სკოლები ყველაზე მეტი პირველკლასელით

ბათუმის თორმეტმა სკოლამ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებამდე პედაგოგის 33 ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანსიები, ძირითადად, დაწყებითი განათლების საფეხურზეა, რაც პირველკლასელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო განპირობებული. რომელ სკოლებს ჰყავთ ყველაზე მეტი პირველკლასელი, ვინ რამდენი მასწავლებელი აიყვანა ახალი სასწავლო წლისთვის და როგორ მიმდინარეობდა პედაგოგთა შესარჩევი კონკურსი?

„პირველკლასელთა ნაკადის ზრდის გამო სკოლებმა დაწყებითი კლასების პედაგოგებზე კონკურსი გამოაცხადეს. სამწუხაროდ, იმდენი სერტიფიცირებული პედაგოგი არ გამოჩნდა, რამდენიც მოთხოვნა იყო, ამიტომ რიგმა სკოლებმა ჩვენთან შეთანხმებით, დროებით ხელშეკრულებით აიყვანეს არასერთიფიცირებული პედაგოგებიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ სულიკო თებიძემ.

ერთ-ერთი ასეთი ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაა. როგორც სკოლის დირექტორი, გიორგი რუხაძე ამბობს, თავდაპირველად სკოლას 150 ადგილზე ჰქონდა მიღება გამოცხადებული:

„ბოლო რამდენიმე წელია დაწყებით კლასში – 25, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი მაქსიმუმ 29 მოსწავლე უნდა იყოს. ჩვენ ექვსი კლასის გახსნას ვგეგმავდით, მაგრამ ეს 150 ადგილი მალევე შეივსო, მოთხოვნა იყო მაღალი და სამინისტროსთან შეთანხმებით ორჯერ დავამტეთ 25-25 ადგილი. სულ 200 მოსწავლის მიღება შეგვიძლია პირველკლასში. ამ ეტაპზე 190 მოსწავლე გვყავს“, – გიორგი რუხაძე ასევე დასძენს, რომ ამის გამო სკოლა ორცვლიან რეჟიმზე გადავიდა. ასევე გაჩნდა პედაგოგების დამატების საჭიროებაც და დაწყებითი კლასის ოთხ პედაგოგზე გამოცხადდა ვაკანსია, რომელიც www.pedagogi.ge-ზე განთავსდა. როგორც 22-ე სკოლის დირექტორი გვიხსნის, კანონის მოთხოვნაა, რომ პედაგოგი იყოს სერტიფიცირებული ან საგნის გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული შესაბამის საფეხურზე. განცხადების მიღების ამოწურვის შემდეგ კი აღმოჩნდა, ამ კრიტერიუმებს მხოლოდ ორი პედაგოგი აკმაყოფილებდა.

„ორი პედაგოგის ვაკანსია კვლავ გვქონდა და თავიდან გამოვაქვეყნეთ განცხადება. პირობებიც უფრო შევამსუბუქეთ, უკვე ბაკალავრიც შეიძლებოდა და მოთხოვნებში, 1-6 კლასებში რაც ისწავლება, მათგან ნებისმირი საგნის ჩაბარება დამაკმაყოფილებლად ჩავსვით“, – ყვება 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი. თუმცა, სასწავლო წლის დაწყებამდე სამი დღით ადრეც რომ აღარ გამოჩნდა კანდიდატი, გიორგი რუხაძის თქმით, სამინისტროსთან შეთანხმებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად აიყვანეს ისეთი კადრი, რომელიც არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს.

„პრობლემა უფრო დაწყებითის პედაგოგებზეა. აი, ახლა კვლავ გამოვაცხადეთ ვაკანსია მაღალ კლასებში ინგლისური ენის პედაგოგზე. დღეს იყო ბოლო ვადა და შემოსული რვა განცხადებიდან შვიდი სერტიფიცირებულია. ასე რომ, კონკურენცია იქნება მაღალი და კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესოს“, – ამბობს გიორგი რუხაძე.

კვლავ ორი ცვლის რეჟიმში აგრძელებს სასწავლო პროცესს ბათუმის პირველი საჯარო სკოლა. ბათუმის სხვა სკოლების მსგავსად, კვოტები აქაც გაზარდეს – გამოცხადებული 150-დან 175-მდე. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე ამბობს, მოთხოვნა გაცილებით მაღალია.

„ყველას აქ უნდა ბავშვის მოყვანა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მივიღებთ ამდენს. ახალი კორპუსის აშენების შემდეგაც ორ ცვლაში გვიწევს მუშაობა“, – ამბობს მედეა გვენეტაძე. ამ სკოლაში მხოლოდ ორი ვაკანსია იყო გამოცხადებული, თუმცა ერთი ვაკანსია ჩავარდა.

„დაწყებითში ავიყვანეთ სერტიფიცირებული, გამოცდილი მასწავლებელი. მეორე ვაკანსია ფიზიკის მასწავლებელზე გვქონდა, მაგრამ ჩაგვივარდა. 13 საათის მიცემა მინდოდა ახალი მასწავლებლისთვის, რადგან მოქმედ მასწავლებელს ძალიან ბევრი ჰქონდა და არ შეეძლო იმდენის ჩატარება, მაგრამ მათ, ვინც სურვილი გამოთქვეს, ამდენი საათის აღება არ უნდოდათ და ჩვენ ორ მასწავლებელს 13 საათზე ვერ ავიყვანდით, ამიტომ ისევ ძველ მასწავლებელს დავუტოვეთ“, – ამბობს პირველი სკოლის დირექტორი, ხოლო კონკურსთან დაკავშირებით გვიხსნის, რომ ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც გამოცხადებულ ვაკანსიაზე ერთზე მეტი ისეთი კანდიდატის განცხადება მიიღეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ პირობებს. მსგავს შემთხვევაში, მედეა გვენეტაძე ამბობს, რომ საკონკურსო მეთოდად საჩვენებელ გაკვეთილს გამოიყენებს, რადგან ყველაზე კარგად გაკვეთილზე ჩანს მასწავლებლის შესაძლებლობები.

ახალი სასწავლო წლისთვის ახალი პედაგოგი არ აუყვანიათ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში, აქ თავისუფალი საათები შიდა რესურსით შეავსეს:

„როდესაც მზადდება ხელშეკრულებები შიგნით და დირექტორსა და კათედრებზეა დამოკიდებული [სექტემბერში], ვის რამდენი საათი ექნება, ჩვენ შიდა კონკურსს არ ვატარებთ. ანუ ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია სკოლის ტარიფიკაცია და ამიტომ კათედრებზე [პრინციპში კონკურსის გარეშე, მაგრამ კათედრებთან კონსულტაციებით] ვანაწილებთ საათებს. ჩვენს შემთხვევაში ასე იყო. დაწყებითების მასწავლებელი წავიდა სკოლიდან და საათები გამოჩნდა, მაგრამ თანამშრომლებმა კათედრის სხდომაზე გადაინაწილეს ეს საათები და სწორედ ამის საფუძველზე დაიდო ხელშეკრულებები“, – გვიხსნის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია. სასწავლო პროცესი ამ სკოლაშიც ორ ცვლად მიმდინარეობს. სკოლის დირექტორი მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდით გამოწვეულ შესაძლო პრობლემაზეც საუბრობს:

„თავდაპირველად გამოცხადებული გვქონდა 75 მოსწავლის მიღება, შემდეგ მოგვიწია 25 ადგილის დამატება. ახლა გვყავს 94 პირველკლასელი. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თანაბრად გადავინაწილებთ, მაგრამ კარგად რომ აღიქვათ მდგომარეობა, წარმოიდგინეთ, ვთქვათ, სამ კლასში მყავს 25-25 მოსწავლე, მეოთხეს ვხსნი 19 ბავშვისთვის. ამ კლასის პედაგოგს იგივე ხელფასი უნდა გადავუხადო, სკოლას კი 19 მოსწავლის ვაუჩერი დაერიცხება“.

აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს საჯარო სკოლებში – 2 743, ხოლო კერძო სკოლებში – 803, სულ 3 546 პირველკლასელია რეგისტრირებული. ყველაზე მეტი – 200 მოსწავლე მიიღო ბათუმის მე-8 საჯარო სკოლამ, რამაც სამი დამატებითი ვაკანსია გააჩინა სკოლაში. მასწავლებელთა ვაკანსიების სიმრავლით პირველ ადგილზე ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაა, რომელმაც ახალი სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის ხუთ პედაგოგზე გამოაცხადა ვაკანსია. ამ სკოლაში წელს 142 პირველკლასელი მიიღეს.

შედეგები საბოლოო არ არის და სკოლებს შორის მობილობის პროცესში, შესაძლოა, პირველკლასელთა რაოდენობა შეიცვალოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან