მთავარი,სიახლეები

პეტრე ზამბახიძე: ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები არიან

26.09.2016 • 1574
პეტრე ზამბახიძე: ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები არიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ბათუმის  79-ე საარჩევნო ოლქში არაკომპეტენტური პირები მუშაობენ. მისი თქმით, ოლქი უარს ეუბნება საარჩევნო სიის გადამოწმებაზე, რაც ოლქის მოვალეობაა.

„საოლქო საარჩევნო კომისია უარს აცხადებს საარჩევნო სიების შემოწმებაზე და სიებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე. ჩვენ გვაქვს პასუხი ოლქის თავმჯდომარისგან, რომელიც აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებას აკეთებს და ამბობს რომ სიების დაზუსტება ოლქის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ როცა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ოლქი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ აცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას“-აცხადებს ის.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა მოტივით თქვა უარი ოლქმა სიების გადამოწმებაზე, პეტრე ზამბახიძე ამბობს: „სიებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში 2014 წლისთვის იყო ერთი ნორმა, 185-ე მუხლის მეხუთე პრიმა, ახალი კოდექსის მიხედვით, არ არსებობს დათქმა ამ მუხლის რაიმე ფორმით გამოყენებაზე. მუხლი, რომლითაც მპასუხობს ოლქი რომ ამის უფლება არ მაქვსო,  ამ მუხლში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში  რეგისტრირებულ ამომრჩეველზე. როცა ჩვენ ვეუბნებით რომ გადაწყვეტილება მიიღოს საარჩევნო კოდექსის 31 მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს იმას რომ ოლქმა უნდა გადაამოწმოს ამომრჩევლის სიები, ამაზე არ გვპასუხობს ოლქი და გვპასუხობს იმაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ იყო სია შედგენილი. უკვე ვხვდები რა მძიმე პერიოდი ექნებათ დამკვირვებლებს, ამ საარჩევნოდ ამ ოლქში მუშაობის დროს. როგორც ჩანს კანონშიც ვერ ერკვევიან, არაკომპეტენტურები არიან“-აცხადებს ის.

პეტრე ზამბახიძემ სხვა ტიპის საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხშირია საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტები.

„გარდა ამისა, ხულოში დაფიქსირდა ფაქტი, რომ სამამულო ომის გმირების მემორიალურ დაფაზე გააკრა „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატები, რაც რა თქმა უნდა ეს არასწორია, რადგან არღვევს საკრებულოს გადაწყვეტილებას“.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საარჩვენოდ ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებენ: „საარჩევნო აგიტაციის დროს სამსახურეობრივი ავტომანქანებითაც დადიან, ჩვენ ამ ფაქტებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ“-ამბობს ის.  „ბათუმელების“ კითხვაზე, შეუძლია თუ არა კონკრეტული პირების დასახელება, ვინც ადმინისტრაციული რესურსით ისარგებლა, პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, ამჯერად კი მხოლოდ ერთ საჯარო მოხელეს, ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილეს ასახელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: