მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნეს

დამოუკიდებელი კანდიდატი ზაურ გოგიტიძე, რომელიც ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, მუხრან ვახტანგაძის სასარგებლოდ ხსნის. კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი გახდა.

ჟურნალისტების კითხვაზე,  დათმო თუ არა არჩევნები „ქართული ოცნების“  წევრობის სანაცვლოდ? ზაურ გოგიტიძე ამბობს: „ამ ეტაპზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“.

ზაურ გოგიტიძე თვითმმართველობის არჩევნებში, ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“ სახელით მონაწილეობდა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თვითონ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ პარტიის წევრობა და კანდიდატურის მოხსნა, თუ პირიქით? – ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ  ეს მისი ინიციატივა იყო: „აქ არის კიდევ ერთი მომენტი, მუხრანთან ვმეგობრობ და პატივს ვცემ“.

ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია. მისი თქმით, დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს პროექტზე – „ქართველთა მსოფლიო ცენტრი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com