zviad dumbadze 1

ბათუმელი პარასპორტსმენი: მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში

27 წლის ზვიად დუმბაძე ბათუმელი პარასპორტსმენია მშვილდოსნობაში. მან ათი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო მარჯვენა ფეხი დაკარგა. ამ სპორტს უკვე მეოთხე წელია მისდევს. ყოველდღიურად სამიდან ოთხ საათამდე ვარჯიშობს, რომ მომდევნო პარაოლიმპიადის – „ტოკიო 2020“ საგზური მოიპოვოს. მისი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა.

„ფეხი 1998 წელს დავკარგე, მანქანაში ვიჯექი, რომელიც აფეთქდა… ახლა პროთეზს ვატარებ… ეს ისეთი ასაკი იყო, რომ კარგად ვერც ვაცნობიერებდი, რა მჭირდა. ალბათ ამიტომაც არ ჩავიკეტე“, – იხსენებს ბათუმელი პარასპორტსმენი და გვიყვება, რომ ბავშვობიდანვე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, თამაშობდა ქუჩის ფეხბურთს, მოზარდობის ასაკშიც ცდილობდა დახმარებოდა საკუთარ თავს და არ ჩაკეტილიყო.

დაამთავრა ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლა [ყოფილი გოროდოკის გიმნაზია]. ამბობს, რომ ყველაზე მეტად საზოგადოების დამოკიდებულება აწუხებდა: „ყველაზე მეტად სიბრალულით რომ მიყურებდნენ, ეს მთრგუნავდა… როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი გამოდის გარეთ და საზოგადოება ამას ფიზიკურად ხედავს, ეცოდება მერე ის…“, – თუმცა სულ ცდილობდა ეს დაეძლია. მოგვიანებით ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მუშაობდა, რის შემდეგაც ოთხი წელი იმუშავა ტელევიზიაში.

„რაღაც ეტაპზე უმნიშვნელო პრობლემები მქონდა, სამსახურიდანაც წამოვედი, სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი… მაშინ გამოჩნდა თამაზ ფუტკარაძე, რომელსაც მანამდეც დიდი ხანია ვიცნობდი, მაგრამ მაშინ შემომთავაზა მშვილდოსნობაში ბედი მეცადა და ერთხელ რომ ვცადე, მას შემდეგ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა არც ვმუშაობ, ყველაფერს მშვილდოსნობაში ვდებ“, – ამბობს ზვიადი. თამაზ ფუტკარაძე მისი ტრენერი და როგორც ზვიადი ამბობს, ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
თითქმის ერთი წელია ზვიადი ფეხბურთს დაუბრუნდა და ამპუტანტთა საფეხბურთო ლიგაში თამაშობს, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის ჰობივითაა: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვილდოსნობაა. მომავალი წლიდან უკვე ჩემპიონატები და საკვალიფიკაციო შეხვედრები იწყება და მთელი ძალები და დრო ამას უნდა დავუთმო“.

როგორც თავად ყვება, „რიო 2016-ზეც“ ელოდა საგზურის აღებას – „საფრანგეთში საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მაღალი შედეგი ვაჩვენე, მეცხრე ადგილზე გავედი… თუმცა საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის სპორტსმენი წავიდა, ვისაც ჩემზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ის ჩემი მეგობარია და არ გამიპროტესტებია… უბრალოდ, მწვრთნელის გამო გული დამწყდა, ჩვენ დიდი შრომა ჩავდეთ და ახლა კიდევ თავიდან ვცდით“.
წვრთნებს ანგისის სპორტულ ბაზაზე გადის. როგორც ამბობს, პირობები აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიან ამინდში დარბაზში ვარჯიშობს, სადაც მხოლოდ 18- მეტრიან დისტანციაზეა შესაძლებელი ვარჯიში. მზიან ამინდში კი მოედანზე, 70- მეტრიან დისტანციაზე ემზადება შეჯიბრებებისთვის.
ყველაზე დიდი მოტივატორი და მისაბაძი მაგალითი მშვილდოსნობაში ბათუმელი პარასპორტსმენისთვის საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძეა. „როცა ასეთი სპორტსმენის გვერდით გიწევს ხოლმე ვარჯიში, მოტივაცია გაქვს, რომ მაქსიმალური გააკეთო. ის ყველა სპორტსმენისთვის მაგალითია“, – ამბობს ზვიადი. ხათუნა ნარიმანიძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად არის დასახელებული.

ზვიადი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ახლა უკვე მისმა ტრენერმა, თამაზ ფუტკარაძემ აჩვენა გზა, სადაც საკუთარი თავი და საყვარელი საქმე იპოვა. არ დარჩა სახლში და არ დანებდა. დღეს კი უკვე თვითონ ცდილობს სხვებს დაეხმაროს.

„მინდა, არავინ ჩაიკეტოს სახლში რაიმე შეზღუდულობის გამო. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა გაიგოს პარასპორტის შესახებ. აი, თუნდაც ფეხბურთი არის შესანიშნავი, პროფესიონალურად თუ არა, გასართობად მაინც. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმესთვის მაგალითი ვიქნები, ამისთვის თავს არ დავზოგავ“, – ამბობს ზვიად დუმბაძე, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების მონაწილე მშვილდოსნობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან