როგორ რეაგირებს სახელმწიფო იარაღის უკანონო ტარებაზე

„მირჩევნია აღმოვჩნდე ციხეში, ვიდრე – სასაფლაოზე,“ – ასე ახსნა „ბათუმელებთან“ ჯელალ ქიქავამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. აჭარაში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა გასულ კვირას საჯაროდ თქვა, რომ შეიარაღებული დადის. ჯელალ ქიქავა არ არის ის პირი, ვისაც კანონმდებლობის მიხედვით იარაღის ტარების უფლება აქვს. „რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, როცა მოქალაქე ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებს?“ – ამ კითხვაზე შსს-დან გვიპასუხეს: „დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები“.

„Walter“-ის სისტემის იარაღი მაქვს გაფორმებული 2003 წლიდან. შენახვის უფლება მაქვს, ტარების – არა, მაგრამ ვატარებ საღამოობით… მოხელესთან დამაქვს გასაწმენდად. თუ საჭირო დარჩა ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის, მხოლოდ მაშინ გამოვიყენებ,“ –  გვითხრა ჯელალ ქიქავამ. მანამდე მან „ტელეარხი 25“-ის ღია ეთერში განაცხადა: „ყველაზე დიდი, რაც არის, არის ოჯახის დაცულობა. თუ გინდათ, რომ იყოთ დაცული, იყიდეთ იარაღი და ოფიციალურად ატარეთ. მე თოფის ტარების უფლებაც მაქვს…“

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა არ აძლევს ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებას. 2003 წელს მიღებული კანონით, „იარაღის შესახებ“ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონკრეტული სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილ პირებს. ძირითადად ესენი არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და იუსტიციების სამინისტროების, სასჯელაღსრულების სისტემის მოხელეები, დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე პირები, მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.

კანონით ასევე მკვეთრად გამიჯნულია ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება. პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ თუკი პირს მხოლოდ იარაღის შენახვის უფლება აქვს, რაც ჯელალ ქიქავამ დაგვიდასტურა, მას იარაღის გადატანისას, ყოველ ჯერზე, შესაბამისი დროებითი მოწმობა სჭირდება:  „იარაღის ტარება დაუშვებელია ყველა შემთხვევაში, როცა პირს გააჩნია მხოლოდ შენახვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა. ასეთ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა უნდა მოხდეს იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას, უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გადაადგილოს თავის საკუთრებაში არსებული იარაღი. იარაღის შენახვა გულისხმობს იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვას ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება. ასევე უნდა გამოირიცხოს გაუთვალისწინებელი, უნებლიე გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა“.

საიას იურისტს ასევე ვკითხეთ, რა რეგულაციით ხდება რისკების დაზღვევა, როცა პირს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან ტარების უფლება ეძლევა. პაატა დიასამიძის თქმით, კანონი ამ კუთხით 2015 წლის პირველი ნოემბრიდან გამკაცრდა და იარაღის დარეგისტრირების პროცედურის გავლა მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი:

„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის, პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების პერიოდი ერთი წელია.“

ამავე კანონის მიხედვით, სამოქალაქო იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პაატა დიასამიძე: „იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ზომები ირგვლივ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.“

„ჩვენთან ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა. ჯელალ ქიქავას აქვს სანადირო იარაღიც, რომლის ტარების უფლება აქვს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. ამ უწყებას „ბათუმელებმა“ ჯელალ ქიქავას საჯარო განცხადებიდან 5 დღის შემდეგ ჰკითხა, მოახდინა თუ არა რეაგირება პოლიტიკოსის საჯარო განცხადებაზე. იმავე დღეს უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ დაიწყო წინასაგამოძიებო მოქმედება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი