ბათუმის საკრებულოში შესაძლოა 10 ადგილი გათავისუფლდეს

თავმჯდომარის, მოადგილისა და ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელების ჩათვლით  ბათუმის საკრებულოს სამი წევრი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, ექვსი კი აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იყრის კენჭს. მათგან სამი მაჟორიტარია. კანონმდებლობა მაჟორიტარის მიერ გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

უმაღლეს საბჭოში თუ საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად სხვადასხვა პარტიიდან ბათუმის საკრებულოს 10 წევრი იყრის კენჭს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ბათუმის საკრებულო სულ 25 წევრისგან შედგება.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობს. ის „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს სიაში მესამე ნომერია. თუ პარტია უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მოიგებს, ირაკლი ჭეიშვილი საკრებულოს დატოვებს. ვინ ჩაანაცვლებს მას საკრებულოში? – კითხვაზე პარტიაში პასუხი არ აქვთ: „ჯერ არ არის ცნობილი“.

პროპორციული წესით ჩანაცვლების შემთხვევაში კანონმდებლობა პარტიებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ საკრებულოში მათივე პარტიის წევრის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილზე ჩაანაცვლონ არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2014 წელს წარდგენილი საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი, არამედ სიაში მყოფი სხვა პირიც. „ოცნებაში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ ვინ ჩაანაცვლებს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მისი უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში.

პროპორციული წესითაა არჩეული საკრებულოში ნატალია ზოიძეც. ის `ქართული ოცნების~ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მე-10 ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში მისი ადგილიც გათავისუფლდება.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი. ის „რესპუბლიკურმა“ პარტიამ ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. ირაკლი ჩავლეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პარტია ჩანაცვლების პრინციპით ვერ იმოქმედებს, რადგან ის საკრებულოში მაჟორიტარული წესითაა არჩეული. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

„რესპუბლიკელებიდან“ საკრებულოს კიდევ ერთი წევრი იყრის კენჭს. ზაურ ახვლედიანი საკრებულოში პროპორციული წესითაა არჩეული. გამარჯვების შემთხვევაში მას საკრებულოში ლალი ანდღულაძე ჩაანაცვლებს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ სამკაციანი ფრაქციიდან სამივე არჩევნებში მონაწილეობს. ფრაქციის თავმჯოდომარე კობა ჩხეიძე პარტიის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია. უმაღლეს საბჭოში არჩევის შემთხვევაში გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ის საკრებულოში მაჟორიტარული წესითაა არჩეული. მაჟორიტარული წესითაა არჩეული ჯაბა ბერიძეც. ის „თავისუფალმა დემოკრატებმა~ ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინეს. ნინო ბერაძე კი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიას ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში 69-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბერაძე არჩევნებს მოიგებს, საკრებულოში მისი ადგილი შეიძლება დაიკავოს გიგა მოწყობილმა. ამ დროისთვის ის აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ აპარატს ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. ის პარტიამ 69-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. მის ნაცვლად რიგითობის მიხედვით შეიძლება საკრებულოში შევიდეს ნაზი ფუტკარაძე. ის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან.“ თუმცა, ამაზე დაზუსტებული გადაწყვეტილება არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიუღიათ.

საკრებულოს ოპოზიციის ეჭვები საკრებულოს წევრის, დავით თედორაძის „ოცნებასთან“ დაახლოებაზე გამართლდა. „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მეხუთე ნომრად ჩაწერეს საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ დავით თედორაძე. ისიც პროპორციული წესითაა არჩეული. არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, საარჩევნო სიის მიხედვით საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ ალექსანდრე ჩხარტიშვილი უნდა შევიდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას საკრებულოში შესვლა არ სურს, ამიტომ პარტია დავით თედორაძის ადგილის ჩანაცვლებას ელგუჯა პაიჭაძით გეგმავს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის – „დემოკრატიული მოძრაობა“ – უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერია საკრებულოს წევრი ამავე პარტიიდან გიორგი ცინცქილაძე. ვინ ჩაანაცვლებს მას, თუ ის უმაღლეს საბჭოში შევა, ჯერჯერობით უცნობია.

ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები საკრებულოებში გამოთავისუფლებული ადგილების შესავსებად არ ჩატარდება. თუ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, კანონმდებლობა საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს არ ითვალისწინებს.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი