენ, მაგრამ ის უცხოელები, რომლებიც უშუალოდ არიან ინგლისურენოვან გარემოში“.

შემდეგი პრობლემა, პედაგოგის აზრით, მოსწავლის განსხვავებული უნარებია. „ზოგმა კარგად იცის ენა, ან ადვილად შეუძლია შეითვისოს, ზოგს ნაკლებად. მასწავლებლის გაკვეთილიც ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეზე. რეალურად, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან კლასში 36 და ზოგჯერ 40 მოსწავლეც კი უზის მასწავლებელს“, – გვეუბნება ქეთი პაპავა.

პედაგოგის აზრით, ასეთ გარემოში მასწავლებელს ვერ მოსთხოვ, ყველა მოსწავლის შესაძლებლობა გაითვალისწინოს.

„გარდა იმისა, რომ კლასები გადატვირთულია, საათების რაოდენობა არ შეესაბამება სტანდარტს. როცა კლასში არის 35 მოსწავლე და არ იყოფა კლასი, ეს პრობლემაა. რეალურად ჯგუფში უნდა იყოს მაქსიმუმ 15 ბავშვი. ამას ითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმაც. შესაბამისად, ეს ნორმაც დარღვეულია“, – გვეუბნება ქეთი პაპავა. მისი თქმით, ცუდი წრეა შეკრული, – ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგს ავალებს, რომ გაყოს კლასი უცხო ენაში, მათემატიკაში, ქართულში, რადგან ეს არის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე აგებული საგნები, სკოლას კი ამის ფიზიკური და ფინანსური რესურსი არ აქვს.

აზრს იმის შესახებ, რომ უცხო ენის სწავლების დროს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა პრობლემებს ქმნის, ინგლისური ენის კიდევ ერთი პედაგოგი, ათინა თოიძეც იზიარებს.

„მოსწავლისგანაც და პედაგოგისგანაც ვითხოვთ მაქსიმუმს, დატვირთულია სასწავლო გეგმა, ამ დონის მასალის მიწოდება ორ საათში წარმოუდგენელია, რადგან ინგლისურ ენას მხოლოდ ორი საათი ეთმობა კვირაში“, – გვეუბნება ის.

„მოსწავლესთან ვერ მიგვაქვს იმდენი, რამდენიც გვევალება“, –  ამბობს ათინა თოიძე. ინგლისური ენის ცენტრებში კი ერთ გაკვეთილს მინიმუმ 2 საათი ეთმობა. „გარდა მოსწავლეთა სიჭარბისა, კლასები არ არის ტექნოლოგიურად აღჭურვილი. რომ იყოს შესაძლებლობა მოსასმენი დავალებების გაკეთების, მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა“.

პედაგოგების აზრით, რადგან დღევანდელი სკოლები ვერ აგვარებენ ფინანსურ და მატერიალურ პრობლემებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უცხო ენების სწავლების სტანდარტი საჯარო სკოლებში კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

silk-ipn

„თუმცა, ის მიდგომა, რომ სკოლაში ენას ვერ ისწავლი, მცდარია. ისიც მცდარია, რომ   კერძო სკოლაში უკეთ ისწავლიან, რადგან ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია“, – გვეუბნება ქეთი პაპავა.

„ბათუმელების“  კითხვაზე, რატომ გადიან მე-10-კლასელები დაბალი საფეხურით ინგლისურს? – ქეთი პაპავას თქმით, „მეათე კლასი არის ახალი საფეხური, ანუ ერთგვარი სტარტაფი, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ენის სწავლა თავიდან დაიწყოს. მეათე კლასში შეიძლება დაჯდეს მოსწავლე, რომელიც საერთოდ არ სწავლობდა ან ცუდად სწავლობდა ენას. ამიტომ A2 ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლემ ამ ეტაპზეც აითვისოს ენა.

მე-11 კლასი არის B1 და მე-12 კლასი B1+, რომელიც თუ ტესტირებას დავაკვირდებით, აძლევს ცოდნას მოსწავლეს, რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდებიც“.

თუმცა, ათინა თოიძის თქმით, აბიტურიენტის დონე ინგლისური ენის საშუალო საფეხურს არ მიესადაგება. „ვერანაირად ვერ იქნება ეს UPPER-ინტერმედიატე, ძლივს აღწევს უფრო დაბალ, ანუ  ინტერმედიატე-ს საფეხურს, რომელსაც მინიმუმ აკმაყოფილებენ ისინი, ვისაც მაღალი ქულები სჭირდება“.

რამდენად შესაძლებელია შეიცვალოს სასწავლო ბადე და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მიესადაგოს ევროპულ სტანდარტს? – პედაგოგების აზრით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

„ამის რესურსი არ არის, რადგან ევროპაში მოსწავლეს შეუძლია გარკვეული დროის შემდეგ ჰქონდეს ლანჩი, გარეთ გავიდეს, შეისვენოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვები არ გადაიღალონ. საკლასო ოთახები არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს, ის, რომ მოსწავლეს საკლასო ოთახში სჭირდება თავისი სივრცე, დადგენილი სტანდარტია. სივიწროვე, უჰაერობა იწვევს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. ჩვენთან კერძო სკოლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს“, –  ამბობს ქეთი პაპავა.

გარდა ამისა, როგორც პედაგოგები ამბობენ, ყოველი მოდულის შემდეგ სასწავლო გეგმა ტესტირებას ითვალისწინებს, რასაც პედაგოგები ვერ ახერხებენ.

„შემაჯამებელს რამდენიმე მოდულის შემდეგ ვაკეთებთ. არ ყოფნის საათები. ორი ძალიან ცუდი ფაქტორი, – საათობრივი ბადე და მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა განაპირობებს  იმას, რომ ვერც მასწავლებელი და ვერც მოსწავლე გაკვეთილზე ვერ აკეთებს იმას, რაც გათვალისწინებულია. ეს არის გაკვეთილი გაკვეთილისთვის“, –  გვეუბნება ქეთი პაპა.

ათინა თოიძის აზრით, სასურველია ის მაინც შეიცვალოს, რომ მე-12 კლასში დაემატოს უცხო ენის საათები და აბიტურის საათი ფორმალური აღარ იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: