კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

03.10.2016 • 3766
საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო.

„პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური ნიშის დაკავებას აქციებიდან, საკუთარი სატელევიზიო სტუდია „ობიექტივიდან“ თუ წინასაარჩევნოდ გამოცემული გაზეთიდან თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე საუბრით ცდილობს. „პირდაპირ, ღიად ვამბობ, რომ თურქეთს აჭარის და აფხაზეთის მიტაცების ინტერესი აქვს,“ – აცხადებს ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი. მისი ინფორმაცით, აჭარაში დაახლოებით 40 ათასი თურქი ცხოვრობს:

„2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ისინი მოითხოვენ რეფერენდუმს და აჭარა გამოეყოფა საქართველოს, გადავა თურქეთის ხელში“, – ვკითხულობთ პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცემულ გაზეთში.

„ბათუმელებმა“ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა 2005 წლიდან დღემდე, მთლიანობაში,  თურქეთის 5 802 მოქალაქეს მიენიჭა. მათგან ორმაგი მოქალაქეობის მქონეა [საქართველო – თურქეთი] 2196 პირი, რომელთაგან უშუალოდ ბათუმში რეგისტრირებულია – 1252.

IMG_9649

ბათუმი / თორნიკე თავაძის ფოტო

რა მონაცემზე დაყრდნობით აცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“, რომ საქართველოში 40  ათას ეთნიკურად თურქს აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა? – დავით თარხან-მოურავმა „ბათუმელებთან“ საუბარზე უარი თქვა. ალიანსის კიდევ ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ პარტიამ საკუთარი ძალებით ჩაატარა მოკვლევა და ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობა: „ჩვენს გაზეთში რაც წერია, სხვა თემაა. არ ვიცი და ჩემი მონაცემებით, ეს მონაცემი 20 ათასს აჭარბებს. ჩვენი წყაროები გვყავს და ჩავატარეთ აღრიცხვა. არ გვაქვს უფლება? მგონი, ვალდებული არ ვარ, საქმიანობის დეტალებზე თქვენ გესაუბროთ… სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად იძლევიან ოფიციალურ პასუხს, მაგრამ ეს პასუხები რეალობას აცდენილია.“

კითხვაზე, როგორ შეიძლება ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი აჭარის საქართველოდან გამოყოფაზე, როცა ამ ტიპის საკითხის რეფერენდუმზე გატანას ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს? – ირმა ინაშვილი გვპასუხობს: „თუ იმდენი თურქი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, რომ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, რეფერენდუმს ჩაატარებენ კი არა, ხელისუფლებასაც შეცვლიან აჭარაში… თქვენ მასე ხედავთ კანონს, მე სხვაგვარად ვხედავ. თქვენ იმასაც ვერ აანალიზებთ, რომ თურქების რაოდენობა 5 ათასზე მეტია. გეუბნებით, რომ შექმნიან პოლიტიკურ პარტიას, მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და გეყოლებათ თურქი მერი.“

„ყარსის ხელშეკრულება ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას არ ითვალისწინებს,“ – გვითხრა ნინო ტავლალაშვილმა. ის მაჟორიტარი კანდიდატია მოძრაობიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და საიას ყოფილი ხელმძღვანელი: „გარდა ამისა, 1992 წელს თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი ჩარჩო დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ტერიტორიული საზღვრების გადაუსინჯველობის საკითხი. მით უმეტეს, გამორიცხულია რეფერენდუმის ჩატარება თემაზე, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ… ალიანსის განცხადებები არის თურქოფობიური, მაგრამ ჩვენი საზოგადოება გონიერია და ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს არ მიიღებს.“

„პოლიტიკური უმწიფრობაა საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა, რომელთანაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, არის ოკუპანტი. ოკუპანტი არის რუსეთი,“ – ამბობს დავით ბერძენიშვილი. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ მიდგომით ალიანსი პოლიტიკური ნიშის დაკავებას ვერ შეძლებს და იგი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს: „მეზობელ ქვეყნებს ისტორიაში სასაზღვრო ტერიტორიებზე მუდმივად ჰქონდათ პრობლემები. რამდენგზის ოკუპანტია საფრანგეთი გერმანიის და პირიქით? რამდენგზის ოკუპანტია ნებისმიერი მეზობელი ნებისმიერ მეზობელთან? ამიტომ ესა თუ ის საუკუნე არ არის საფუძველი იმისა, რომ ოკუპანტი დაარქვა მეზობელ ქვეყანას. ამასთან, ეს ძალიან სახიფათო ნაბიჯებია. არ შეიძლება 80-მილიონიანი სტრატეგიული პარტნიორისგან მტრის ხატის შექმნა. არ ვიცი, გააზრებული აქვთ თუ არა, მაგრამ ეს არის რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, მეტი არაფერი. ვფიქრობ, ამომრჩეველი არ მიიღებს ამ გზავნილს, რადგან ის გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე თარხან-მოურავი.“

კობა ჩხეიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ფრთხილად უნდა მოეკიდონ ამ ტიპის განცხადებებს: „შესაძლოა მათმა ავტორიტეტმა საკუთარ ამომრჩეველში გამოიწვიოს ანტაგონისტური განცდების გაძლიერება, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას დააზიანებს. საფრთხის შეგრძნება არის მაშინ, როცა ვერ ხედავ სხვას. ბოლო წლების განმავლობაში მინელებულია ეს პრობლემა, რადგან გამოჩნდნენ იგივე სხვა ეროვნების ტურისტები. განცდა, რომ თურქები დიდი დოზით არიან წარმოდგენილი, აღარ არსებობს.“

„უპასუხო კითხვები კარგს არაფერს მოგვიტანს,“ – ამბობს რომან კაკულია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მერვე ნომერი. მას ვკითხეთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბათუმში თურქული სკოლის გახსნის კანონიერებასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტებები არ გააკეთა და ამით ხელი შეუწყო ანტითურქული პათოსის გაძლიერებას. დეპუტატობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს: „არ ვფიქრობ, რომ ალიანსის ეს გზავნილები შესაძლოა მასობრივად გაიზიაროს საზოგადოებამ. საფრთხე არის მაშინ, როცა პოლიტიკურ ძალას ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, ვისაც შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური სურათის შეცვლა. ჩვენთვის თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით“.

„საუბარი იმაზე, რომ თურქეთი არის დამპყრობელი, ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების უცოდინრობას და დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ვერგაგებას,“ – ამბობს „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, ლევან ცუცქირიძე. ის მიიჩნევს, რომ თურქეთი საკმაოდ სერიოზულად უყურებს საქართველოს როლს რეგიონში და ის მნიშვნელოვანი პარტნიორია, მათ შორის, ნატოს ფორმატში:

„ეს არის ძალიან სახიფათო თამაში გარკვეულ შიშებზე და ყველაზე ბნელ ინსტიქტებზე… როდესაც ისტორიის რაღაც ეტაპზე მიწები მოყვა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, იყო სრულიად განსხვავებული საერთაშორისო სისტემა. დღეს სულ სხვა საერთაშორისო წესრიგია. ასე რომ მივყვეთ, არასდროს დასრულდება ქვეყნებს შორის ომი და კამათი. ასე, მაგალითად, ირანმაც შეიძლება თქვას, რომ ოდესღაც საქართველო მისი ტერიტორია იყო. ამოსავალი თანამედროვე თურქეთია, რომელიც არის სრულიად სხვა სახელმწიფო და დღეს მისთვის ამ პრეტენზიის წაყენება არასწორია. დღეს აღიარებულია საზღვრები საქართველოსა და თურქეთს შორის და ეს აღიარებულია გაეროს მიერაც. რუსეთი იმიტომაც არის ოკუპანტი, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ოკუპანტია.

მე ვინატრებდი, რომ ჩვენ გარშემო ვინც არიან სამეზობლოში, ისეთი პარტნიორები გვყავდეს, როგორიც თურქეთია. სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს და ზეგავლენა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებაზე“.

როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა თურქეთთან, თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება? – „ჩვეულებრივად“ – გვიპასუხა ირმა ინაშვილმა. „რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენი განცხადებები არის თურქოფობიური?… საქართველოში ნებისმიერი ტიპის განცხადება, რომელიც არ მოსწონთ, აღიქმება რაღაც ფობიად. ეს ავადმყოფობად იქცა და კომპლექსად. მე პირდაპირ ვუთხარი თურქეთის ელჩს, თუ ხარ ჩვენი მეგობარი, ნუ განახორციელებთ ფარულ და ღია ექსპანსიას-მეთქი. როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, თურქეთის ხელისუფლებას მოვთხოვთ ამ პროცესების შეჩერებას. მაინცადამაინც ომი კი არ უნდა გამოუცხადო სახელმწიფოს…“

ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს გავლენა თურქეთის ეკონომიკაზე არის ძალიან დაბალი, საქართველოსთვის კი თურქეთი მნიშვნელოვანია ეკონომიკის თვალსაზრისით. მისთვის გაუგებარია, რა სახის ექსპანსიაზე საუბრობს „პატრიოტთა ალიანსი“: „თურქეთმა საერთოდ რომ არ ივაჭროს საქართველოსთან, მის ეკონომიკას ამით დიდად არაფერი დააკლდება, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუკი თურქეთი დაინახავს, რომ ასე მტრულად უყურებს მას მეზობელი. თუკი ეუბნები სახელმწიფოს, რომ შენ ხარ აგრესორი, შენ ხარ ჩემი მიწების წამრთმევი და გაქვს ფარული ანექსიის მიზნები, მაშინ შესაძლებელია, რომ მოითხოვოს ურთიერთობების შეჩერება. თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის აბსოლუტურად არარეალური პოლიტიკა“.

საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ ანტითურქული გზავნილების მიღებას არ გამორიცხავს ლევან ცუცქირიძეც. ის ამის მიზეზად საზოგადოებაში ინფორმაციის დაბალ დონეს ასახელებს: „ძალიან იშვიათია ნახო მედიაპროდუქტი და გაიგო, რა ხდება მეზობელ თურქეთში. თურქეთში მიმდინარე პროცესები დღემდე ვერ გახდა ქართული მედიის თემა… როცა ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, მათ გაუადვილდებათ ერთმანეთისგან გაარჩიონ – რა არის პოლიტიკა და რა, უბრალოდ, შიშები, რომელიც ხშირად ჩნდება ადამიანების ცხოვრებაში“.


 

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: